„რუსეთის მოწინააღმდეგე, როგორ მოხვდით რუსეთში?" - „რეპორტიორის" ამ კითხვას კოდორის ყოფილი რწმუნებული, ემზარ კვიციანი ასე პასუხობს:
„ისე დამიგეს ეს ხაფანგი, რომ მერე კოდორის ხეობის მცხოვრებლებს ეფიქრათ, თითქოს მე მათ ვუღალატე და გავიქეცი ქვეყნიდან. სხვათა შორის, როგორ მოვხვდი რუსეთში, ტელევიზიით არ მითქვამს არასდროს - როცა ჩეჩნებთან მოუვიდათ ჩვენს ბიჭებს პატარა სროლები (ის 15-წუთიანი სროლები დადგმული იყო, ის ხდებოდა ჩვენგან კილომეტრ-ნახევარში. დადგმული სცენა იყო, თითქოს კვიციანმა ესროლა), რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა დამირეკეს - სასწრაფოდ ჩამოდი, სალაპარაკო გვაქვსო. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სააკაშვილს ეხმარებოდნენ ხელისუფლებაში მოსვლაში - ონიანი, გიორგაძე და შალიკიანი. მათი გავლენები საქართველოში ყველასთვის ცნობილია და იმედი გამიჩნდა, რომ იქნებ მათი მეშვეობით რამე დარეგულირებულიყო. საღამოს ჩავედით სოფელ ჩხალთაში, სადაც დამხვდა კაცი. ღამის ორ საათზე გადაგვიყვანეს ამ ჩვენს ქართველებთან შესახვედრად. გადავედით და ნიღბიანები დამხვდნენ იქ. ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს. ასე მოვხვდი რუსეთში.
ეს იყო ტყვეობა, მაგრამ, შეიძლება ითქვას - ელიტარული ტყვეობა - პატივისცემით მეპყრობოდნენ. ასე მოვხვდი ერთ ოთახში, რომელსაც შეიარაღებული 500-600 კაცი იცავდა. დამიდგეს ტელევიზორი და მაყურებინეს, რა ხდებოდა კოდორის ხეობაში - გამოდიოდა გიორგი არველაძე, რომლიც გაჰკიოდა, რომ კვიციანი გაიქცა, მოღალატეა და ა.შ. გაოგნებული უყურებდნენ თურმე, ცალკე „მონადირის" წევრები და ცალკე კოდორის მოსახლეობა, რომლებიც ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მე ან გავიქცეოდი, ან ვინმე გამიტყუებდა. მოხდა ისე, რომ მე არ ვარ. მერე დაარწმუნეს „მონადირის" წევრები, რომ მე მათ ვუღლატე და გავიქეცი.
გამწარებული ვიყავი. ამბობდნენ, რომ ქალია მოკლული და არ ამბობდნენ, ვისზე იყო საუბარი. მაინც მეგონა, რომ ნორა მომიკლეს, თუმცა, ის ქალი, ვინც მოკლეს, რუსუდან გერლიანი, იგივე ჩემი და იყო.
ამ დროს მოვიდა ერთ-ერთი რუსი ჩემთან. ხელში ფურცელი ეჭირა. რუსი, მაგრამ სააკაშვილის თანამშრომელი. ჩემთან საუბრობენ ისე, რომ თითქოს სააკაშვილი არ მოსწონთ და აგინებენ. ერთი შენი თანხმობა გვჭირდება, შევდივართ და ვანადგურებთ სააკაშვილსო. გამიკვირდა, ამისთვის ჩემი თანხმობა რაში სჭირდებოდათ. ვკითხე კიდეც, რატომ უნდოდათ მაინცდამაინც ამ შეთანხმებაზე ჩემი ხელმოწერა. უარი ვუთხარი და მომშორდა.
ამის მერე მოვიდა აფხაზი გარი კუპალბა, რომელმაც იგივე მითხრა. გამეცინა - იმან რომ მითხრა, ის რუსია და ამიტომ იკადრა და შენ რატომ მეუბნები, შენ ხომ კავკასიელი ხარ, ღალატზე მიბიძგებ-მეთქი?! შეცბა, მომიბოდიშა და მითხრა - ილორში, ჩვენთან, გამსახურდია რომ მოიყვანეს, შევთავაზეთ, შევარდნაძის წინააღმდეგ გავერთიანებულიყავით, მაგრამ უარი გვითხრა და ხომ ხედავ, რით დაამთავრა, გქონდეს ეს მხედველობაშიო. ეს მითხრა და წავიდა. აი, იქ ვნახე გამსახურდიას მიერ ჩადენილი გმირობა. ის იყო როგორც ქართველების, ასევე აფხაზების პრეზიდენტი და რომ გაერთიანებულიყო აფხაზებთან, ეს არ იქნებოდა ღალატი, რადგან საკუთარ თანამოქალაქეებთან ერთად წამოვიდოდა, მაგრამ არ გააკეთა. იმ დღის მერე ზვიად გამსახურდია ჩემს თვალში გმირია.
სანამ მე გამიტყუებდნენ, ჩემი ოჯახი უკვე სოჭში ჰყავდათ. ჩემი გაბრიელა მაშინ ორწლინახევრის იყო. სად წავიდოდი, წავედი იქ, სადაც ოჯახი იყო. ვფიქრობდი, რომ ჩემს ოჯახს გაათავისუფლებდნენ, მაგრამ პირადად მე კარგს არაფერს ველოდი. რუსები იმაზე მეტად დიდსულოვნები აღმოჩნდნენ, ვიდრე მე ვფიქრობდი - დღეს, ჩემი ოჯახიც ცოცხალია და მეც, მათთან ერთად. ომის დროს, არც დაწერილი კანონი დამირღვევია და არც დაუწერელი. არც ერთი ტყვე არ დამიხვრეტია, არც მიწამებია, თუ ვინმე ცოცხალი ჩამივარდა ხელში, ყველა ცოცხალი დავაბრუნე.
ერთი ვერტმფრენი რომ ჩამოვაგდეთ, ეკიპაჟში 5 კაცი იყო, რუსები იყვნენ. რომ ავედით და ვნახეთ მიცვალებულები, ისე არ დავტოვეთ, ყველა დავასაფლავეთ და ჯვარი გავუკეთეთ. მათ წასასვენებლად რომ მოვიდნენ სპეცრაზმელები, ისე მიყურებდნენ, როგორც მტერს. რომ ავიყვანე და გაპატიოსნებული მიცვალებულები ნახეს, სახე გაუნათდათ და ისე წავიდნენ, თითქოს ცოცხლები წაიყვანეს. სადაც არ უნდა იყო კაცი, კაცურად უნდა მოიქცე. უიარაღო მტერზე ხელი არ უნდა ასწიო, რომ გარდაიცვლება, მით უმეტეს. ეს არის წესი, რომელსაც თუ დაარღვევ, წინ დაგხვდება. თუ არ დაარღვევ, ისიც წინ დაგხვდება. ჰოდა, სწორედ ეს დამხვდა წინ." - განმარტავს ემზარ კვიციანი მედიაჰოლდინგ „რეპორტიორისა" და ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ერთობლივი პროექტის - „რეპორტიორის თვალით..."
ინტერვიუს სრული ვიდეოვერსია:
https://www.youtube.com/watch?v=t0OCMX-bvW4