reportiori.ge - ნანა ლორთქიფანიძე: ყველას მაგივრად მე ვუხდი ბოდიშს ბიძინა ივანიშვილს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:15
ინტერვიუ
ნანა ლორთქიფანიძე: ყველას მაგივრად მე ვუხდი ბოდიშს ბიძინა ივანიშვილს!
ავტორი:
13 ივლისი, 2015. 17:51


ერთსექსიანთა ქორწინების დაკანონებით თუ გამოიხატება თავისუფლება, მე ასეთი თავისუფლების მომხრე არა ვარ! - საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს რუსთაველის თეატრის მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე ეხმიანება:


- როცა ერთსექსიანთა ქორწინების დაკანონებაზე დაიწყეს საუბარი, მაშინვე გავიფიქრე, მამაჩემი - გიგა ლორთქიფანიძე ცოცხალი რომ იყოს, ალბათ, დასაბმელი იქნებოდა-მეთქი.


არასამთავრობოების წარმომადგენლების მოსმენა მაშფოთებს - ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ საზოგადოების ცნობიერების გარდაქმნას, გონების მოწამვლას, მაგრამ რამდენიც არ უნდა შეეცადონ, გამორიცხულია, საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდეს! თუ უნდა მამაკაცს - მამაკაცთან, ხოლო ქალს ქალთან ცხოვრება, წავიდნენ და იცხოვრონ! არავინ უვარდებათ საწოლში, მაგრამ თავს ნუ მოგვახვევენ უზნეობას!

 

- უმცირესობაში არიან და მათი უფლებები დაცული უნდა იყოსო, - ასე ხსნიან ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანები ამ საკითხის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას...


- მერე მათი უფლებების დაცვის სანაცვლოდ ჩემი უფლებები უნდა შეილახოს?! კულტურის სფეროში ადრეც იყვნენ გეები, მაგრამ მათ პირად ცხოვრებაში ცხვირს არავინ ჰყოფდა, თავადაც არ გვაძლევდნენ ამის უფლებას. დღესაც მყავს გეი-მეგობრები, ვგიჟდები მათზე, მიყვარს ისინი, მაგრამ როგორი ცხოვრებით ცხოვრობენ, ამაზე არც კი ვლაპარაკობთ. საშინელება ის არის, რომ დღეს ეს პოლიტიკად იქცა!


100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ეს ხელისუფლება ასეთ სიბინძურეზე ხელს არ მოაწერს! ამის შესახებ განცხადება სწორედ „ასავალ-დასავალში" გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის სიტყვასაც პატივს ვცემ.


- ევროკავშირთან დაახლოების ან ნატო-ში შესვლის სანაცვლოდ რომ მოგვთხოვონ დაკანონება?!

 

- ათასჯერ გავიმეორებ, იმ ევროპას უამრავი კარგი რამ აქვს, რაშიც შეგვიძლია, მივბაძოთ, მაგრამ არის რაღაცები, რაც იქით უნდა ისწავლონ ჩვენგან.


კი ბატონო, ევროპასთან ინტეგრაცია, მეგობრობა ჰაერივით გვჭირდება, მაგრამ ასევე უმნიშვნელოვანესია რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. მათთან ბრძოლით რაც მოვიგეთ, კარგად დავინახეთ. სააკაშვილმა 8 აგვისტოს რუსთაველზე ტაშ-ფანდური რომ გამართა და ხალხი ბოლო ხმაზე აკივლა - ოკუპანტი რუსეთი ვერ დაგვაჩოქებსო, ვინ დარჩა საბოლოოდ დაჩოქილი?


- რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებიც საუბრობენ...

 

- ახალ ხელისუფლებას ურთულეს პირობებში უწევს გადაწყვეტილებების მიღება. როგორც კი ხელისუფლება რუსეთზე რამეს იტყვის, მაშინვე აყაყანდებიან - შევარდნაძე გენატრებათ, წითელი ინტელიგენცია ხართ, თქვე რუსეთუმეებო და ა.შ. ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ ნაციონალურ მოძრაობას - ავანტიურისტებსა და შანტაჟისტებს ამდენს ალაპარაკებს! კი მაგრამ, მოსჯილი გვაქვს მთელი ცხოვრება ნაციონალების ყურება?! მიშა მაჭავარიანმა, გიგი წერეთელმა, გიორგი ბარამიძემ, კაკო ბობოხიძემ - ერთი სიტყვით, ნაციონალების უმრავლესობამ  - რამდენიმე მთავრობა გამოიცვალა და კიდევ გვეუბნებიან - ხელისულფებაში გვინდა დაბრუნებაო. აღარ მინდიხართ! აღარ უნდიხართ ხალხს! სისხლისმსმელო კრიმ ინალებო, ნაცბანდავ, თავი დაგვანებეთ!


- სასამრთლოსა და პროკურატურაში თუ მოწმეები არ მივიდნენ და ჩვენებები არ მისცეს, როგორ აღდგება სამართლიანობა?

