15 ივლისს გვიან ღამით დასრულდა პარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული სხდომა საბერძნეთის ისტორიაში, უძველესი ელადის ეპოქიდან - ოსმალეთის იმპერიის პროვინციის გავლით - დღემდე. სხდომის შედეგი მოსალოდნელი იყო - მიუხედავად მძაფრი კრიტიკისა თანაპარტიელთა მხრიდან, საბერძნეთის მთავრობის მეთაურმა ალექსის ციპრასმა ოპოზიციური ხმების დახმარებით, ერთი მხრივ, საერთაშორისო კრედიტორების წინაშე აღებული სამომავლო ვალდებულებები შეასრულა, მეორე მხრივ კი - ბერძენთა უმრავლესობის მოთხოვნა (შესაძლოა, ფობიის დონეზე, მაგრამ მაინც), როგორმე არ გაერიცხათ ევროკავშირიდან. ასე რომ, ციპრასმა დიდი დიპლომატიური ძალისხმევა და ნიჭი გამოიჩინა, სცილასა და ქარიბდას შორის გაიარა, თითქმის შეუძლებელი შეძლო და თავისი ქვეყანა ევროზონაშიც და - ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია - ევროპაშიც დატოვა. თავისთავად ცხადია, რომ დღესდღეობით, ცხელ გულზე და კიდევ უფრო გახურებულ თავზე, მავანი მას დაადანაშაულებს წმინდა იდეალების გაყიდვასა და ქვეყნის ღალატში, მაგრამ... იცით, მე კარგა ხანია არ მიკვირს ანალოგიურ სიტუაციებში - მსოფლიოს სხვადასხვა კუთხესა თუ ისტორიის ამა თუ იმ მონაკვეთში - ლამის სტიქიურად წარმოშობილი მსგავსი ტიპის ბრალდებებისა, რამეთუ ისინი, როგორც წესი, ტყუპისცალივით ჰგვანან ერთმანეთს. არაუშავს. ისიც კარგად მომეხსენება, რომ მხოლოდ ძლიერი ადამიანისა და პოლიტიკოსის ხვედრია, მოთმინებით ისმინოს და აიტანოს მსგავსი ბრალდებები, დროდადრო სწორი დასკვნები აკეთოს წარსულიდან და მიმდინარე აწმყოდან, თან კი გააგრძელოს დაწყებული საქმის კეთება - სამშობლოს საკეთილდღეოდ და საკუთარი ხალხის სამომავლო ინტერესებში. მოქალაქე ციპრასი კი, ჩემი პირადი აზრით, გადადგომაც რომ მოუწიოს, საკმაოდ ძლიერი და ენერგიული პიროვნება ჩანს და, იმედია, არ დაიკარგება. რას ვიზმათ, ყველაფერი ხდება, მაგრამ...
მაშ ასე, დასრულდა საბერძნეთსა და დანარჩენ ევროკავშირს შორის მიმდინარე დაძაბული და, შესაძლოა, უსასრულო საჭადრაკო მატჩის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პარტია, ულმობელი ტაქტიკური შერკინება, რომლის ხილული შედეგი, ჩემი წარმოდგენით, ყაიმი აღმოჩნდა. მართლაც, საბერძნეთის პარლამენტმა გუშინ - მიუხედავად მძაფრი, თუმცა სპორადიული და ქაოტური ქუჩური პროტესტებისა - დიდი უპირატესობით „მწვანე" აუნთო ქვეყნის ეკონომიკის რეფორმირებას გერმანული მოდელის მიხედვით - სხვაგვარად ქვეყნისთვის ესოდენ აუცილებელი (და ევროსაბჭოს სამიტის დონეზე ძლივსძლივობით შეთანხმებული) დახმარების მიღება შეუძლებელი იქნებოდა და მაღალი ალბათობით „სირიზას" მთავრობას (ოღონდ ცოტა მოგვიანებით) არა ანარქისტული პროტესტები, არამედ გამორთულ ბანკომატებთან ხალხის კილომეტრიანი რიგები დააქცევდა და მოუღებდა ბოლოს. