საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ხელისუფლება თვითმმართველობის ძირეულ ცვლილებას გეგმავს.
ამის შესახებ სანიკიძემ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", "ეროვნული ფორუმის" მთაწმინდის ორგანიზაციის სადამფუძნებლო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მომავალი წლის მაისში კიდევ ერთი ბრძოლა გველის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სახით. ამ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი უკვე დავამთავრებთ იმ ციკლს, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" ფესვებიანად ამოძირკვა ჰქვია. თვითმმართველობის ძირეულ ცვლილებას ვგეგმავთ, შესაბამის კანონმდებლობას შევცვლით. კოალიციაში ამ საკითხზე კამათი მიდის", - განაცხადა სანიკიძემ.
"ეროვნული ფორუმის" მთაწმინდის ორგანიზაციის სადამფუძნებლო კრებაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატიც შეაფასა.
"ქვეყანას კარგი ადამიანური სახის პრეზიდენტი სჭირდება, გიორგი მარგველაშვილს გააზრებული აქვს, რაც ქვეყანაში ხდება და ის, თუ როგორ უნდა იმოქმედოს. ის პოლიტიკურად ანგაჟირებული არ არის და არც არავისტია", - განაცხადა სანიკიძემ.
მისივე თქმით, "ომი ჯერ არ დასრულებულა" და საპრეზიდენტო არჩევნები მორიგი ბრძოლაა.