 

- ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კაცი იმიტომაც არიდებს მოწმედ გამოსვლას, რომ ერიდება თქმა - გამაუპატიურესო. რა ქნას პროკურატურამ და სასამართლომ, თუ მოწმე არ დაადასტურებს დანაშაულს?! ან იქნებ გვინდა მიშას დროინდელი სასამართლო, როცა დილით იჭერდნენ ადამიანს, 12 საათზე სასამართლოს ატარებდნენ, საღამოს 6-ზე კი გლდანის ციხეში გაუპატიურებული ჰყავდათ. ადეიშვილი პირდაპირ ტელეფონით გასცემდა განკარგულებებს - ის მოკალით, იმას ქონება წაართვითო... ერთი საბუთიც არ არსებობს, რომელზედაც ხელი აქვს მოწერილი.


ალასანიას პარტიის წევრები დღეს ამაყად რომ აცხადებენ - ე.წ. „კაბელების საქმეზე" გავიმარჯვეთო, ეს ირაკლი ალასანიას, ვიქტორ დოლიძის, ალექსი პეტრიაშვილის გამარჯვება კი არა, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლების დამსახურებაა, რომ სააკაშვილის მსგავსად, პირადი ინტერესების საფუძველზე არ ალპობენ ადამიანებს ციხეში!


- როგორც ვხედავ, თქვენი სიმპათიები ირაკლი ღარიბაშვილისკენ იხრება...

 

- არ დაგიმალავთ, ძალიან მომწონს ირაკლი ღარიბაშვილი! აქტიურად ვადევნებ თვალს მის ინტერვიუებსა თუ გამოსვლებს ყველა საკითხს ადეკვატურად აფასებს! გაწონასწორებული, პატრიოტი და პატიოსანი ადამიანია. რატომ არ უნდა მომწონდეს?! არ გახსოვთ, რამდენი საპროცესო იდებოდა დღეში და მარიხუანას მოწევისთვის როგორ აყიდვინებდნენ ადამიანებს სახლ-კარს?! შარდისა და სისხლის ანალიზს ვერ აბარებდა ხალხი, დღეს კი ისეთი ოპერაციები კეთდება უფასოდ, სახლკარიანად ყველაფერი რომ გაეყიდათ, მაინც ვერ გაიკეთებდნენ. ჩვენნაირი უმადური ხალხი, მეორე არ არის ქვეყანაზე!


- რას გულისხმობთ?

 

- ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, ბევრი ვერ დაიტრაბახებს. სააკაშვილის მიერ ჩარეცხილი ინტელიგენცია არა მხოლოდ ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა, იმის რწმენაც დაუბრუნა, რომ საჭირონი არიან. პატრულს იმიტომ კი არ ჩააცვა, რომ ეს სააკაშვილის ბრძანება იყო, ხალხს, თავის ქვეყანას გაუკეთა საჩუქარი. სამება, ეკლესია-მონასტრები ქართველ ხალხს აუშენა. სკოლები, მუზეუმები, თეატრები გაარემონტა. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, დღეს რუსთაველის თეატრი საერთოდ აღარ იქნებოდა, საძირკველი, პრაქტიკულად, გამოცვლილი აქვს.


მე დღესაც ვიღებ ბიძინა ივანიშვილის ფონდიდან 200 ლარს. მართალია, ჩემი ოჯახი ამ თანხაზე დამოკიდებული არ არის, მაგრამ მადლობელი არ უნდა ვიყო?! დედაჩემს საკმაოდ სოლიდური თანხით ეხმარება. პირდაპირ ვამბობ, რომ არა ბიძინა ივანიშვილის თანადგომა, დედაჩემი, ალბათ, უწამლოდ მოკვდებოდა. როგორ შეიძლება, არ დაინახო და დააფასო ის სიკეთე, რომელიც მან მეცნიერების, ხელოვანი თუ სხვა არაერთი დამსახურებული ადამიანის მიმართ გამოიჩინა?! სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებსაც ფული დროულად თუ ვერ ჩაერიცხა, ცხვირს იბზუებენ ან იმაზე ქილიკობენ, რა ნიშნით შეარჩია ივანიშვილმა ისინიო? თავისი ფულია და როგორც უნდა, ისე დახარჯავს. ვერ გავიგე, რა ეგონათ ხალხს ბანკიდან აღებულ ვალებს საკუთარი ჯიბიდან დაუფარავდა?!


„ასავალ-დასავალიდან" ყველას მაგივრად მე ვუხდი ბოდიშს ბიძინა ივანიშვილს! თქვენ უკვე შეხვედით ისტორიაში, როგორც ამ ქვეყნის ღირსეული შვილი!


- არ გიფიქრიათ, რომ შეიძლება, ამ საქებარი სიტყვების შემდეგ ხელისუფლების ადვოკატობა დაგაბრალონ?

 

- თუ დაინახავ, რომ ღარიბაშვილის ხელისუფლება შეცდომებს უშვებს, გარწმუნებთ, პირველი მე გამოვალ და ავიმაღლებ ხმას, მაგრამ დღეს ამის საჭიროებას ვერ ვხედავ, პირიქით, თქვენი გაზეთის საშუალებით ვეტყოდი ირაკლი ღარიბაშვილს - აღებულ გეზს არ გადაუხვიოთ და რაც მთავარია, არ აჰყვეთ ნაციონალების შანტაჟს!

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016