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ საბერძნეთის ახალგაზრდა პრემიერი უკვე მოყვა მგზნებარე კრიტიკის ქარცეცხლში - უპირველესად თავისი ყოფილი მომხრეების მხრიდან. ბევრი მათგანი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მას ღალატს აბრალებს, თუმცა - რის ღალატი? ვის უღალატა ციპრასმა? ყველამ ყველაფერი იცოდა, ბერძნული დრამა ღიად და გახსნილად ვითარდებოდა, რეფერენდუმმა კი მხოლოდ გააძლიერა ციპრასის პოზიცია „ევროპელ ზვიგენებთან" მოლაპარაკებაზე - რეფერენდუმი (ასე რომ გაანაწყენა „საცოდავი" კრედიტორები, რომელთაც ნებისმიერი ხალხი სულ, ბოდიში და, ცალ ფეხზე ჰკიდიათ) აუცილებლობა იყო, სწორედ ამას კარნახობდა ბერძნულ დელეგაციას მოლაპარაკების ტაქტიკა, და სხვა დატვირთვა ხალხის ნების ამ გამოკითხვას არც ჰქონია - მთავრობა ამის თაობაზე თავიდანვე ხმამაღლაც ლაპარაკობდა და კულუარულადაც აფრთხილებდა, ვისაც ჯერ არს. საჭადრაკო პარტია მუდმივად ხალხის თვალწინ მიმდინარეობდა და - სამარცხვინო ზურგსუკანი გარიგებების თავიდან ასაცილებლად - პარტნიორების ნებისმიერი მორიგი სვლა ეგრევე აღინიშნებოდა სადემონსტრაციო დაფაზე. ასე ხდებოდა რეფერენდუმიდან დაწყებული - როცა ბერძენმა ხალხმა პრინციპული უარი განაცხადა ძველებურად ცხოვრებაზე - და ბანკომატებთან ჩამდგარი რიგებით დამთავრებული, როდესაც რიგითმა ბერძნებმა უშუალოდ საკუთარ ტყავზე შეიგრძნეს, თუ რას ნიშნავს უსამართლო თანამედროვე მსოფლიოში ფულადი ნიშნების გარეშე ცხოვრება და არსებობა. ხალხის უმრავლესობა მოითხოვდა ბანკომატების გახსნას ნებისმიერ ფასად, მას ჰქონდა (და აქვს) კიდეც რაღაც დასაკარგი, და ციპრასი ამ უმრავლესობის ფარული თუ ღია ზრახვების იგნორირებას ვერ შეძლებდა - ისევე, როგორც კრედიტორების მოთხოვნებისა. პარტიის ენდშპილი მძაფრ ორმხრივ ცაიტნოტში გაიმართა და გადაწყვეტილება მისაღები გახდა დროის საბოლოოდ ამოწურვამდე, ანუ, ასე ვთქვათ, აწეული ალმის ჩამოვარდნამდე. მოკლედ, რაღაც მომენტში ვაჟკაცური ნაბიჯი იყო გადასადგმელი და მთავრობის მეთაურმა ეს ნაბიჯი გადადგა - პირადი ავტორიტეტის შესაძლო „დაწვისა" და სასწორის პინაზე შეგდების ფასად - ეს მოხდა და ეს. ამიტომ მისი ღალატში დადანაშაულება, სავსებით შესაძლოა, რომ ნებისმიერი „რომანტიკული მემარცხენისთვის" ემოციურად გასაგები იყოს, მაგრამ რეალისტების დიდი უმრავლესობა, იმედია, ანგარიშს გაუწევს იმ გარემოებას, რომ პრემიერის საქციელი მხოლოდ იმ მკაცრი სინამდვილის ასახვა გახლდათ, რომელშიც ამჟამად თანამედროვე ბერძნებს უწევთ ცხოვრება.
საბერძნეთსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე ჭიდილის აღწერა საჭადრაკო ტერმინოლოგიით რომ გავაგრძელოთ, დაახლოებით ასეთი სურათი წარმოგვიდგება თვალწინ.
