ცნობილი ქართველი მეცნიერი-ეკონომისტი, პროფესორი დავით იაკობიძე გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან" ქართული ფლოტის შესახებ საუბრობს. იაკობიძე იხსენებს, რომ „ვარდების რევოლუციამდე" საოკეანო ფლოტი ჩამოყალიბების პროცესში იყო და განვითარების დიდი პერსპექტივა არსებობდა, თუმცა, რევოლუციის შემდეგ კახა ბენდუქიძემ გეგმები შეცვალა და ფლოტი სრულიად გაყიდა.
„1997 წელს შეიქმნა და 1998 წელს ამუშავდა ქართული ფლოტი, საოკეანო ფლოტზე გელაპარაკებით. თავდაპირველად იყო 7 გემი. მათი რაოდენობა პერსპექტივაში უნდა გაზრდილიყო და... მოხდა „ვარდების რევოლუცია". იმხანად ჩვენ უკვე გვქონდა აღნიშნული სავაჭრო ფლოტი, გვქონდა ძლიერი კაბოტაჟური ფლოტი, რომელიც თევზის ჭერაზე იყო ორიენტირებული და დაახლოებით 120 სეინერისგან შედგებოდა.
მალე ეკონომიკის მინისტრად ჩამოიყვანეს კახა ბენდუქიძე, რომელმაც განაცხადა, რომ გაყიდის ყველაფერს, სინდისის გარდა. მართლაც ყველაფერი გაყიდა და ეს ტოტალური აქცია გემებისა და ნავსადგურებში ტერმინალების გაყიდვით დაიწყო.
ფაქტია, რომ საწარმო, რომელსაც წელიწადში 35 მილიონი დოლარი შეჰქონდა ბიუჯეტში, ამასთანავე, ისტუმრებდა გერმანული ბანკების ვალს და აწყობილი ფინანსური სისტემა და მონიტორინგი ჰქონდა, შეთანხმებულად მუშაობდა გერმანელ, ბრიტანელ კოლეგებთან, ჩართული იყო საერთაშორისო სისტემაში და ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, ჩამოყალიბებულიყო ძლიერ საზღვაო-სატრანსპორტო ორგანიზაციად, ძირშივე მოკვეთეს, მოიცილეს, გააქრეს."- იხსენებს იაკობიძე.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)