ევროკავშირში საგანგებო დავალებათა ელჩი, კონსტანტინე გამსახურდია „საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გოგი გვახარიას საავტორო გადაცემის „წითელი ზონა" შეჩერებას „ფეისბუქის" საკუთარი გვერდიდან ეხმაურება.
„მიუხედავად იმისა, რომ გოგი გვახარიას აქვს ნეგატიური დამოკიდებულება ეროვნული და პატრიოტული მოძრაობისადმი საქართველოში, ასევე მისი „ოიკოფობია" (ბრიტანელი ინტელექტუალის, როჯერ სკრუტონის ტერმინით რომ ვთქვათ, ფობია საკუთარი კულტურული გარემოს მიმართ, და როგორც არაერთი ქართველი ლიბერალის შემთხვევაშია, მასში ფაშიზმის, ეთნიკური ნაციონალიზმის და რელიგიური ფუნდამენტალიზმის გამუდმებული ძიება-აღმოჩენა) არანაირად არ იწვევს ჩემს სიმპათიებს, ვუერთდები პროტესტს მისი გადაცემის დახურვის გამო.
ამის მიღმა დგას თამაზ ტყემალაძე, საზმაუ-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ამჟამად სამეურვეო საბჭოსთან („ბორდთან") დაპირისპირებული, სრულიად გაუგებარი და ბნელი ორიენტაციის პიროვნება, აბსტრუზული მიზნებით. გოგი გვახარიას „წითელი ზონა" ნამდვილად საინტერესო გადაცემაა და საკმაოდ წიგნიერად გაკეთებული, საიდანაც ტელემაყურებელს ბევრი რამის გაგება შეუძლია. ამიტომაც ხელებს ნუ აფათურებენ იქ, სადაც ნამდვილად დაეწვებათ", - წერს კონსტანტინე გამსახურდია.