თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების პირობებში მიმდინარე საქმეზე დაკითხვისას ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ჟვანიამ განაცხადა, რომ საქმეზე ბრალდებული ხარშილაძე და ძაძამია იტყუებიან. ნინო ჟვანია-ქადაგიძის თქმით, 2 თებერვალს, ღამის 3-დან 4 საათამდე რეკავდა და ძაძამია ეუბნებოდა, რომ 5-10 წუთში დაალაპარაკებდა მეუღლეს. ქადაგიძე იხსენებს, რომ ფეხით წამოვიდა წყნეთიდან და შუა გზაში დაეწია მანქანა. ცოტა ხანში კი მას დაურეკეს და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ აცნობეს. ნინო ქადაგიძე ჰყვება, რომ როდესაც მივიდა გარდაცვალების ადგილას, კობა ხარშილაძე მას შესვლის უფლებას არ აძლევდა, თუმცა, მან მოახერხა ბინაში შესვლა და ნახა რაულ უსუპოვი და ზურაბ ჟვანია, რომლებსაც თეთრი პერანგები ეცვათ.
„რატომ მგონია, რომ ესენი იტყუებიან? ღამის 3 საათზე კორპუსში გაზი გადაკეტილი იყო. რაღაცას ბოდავენ. ესენი ამბობენ, რომ ძაძამიამ დაურეკა ხარშილაძეს. შემდეგ ხარშილაძემ ფანჯარა გატეხა და გაზი გამოვარდა ფანჯრიდან, რომელსაც ვერ იგრძნობდა ხარშილაძე იქიდან გამომდინარე, რომ გაზს სუნი არ აქვს. ასევე ხარშილაძე ამბობს, რომ გაზის შიშინი ესმოდა და გამათბობელი გამორთო. ექსპერტიზის შედეგად კი გაირკვა, რომ გამათბობელი ჩართული არ ყოფილა, რადგან ნამწვავი არ ჰქონია. ასევე საეჭვოა ის გარემოება, რომ მეზობლები არაფერს ამბობენ, რადგან გაფრთხილებული იყვნენ, რომ ხმა არ ამოეღოთ და მათ ეშინოდათ.
კიდევ ერთი გარემოება, მწეველი ზურა, რომელიც 2 კოლოფს ეწეოდა დღეში, დახურულ ფანჯარაში ვერ გაძლებდა. ასევე აღსანიშნავია, რომ არც ერთი ფანჯარა საკეტით არ იკეტებოდა.
გარდა ამისა, ფოტოს ნახვის შემდეგ მივედი ადეიშვილთან და ვუთხარი, რომ ტუჩზე აღენიშნებოდა ნაჭდევი და ტუჩის შიგნიდან ჰქონდა ჩაქცევა. მან მთხოვა, ფოტო მეჩვენებინა. როდესაც მოვიძიე ფოტო, აღმოჩნდა, რომ იგი გააქრეს", - განაცხადა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ.