ხურვალეთის მოსახლეობა იმ ადგილას შეიკრიბა, სადაც მედიასაშუალებების წარმომადგენლები მუშაობენ. ხურვალეთის მოსახლეობა ორ ფაქტს აპროტესტებს, ერთი მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიერ რამდენიმე დღის წინ ჩატარებული აქციისას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის დემონტაჟს და მეორე - ანდრო ბარნოვის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს.
მათი თქმით, ამგვარი ქმედებები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს, შემდგომ ეს ადამიანები თავად თბილისში ბრუნდებიან, ადგილობრივებს კი, საკმაოდ სერიოზული პრობლემები ექმნებათ.
ადგილობრივი მცხოვრებლები ყურადღებას ხელისუფლებასაც სთხოვენ და ამბობენ, რომ სოფელ ხურვალეთში უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობაა.
„არც წყალი გვაქვს, არც შესაბამისი ტექნიკა, რომ მოსავლის აღება შევძლოთ. ჩვენ საკუთარ მიწებზე წვდომა შეგვეზღუდა. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, აღარც საძოვრები გვაქვს და ვეღარც პირუტყვი გაგვყავს. მოგვხედოს ხელისუფლებამ და გაითვალისწინოს ჩვენი მდგომარეობა", - აცხადებენ ხურვალეთის მცხოვრებლები.