reportiori.ge - დათო ტაბატაძე: ორიოდე სიტყვა დემოკრატიის რაობაზე...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:51
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
დათო ტაბატაძე: ორიოდე სიტყვა დემოკრატიის რაობაზე...
ავტორი:
10 ივლისი, 2015. 10:30


„დემოკრატია", „პლურალიზმი" და ა.შ....

 

„თავისუფლების ადგილი მხოლოდ იმ საზოგადოებაშია, სადაც უზენაესი ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის".

 

ციცერონი


სიტყვა „დემოკრატიას" დღეს ბევრი პოლიტიკოსი (და არამარტო) სიტყვათა მარაგის შესავსებად იყენებს, ისევე როგორც „სამოქალაქო თავისუფლებას", „პლურალიზმს" და მსგავს გამოთქმებს, რომელთა შეერთებითაც შემდეგ ცდილობენ, „თანამედროვე" წინადადება ჩამოაყალიბონ. სამწუხაროდ, სიტყვების ამგვარი რახარუხი, უმეტესად, მოსაუბრის უცოდინარობას უსვამს ხაზს.


დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბევრმა (მათ შორის მათაც, ვინც ხშირად იყენებს ამ და მსგავს გამოთქმებს) ამ სიტყვების არც მნიშვნელობა იცის და მით უმეტეს, არც წარმომავლობა. დღეს შევეცდები, ვისაუბრო დემოკრატიაზე, მის მნიშვნელობასა და განვითარების გზაზე.


დემოკრატიის იდეა საუკუნეების წინ განვითარდა. მის საწყისებს პირველყოფილ თემურ წყობილებაში ვხვდებით. თემური დემოკრატიისათვის უცხო იყო კლასთა ბრძოლა. გვარების ან ტომების შეკრებაზე ყველა მოზრდილი ადამიანი მონაწილეობდა. ქალები და მამაკაცები ერთად ირჩევდნენ ბელადთა საბჭოს, რომელიც არ სარგებლობდა რაიმე განსაკუთრებული უფლებით. ძირითადი საკითხები წყდებოდა საერთო კრებებზე.


დემოკრატიის შემდგომი სრულყოფა ანტიკურ ხანას უკავშირდება. თვალი გავადევნოთ დემოკრატიის, როგორც ადამიანის უფლებების რეალიზაციის გარემოს ეტაპობრივ განვითარებას.


რას გულისხმობს პირდაპირი დემოკრატია


ისტორიულად პირდაპირი დემოკრატიის მაგალითად ასახელებენ ათენის სახალხო კრებას, დასავლეთ ევროპისა და რუსეთის სახალხო ვეჩეს. პირდაპირი დემოკრატიის დროს თვითონ ხალხი წყვეტს უშუალოდ ყველა იმ საკითხს, რაც საზოგადოებას აწუხებს.


როგორ იხვეწებოდა დემოკრატია ასწლეულების მანძილზე. დემოკრატიული მმართველები

 

საბერძნეთის ქალაქ-სახელმწიფოებს მეფეები მართავდნენ. მართვის იმ სისტემას, როდესაც მეფე განაგებს სახელმწიფოს, ეწოდება მონარქია.


ჩვეულებრივ, მეფე იყო ძლევამოსილი მმართველი და სიკვდილის შემდეგ მისი ძალაუფლება გადაეცემოდა უფროს ვაჟს. მსხვილმა მონათმფლობელებმა მოითხოვეს თავიანთი უფლებების გაფართოება და მიაღწიეს იმას, რომ ზოგიერთ ქალაქ-სახელმწიფოში მსხვილ მონათმფლობელთა პატარა ჯგუფი თანაბრად ინაწილებდა მეფის ძალაუფლებას. ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისაკენ, რადგან ერთი ადამიანის ნაცვლად, ოლიგარქების ჯგუფი მართავდა სახელმწიფოს. მათ გააუმჯობესეს ქალაქ-სახელმწიფოების მმართველობა, მაგრამ მოსახლეობის ზრდამ და საკვების სიმცირემ პრობლემები გაამრავლა. ოლიგარქიის ლიდერებისადმი უკმაყოფილებამ გამოიწვია ახალი ლიდერების წარმოშობა, რომელთაც ტირანები ერქვათ.


ლიდერს, რომელმაც ძალაუფლება ძალადობით მოიხვეჭა და ქალაქ-სახელმწიფოს ერთპიროვნულად მართავდა, ბერძნები ტირანს უწოდებდნენ.


ხალხი მხარს უჭერდა ტირანებს, რადგან ისინი ჰპირდებოდნენ რეფორმებს, რასაც ხშირად ახორციელებდნენ კიდეც. მაგალითად, ათენის ტირანმა ხელახლა დაარიგა მიწები, გადაავადა ვალები, ნება დართო ხალხს, მონაწილეობა მიეღო ქვეყნის მართვაში.


ტირანებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს დემოკრატიის განვითარებაში. მათ მოქალაქეებს ასწავლეს, თუ როგორ შეიძლებოდა ძალაუფლების მოპოვება და ცვლილებების განხორციელება ლიდერის წინამძღოლობით. ზოგიერთი ტირანი ხარბი და დაუნდობელი იყო, რის გამოც ხალხი ზოგჯერ გადმოაგდებდა ერთ ტირანს და მას მეორით ცვლიდა. იმის მიუხედავად, რომ ბერძენი ტირანები ძალით მოიპოვებდნენ ძალაუფლებას, ისინი ქვეყანას ხშირად კარგად და სამართლიანად მართავდნენ. საქართველოს შემთხვევაში დემოკრატიის საწყისად შეიძლება თამარ მეფის (1178-1213) პერიოდში ყუთლუ-არსლანის დასის დაარსება მივიჩნიოთ. სამეფოს მეჭურჭლეთუხუცესმა ყუთლუ-არსლანმა და მისმა პოლიტიკურმა დასმა მოითხოვა მეფის უფლებების შეზღუდვა და საკანონმდებლო უფლებებით აღჭურვილი საგანგებო საკრებულოს კარავის" დაარსება, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა სახელმწიფო მმართველობის ძირითადი საკითხები, მასვე გადაეცემოდა უმაღლესი სასამართლო ხელისუფლება. მეფეს მხოლოდ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა აღესრულებინა. მართალია, იმ პერიოდში ეს პროგრესული პროგრამა სრულად ვერ განხორციელდა, მაგრამ გაფართოვდა დარბაზის, სამეფო საბჭოს უფლებები და გარკვეულწილად შეიზღუდა მეფის ხელისუფლება.



რა არის დემოკრატია?

 

 „დემოკრატია, როგორც მართველობის ფორმა ,ხორციელდება ხალხის მიერ და ხალხისათვის"

                                                                                                        აბრაამ ლინკოლნი

 

დემოკრატიის ანბანი

 

* უმრავლესობის მმართველობა

* უმცირესობის უფლებები

* ადამიანის ძირითადი უფლებების გარანტია

* თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები

* კანონის უზენაესობა

* კანონის წინაშე თანასწორობა

* სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პლურალიზმი

* ტოლერანტობის, პრაგმატიზმის, თანამშრომლობისა და კომპრომისის ღირსებები


დემოკრატია ისეთ ჯგუფურ გადაწყვეტილებებს ემყარება, რომელიც აღიარებს და ითვალისწინებს პიროვნების ინტერესებს. იგი განასახიერებს იდეალურ სისტემას, სადაც იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მთელ საზოგადოებას ეხება, ყველა მისი წევრი იღებს, თანაც ყოველ მათგანს ამ პროცესში თანაბარი მონაწილეობის უფლება აქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დემოკრატია ორი პრინციპის დაცვას მოითხოვს: საზოგადოებრივ კონტროლს ერთობლივ გადაწყვეტილებებზე და თანასწორუფლებიანობას კონტროლის განხორციელებისას. საზოგადოება დემოკრატიულია, თუ ეს პრინციპები დაცულია გადაწყვეტილების მიღების დროს. საზოგადოების დემოკრატიულობის დონე განისაზღვრება აგრეთვე იმით, თუ რამდენად იცავს იგი ადამიანის უფლებებს მათი პოლიტიკური, რასობრივი, რელიგიური კუთვნილების მიუხედავად. სახელმწიფო დემოკრატიულია, თუ მთავრობა ითვალისწინებს ხალხის ინტერესებს, ხოლო სახელმწიფო თანამდებობები არჩევნების შედეგად ნაწილდება. ასეთ საზოგადოებაში ყველა ზრდასრულ მოქალაქეს თანაბარი უფლება აქვს, აირჩიოს და არჩეულ იქნას, ხოლო არსებული კანონები უზრუნველყოფს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ არ არსებობს ისეთი სახელმწიფო, სადაც დემოკრატიის პრინციპები სრულად ხორციელდებოდეს. ამ თვალსაზრისით დემოკრატიის პრინციპები უსასრულოა. დემოკრატია იდეალთან მიახლოების მცდელობაა. ამიტომ მსოფლიოში თითქმის ყველა სახელმწიფო მოღვაწე - მეფე თუ იმპერატორი, პრემიერი თუ პრეზიდენტი, გენერალური მდივანი თუ თავმჯდომარე - ხალხის ინტერესების დამცველად და დემოკრატიის მედროშედ აცხადებდა თავს. თუმცა, დემოკრატიის პირობებშიც ირღვევა კანონები, ადგილი აქვს უსამართლობას, ადამიანების ჩაგვრას რაიმე ნიშნის მიხედვით, ანუ დისკრიმინაციას. დემოკრატია, ისევე როგორც ყველაფერი, რაც კი ადამიანმა შექმნა, სრულყოფილი არ არის. არც დემოკრატიული მსოფლიოა ერთგვაროვანი. მართალია, პირველი დემოკრატიული სახელმწიფოები დასავლური კულტურის ხალხმა შექმნა, მაგრამ ეს მოდელი შეიძლება ყველა კულტურას მოერგოს. სწორედ ეს არის ის ძირითადი ფუნდამენტური საფუძვლები და ფასეულობები, რაზედაც დემოკრატია განვითარდა.


საქართველოს სინამდვილეში დემოკრატიული ფასეულობები რა დონეზეა განვითარებული, ცალკე მსჯელობის საგანია და ამ თემაზე სერიოზული ანალიზია საჭირო. წინამდებარე წერილს ამის პრეტენზია არ გააჩნია და მხოლოდ დემოკრატიის ზედაპირული განსაზღვრა შემოგთავაზეთ. სიღრმეებში კვლევა და საქართველოში არსებული ვითარების დახასიათება პოლიტოლოგებისა და პოლიტტექნოლოგების სფეროა და ამ სფეროში შეჭრისგან თავს შევიკავებ.


დათო ტაბატაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის განვითარების ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016