აზერბაიჯანულ „გაბალასა" და თბილისის „დინამოს" მატჩზე გუშინ მომხდარ ინციდენტს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე ეხმაურება. აღნიშნულს შარაშენიძე პროვოკაციად აფასებს და აზერბაიჯანულ მხარეს მიმართავს. განცხადება ელჩმა „რუსთავი2"-თან საუბრისას გააკეთა.
„ეს იყო პროვოკაცია, რომელიც იმ ძალების წისქვილზე ასხამს წყალს, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში განხეთქილების შეტანაში და იმ ურთიერთობების დარღვევაში, რომელიც ორ ხალხს შორის არსებობს. ეს იყო ფაქტობრივად საპასუხო რეაქცია იმისა, რაც თბილისში მოხდა. ამიტომ ჩვენ სასწრაფოდ მივმართავთ, რომ აღიკვეთოს ასეთი მოვლენები, რომ შემდგომში აღარ განმეორდეს. მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, მივმართავ აზერბაიჯანულ მხარეს, რომ სასწრაფოდ იქნეს გამოძიებული ეს ფაქტი", - განაცხადა შარაშენიძემ.
აღნიშნულ ფაქტს გულშემატკივრები უკავშირებენ 2 ივლისს, საქართველოში, „დინამო"-„გაბალას" თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ქართველმა გულშემატკივრებმა გამოფინეს პლაკატი წარწერით - „ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921". 2 ივლისის ინციდენტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ჩვენთვის ძალიან ძვირფასია მეგობრული ურთიერთობა აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და აზერბაიჯანელ ხალხთან. აზერბაიჯანი საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მე, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ სახელმწიფო არავის მისცემს უფლებას, მსგავსი სახის პროვოკაციული ქმედებებით ჩრდილი მიადგეს ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ აზერბაიჯანთან. მე უკვე მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეისწავლოს, ჰქონდა თუ არა ადგილი გავრცელებული ინფორმაციაში მოყვანილ ფაქტებს და, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, მოახდიონოს შესაბამისი რეაგირება კანონის სრული დაცვით",- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.