საბერძნეთის ნაკრების პირველ დაფაზე შავებით მოთამაშე დიდოსტატმა ციპრასმა თეორიულად უვარგისი დებიუტის შედეგად (მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა, რადგან ეს დებიუტი სავალდებულო გახლდათ) მძიმე, თითქმის უიმედო პოზიცია მიიღო, მაგრამ შემდგომ, მიტელშპილში, უაღრესად ლაღი ფანტაზია გამოამჟღავნა, ნატიფი და ენერგიული სვლებით თითქმის გაათანაბრა შანსები, უამრავი პრობლემა შეუქმნა თავის გამოცდილ ოპონენტს, ოსტატურად გამოიყენა (რეფერენდუმი!) მეტოქის მიერ დაშვებული შეცდომები, თამაშში გარდატეხა შეიტანა და რაღაც მომენტში მცირე უპირატესობაც კი მიიღო. შემდეგ პარტია ენდშპილში გადავიდა, სადაც ორივე მხარე მკაცრ ცაიტნოტში იმყოფებოდა და - მიუხედავად უამრავი წყალქვეშა ნიუანსისა თუ დაბრკოლებისა - დაფაზე საბოლოოდ მაინც ყაიმი დაფიქსირდა. წინ მეორე პარტიაა, შემდეგ მესამე, მეოთხე... ცხოვრება გრძელდება. ასეა თუ ისე, მაგრამ პირველ პარტიაში დიდოსტატმა ციპრასმა დაადასტურა თავისი მაღალი კლასი და - თუ საკუთარი ამბოხებული ფიგურების პროტესტს გადაურჩა - არაა გამორიცხული, მალე მან მოიპოვოს და დაიმკვიდროს კანონიერი ადგილი მოჭადრაკე-პოლიტიკოსების მსოფლიო რეიტინგის ტოპ-ათეულშიც კი.
მას შემდეგ, რაც ა.წ. 15 ივლისით დაწყებული ბერძნულ-ევროპული ურთიერთობის სამომავალო კონტურები, როგორც იქნა, ზოგადად გამოიკვეთა (ახალი კრედიტების მიღების ფასად საბერძნეთი - ხელებშებოჭილი და დამცირებული, თუმცა ზამბარასავით დაჭიმული მეამბოხე - მაინც რჩება ევროპულ „თანამეგობრობაში"), გარკვეული აზრი აქვს, მოკლედ და ძალზე ზოგადად მიმოვიხილოთ თვით ამ კონფლიქტის ისტორია. საქართველოსთვისაც (ისევე, როგორც სხვათა მოიმედე და სხვის ხელში შემყურე ყველა „მოკლიენტო" ქვეყნისთვის) ბერძნული „ფინანსური ილიადა" შესაძლოა, ჭკუის სასწავლებელი თუ არა, გამოცდილების მომტანი მაინც გახდეს.
რამდენიმე უკანასკნელი კვირის განმავლობაში მსოფლიოს ძირითადი მედიასაშუალებები საბერძნეთის კრიზისით იყვნენ დაკავებულნი - განსაკუთრებით ჩატარებული რეფერენდუმის ფონზე, როდესაც ბერძენმა ხალხმა, შეგახსენებთ, კიდევ ერთხელ დიდი უპირატესობით (61%) მხარი დაუჭირა ალექსის ციპრასის პირობითად „მემარცხენე" მთავრობას. ამ თემისადმი მედიის ესოდენ დიდი ინტერესი სრულიად ბუნებრივია - არცთუ ხშირად ხდება თანამედროვე „დემოკრატიულ" ევროპაში მისი „დიდი შეფების" დონეზე ისე, რომ ხალხს ჯერ რაღაც სერიოზული დაეკითხონ და მერე, იძულების წესით, ასე თუ ისე გაითვალისწინონ ხალხის მიერ გახმოვანებული სურვილები. თავისთავად რეფერენდუმი, რა თქმა უნდა, ერთი დიდი კონსტიტუციური სპექტაკლია, მაგრამ ამ სპექტაკლს თამაშის თავისი ტრადიციული წესები გააჩნია - წესები, რომლებიც წარმოდგენის დასრულების შემდგომ, რეჟისორებსაც, პროდიუსერებსაც, მსახიობებსაც და მაყურებლებსაც სხვადასხვა ფორმალური ნაბიჯების საჯაროდ გადადგმას აიძულებენ ხოლმე.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ „ბერძნული ინტრიგა" ფორმალური, ზედაპირული და ყველასთვის ცხადი პლასტების გარდა (თუ მათ გვერდით), რაღა თქმა უნდა, უამრავი უხილავი წიაღსვლითაა გაჯერებული. თუმცა, საჯაროდ მედიაში მხოლოდ ერთი და საყოველთაოდ ცნობილი „უმარტივესი" პრობლემა იხილებოდა - საბერძნეთის კოლოსალური ვალი ევროკავშირის ბანკების (ძირითადად, გერმანიისა, თუმცა, არა მარტო) მიმართ. ვალისა, რომელიც ასეულობით მილიარდობით (ბოლო მონაცემებით 312,7 მილიარდი) ევროთი განისაზღვრება და რომლის არათუ თავანის, არამედ ყოველთვიური პროცენტების გადახდასაც კი საბერძნეთი აგერ უკვე რამდენი წელია ვეღარ აუდის.
