კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხრდაჭერით, თბილისის სპორტის სასახლეში დღეს საქველმოქმედო აქცია-კონცერტი - „ცა მეტია, ვიდრე ცამეტი" გაიმართება.
ღონისძიებიდან შემოსული თანხა 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სრულად მოხმარდება.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში გაიმართება როკ და პოპ კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას 24 ქართული ბენდი და უცხოელი შემსრულებლები მიიღებენ. მათ შორის, არის ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი Uriah Heep-ის დამფუძნებელი და მთავარი კომპოზიტორი კენ ჰენსლი, რომელიც ქართველ მუსიკოსებთან ერთად Uriah Heep-ის რამდენიმე ცნობილ ჰიტს შეასრულებს.
„საქველმოქმედო აქციის ჩატარების იდეა ეკუთვნის საინიციატივო ჯგუფს - ნიკოლოზ შენგელაიას, დავით საყვარელიძის, დავით ევგენიძის, გიორგი ხუციშვილის, ირაკლი კაკაბაძის, ირაკლი გოგიასა და გიორგი კვაბზირიძის შემადგენლობით", - ნათქვამია განცხადებაში.