კახეთის რეგიონში მოღვაწე სპორტულ-ტექნიკური კლუბი „მიმინო" საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე მეცენატებს დახმარებას სთხოვს. კლუბის დამფუძნებლები „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებენ, რომ მათი საქმიანობა ქართველი ახალგაზრდობის ჯანსაღ, სწორ და პატრიოტულ აღზრდაზეა გათვლილი და ღონისძიებების მოსაწყობად მხარში ამოდგომას საჭიროებენ.
კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ივანე ბუჩუკური „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, რომ სპორტულ-ტექნიკური კლუბის დაარსების იდეა დაახლოებით 10 წლის წინ გაჩნდა, თუმცა, ამ იდეის რეალიზება ქვეყანაში მომხდარი პოლიტილური ცვლილებების გამო, მხოლოდ მიმდინარე წლის დასაწყისში მოხერხდა.
„სპორტულ-ტექნიკური კლუბის ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ჩვენს რეგიონში არსებულმა რამდენიმე ორგანიზაციამ, რომლებიც წლების მანძილზე მოღვაწეობდნენ სპორტულ-ტექნიკურ და სამხედრო-პატრიოტულ სფეროებში. მათ თავიანთ საქმიანობებში დიდი გამოცდილება გააჩნიათ. ჩვენი ძირითადი მიზანია, მომავალი თაობის პატრიოტული აღზრდა, სპორტის სხვადასხვა სახეობების შესწავლა და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა. „მიმინოს" დაარსება არის სოციალური პროექტი. მოგეხსენებათ, 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, სწორედ ამ დღეს, ჩვენი კლუბის მიერ განხორციელდა პირველი საერთაშორისო დონის ღონისძიება - ჩემპიონატი მოტოკროსში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, უკრაინიდან, სასომხეთიდან, ბელორუსიიდან და პოლონეთიდან. ამ ღონისძიებაში ჩართული იყო თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა და სხვა სპონსორები, რაზედაც დიდ მადლობას ვუხდით მათ", - აცხადებს „რეპორტიორთან" საუბარში ბუჩუკური.
მისივე თქმით, ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს მრავალი საინტერესო ღონისძიება და ინტელექტუალური ჯგუფების ჩამოყალიბება სხვადასხვა სექციების სახით.
„იმედი გავქვს, ჩვენი პრობლემების მოგვარებაში, რომელიც ძირითადად, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფას წარმოადგენს, მხარში ამოუდგებიან მეცენატები, ვისთვისაც საქართველოს მომავალი ძვირფასია და ქვეყნის პერსპექტივას ხედავს მისი მომავალი თაობის სწორ და პატრიოტულ აღზრდაში", - ამბობს ბუჩუკური.