მიუხედავად წინა წლებში ერთმანეთის მონაცვლე მემარჯვენე მთავრობების მიერ შემოღებული „ქამრების შემოჭერის" პოლიტიკისა - ხოლო ეს მთავრობები ყოველთვის მეტ-ნაკლებად ლოიალურად დაჰყვებოდნენ მკაცრი კრედიტორების ნებას, - ფინანსური კრიზისი თანდათან ღრმავდებოდა და სულ უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა. მერე კი მოხდა ის, რაც ადრეც ხშირად მომხდარა სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკურ ისტორიაში: ერთხელაც ეს ზედმეტად დაჭიმული თოკი გაწყდა, ბერძენმა ხალხმა საკუთარი „ელიტის" პირმშო მემარჯვენე და პირწმინდად ბურჟუაზიულ ხელისუფლებას „ოხი" („არა") მიახალა, და იგი პოპულისტური ხასიათის საკმაოდ არეული, ფართო და ერთმანეთის მოპირისპირე ძალებისგან შემდგარი კონგლომერატით შეცვალა - იდეოლოგიური თვალსაზრისით, ხელისუფლებაში მოსული „სირიზას" კოალიციას, ქართულად „აჯაფსანდალიც" კი შეიძლება ეწოდოს, რადგან მასში უკიდურესად მემარცხენე რადიკალებთან, ტროცკისტებთან, „ეკოლოგებთან" და ანარქისტებთან ერთად გაერთიანებულია მემარჯვენე მოფაშისტო ელემენტებიც. კომუნისტები, როგორც ევროკავშირის პრინციპული მოწინააღმდეგენი და ეროვნული ვალუტის - დრაჰმის - დაბრუნების თანმიმდევრული მომხრენი, იმთავითვე ამ კოალიციის მიღმა და ოპოზიციაში აღმოჩნდენენ - და ესეც მიუთითებდა იმაზე, რომ ბერძნების უმრავლესობას, მიუხედავად ევროპასთან (სადაც გერმანია წამყვანი ძალაა) გაუთავებელი ფინანსური კონფლიქტისა, ევროზონის შესაძლო დამშვიდობებასთან დაკავშირებული ახალი დამატებითი სირთულეების გადატანა სულაც არ ეხატებოდათ გულზე. მათი იმანენტური, მუდმივმოქმედი, ხანაც ხმამაღლა გაცხადებული, ხანაც უთქმელი სურვილი კი იყო ვალის რესტრუქტურიზაციათან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა ევროპის ფარგლებში. ანუ, ევროპაში დარჩენა და არა გაძევება ევროპიდან.
საინტერესო მთელ ამ ისტორიაში ის გახლავთ, რომ ახალმა კოალიციურმა მთავრობამ, მემარცხენე-ცენტრისტის ალექსის ციპრასის მეთაურობითა და ბერძენი ხალხის სახელით, „მდიდარ" ევროპას სხვა, გაცილებით უფრო ღირსეული ტონალობით გაუბედა საუბარი. ბუნებრივია, რომ ამის შედეგად მოლაპარაკების დღის წესრიგში საბერძნეთის ევროკავშირში დარჩენა-არდარჩენის საკითხიც კი შევიდა. თამაშის ფსონები გაიზარდა. შესაძლო არჩევანი გამოიკვეთა შემდეგნაირად: ან საბერძნეთი საბოლოდ დარჩება საერთაშორისო და ევროპული ბანკების (ძირითადად, გერმანიის) კონტროლის ქვეშ, ან, როგორც ურჩი არგადამხდელი, გაირიცხება (ან თავად გავა) ევროს მოქმედების ზონიდან და ევროკავშირიდან (თან პოტენციურად, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგება ეჭვქვეშ მისი წევრობა ნატო-ში) და პერსპექტივაში გახდება რუსეთისა და მომავალი ევრაზიული კავშირის კლიენტი - მესამე, ნეიტრალური, ვარიანტი პატარა ქვეყნისთვის თანამედროვე მსოფლიოში ძნელი წარმოსადგენია.
იმავდროულად, მთელი ამ პროცესის განვითარების განმავლობაში, ყველა დონის დამკვირვებლები - გამობრძმედილი დიპლომირებული პოლიტოლოგებიდან ტაქსის უბრალო მძღოლებამდე - შესანიშნავად გრძნობდნენ (და გრძნობენ), რომ ამ პროცესის გულ-ღვიძლში ფულადის გარდა, სულ სხვა ნერვიც ტოკავს და ბერძნულ კრიზისს საკუთრივ ფინანსურ-ეკონომიკურის გარდა, სხვა, მეტაფიზიკური განზომილებებიც გააჩნია (თუმცა, ამის გაგება არაფრით არ სურთ „სულით წმინდა" ეკონომისტებს და იმ „ზანტ საშუალო მოქალაქეებს", რომლებიც მხოლოდ ბუღალტრული კატეგორიებით აზროვნებას არიან ჩვეულნი, მაგრამ ღვთის მადლით, დედამიწაზე ჯერ კიდევ ბლომადაა მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც სხვა ფაქტორებსაც აქცევენ ყურდაღებას). ფაქტია, რომ ამ დღეებსა და თვეებში საბერძნეთში ბევრი რამ ისეთი წყდება, რაც არა მარტო თავად ამ ქვეყნის, არამედ ევროპის საზღვრებსაც სცილდება - და ამის დანახვაც და აღიარებაც არც ისე რთულია. იგივე დამკვირვებლები, სავარაუდოდ, სათანადოდ შეაფასებენ იმ ფაქტს, რომ დათმობებზე წავიდა არა მხოლოდ საბერძნეთი, არამედ გერმანიაც, რომლის ერთ-ერთი გეგმა საბერძნეთის ევროზონიდან ხუთწლიან გარიცხვას გულისხმობდა. მაგრამ გერმანიასაც - შეგახსენებთ, თავადაც ოკუპირებულს - ვიღაც „სხვა" და გაცილებით ძლევამოსილი მეურვეობს, და იმ ოკეანისგადაღმელ „სხვას" სულაც არ აწყობს ევროკავშირის შესაძლო დაშლა და რუსეთის პოზიციების გაძლიერება რეგიონში. ფრაუ მერკელს, ვფიქრობ, კრიტიკულ მომენტში აგრძნობინეს, თუ ვინაა ევროპის ჭეშმარიტი მესაჭე და აღარ ურჩიეს ზედმეტი სიჯიუტის გამოვლენა და ერთმაგად ოკუპირებული გერმანიის მხრიდან ორმაგად ოკუპირებული საბერძნეთის მორიგი დამცირება, გაუპატიურება თუ „დაჩმორება" - რასაკვირველია, შესაძლებლობის ფარგლებში, რამეთუ ვალების ჩამოწერაზე ლაპარაკი არ ყოფილა. მაგრამ საზოგადოდ კომპრომისი ყოველთვის ორმხრივია.
და კიდევ ერთი თემა
საბერძნეთი საქართველოდან გეოგრაფიულად არცთუ ძალიან შორს მდებარეობს. ყველამ შესანიშნავად ვიცით, რომ უკანასკნელი ათწლეულების ისტორიული ბედუკუღმართობოს გამო საბერძნეთში გადახვეწილი ათიათასობით (თუ მეტი არა) ქართველი ემიგრანტი სარჩოს ამ ქვეყანაში შოულობს, მავანი კი ათენში თუ სალონიკში დაღვრილი ოფლის ფასად მოპოვებული ფულის წყალობით სამშობლოში დარჩენილ ოჯახებსაც კი არჩენს. საბერძნეთის კრიზისი არა იმდენად ირიბად, რამდენად პირდაპირ ურტყამს საქართველოს და ამიტომაც არა და ვერ იქნება მთლად უმნიშვნელო (თუნდაც, მორალური თვალსაზრისით) ის, თუ რა პოზიციას იკავებს ქართველი საზოგადოება ამ მოვლენის, მთლიანად ამ პროცესის მიმართ. ერთი მხრივ, სახეზეა ჩვენი „ელიტების" სწრაფვა ევროპისკენ, მეორე მხრივ კი გვაქვს იმის თვალნათელი მაგალითი, თუ როგორ ეპყრობა მდიდარი ევროკავშირი თავის გაურჩებულ თუ არცთუ იღბლიან წევრებს... რა თქმა უნდა, ყოველივე ეს - საკმაო საკვებია კრიტიკული გონების დასაძაბად. მთელ ქართველ საზოგადოებაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ ქართველთა საგრძნობი ნაწილი - მიუხედავად ყველაფრისა, რაც ზემოთ დავწერე - ემოციურად უფრო გერმანელების მხარესაა, ვიდრე ელინთა შთამომავლების - ვალებს გადახდა უნდაო... არა, ვალებს კი უნდა გადახდა, მაგრამ უპრიანია, იმაშიც კარგად და ღრმად ჩახედვა, თუ რა გზით დაგროვდა ესა თუ ის სახელმწიფო ვალი, ამის გაკეთება კი ჩვენებურ ცნობილ ეკონომისტებსაც და საშუალო მოქალაქეებსაც (როგორც, ალბათ, რიგით ბერძნებს) მაინცდამაინც არ უყვართ. ერთ-ერთი ყველაზე პიკანტური მომენტი კი ისაა - თავად არაერთხელ მომიკრავ ამისთვის ყური! - თუ როგორ კიცხავენ „ძალად მოევროპელო" ქართველები ტრანსპორტში, კაფეებსა და სახინკლეებში ზარმაც ბერძნებს - იფიქრებ კაცი, ამათ ხომ მთები გადააგორეს წინადღითო...
ხოლო უფრო ღრმად თუ გავყვებით ბერძნული კრიზისის ესთეტიკურ მხარეს, გამაგებინეთ: რატომ უნდა მეცოდებოდნენ კრედიტორები - გერმანიის, საფრანგეთის ბანკები და ა.შ. - ანუ ადამიანები ძვირფას კოსტიუმებში, „სირიზას" უბრალო ამომრჩევლებზე მეტად? აქ ხომ უბრალო, რიგით და პატიოსან გერმანელზე, ფრანგზე ან ესპანელზე არაა საუბარი. ვერ დავმალავ: რა თქმა უნდა, ჩემი სიმპათიები ბერძენი ხალხის მხარესაა - მას არაფერი დაუშავებია! მთელი ეს მეშჩანური საუბრები ბერძნების უნიათობასა და თანდაყოლილ სიზარმაცეზე, სხვა არაფერია, გარდა სამარცხვინო, ქსენოფობიაში გარდამავალი დემაგოგიისა. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მსგავსი ცინიკური განწყობები ბერძნების მიმართ საქართველოშიცაა გავრცელებული - სწორედ იმ საქართველოში, რომლის - როგორც ზემოთ აღვნიშნე -ათეულობით თუ ასეულობით ათასი მოქალაქე, ლეგალურად თუ არალეგალურად, სწორედ ბერძნული ეკონომიკის გახსნილობის წყალობით ირჩენს საკუთარ თავსაც და აქ დარჩენილ ოჯახებსაც. საზოგადოდ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ხალხთა ბედის განმგებელი ჩინოსნური ევრობიუროკრატია, თავად შობილი საერთაშორისო ბანკირების მიერ, ელემენტარულად „გაღორდა". ამ შთაბეჭდილებას კი თან ერთვის ერთი ბუნებრივი „ბერძნული" კითხვა: ხომ არ მოახლოვდა იმის დრო, რომ ბრიუსელისა თუ ამსტერდამის ცათამბჯენებში მოკალათებული ყველა ეს ქედმაღალი ვაჟბატონი, ქალბატონი თუ ტრანსგენდერი, თავისი კარგად დაცული ოფისებიდან გარეთ გამოიყვანონ და რეალურ, მიწიერ და ცოდვილ დედამიწაზე დაუშვან? მხოლოდ გამოადგებოდათ!
და ერთიც კიდევ. იყო დრო - ისტორიული საზომებით არცთუ ძალზე შორეული, მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევარი, - როდესაც მაშინდელი ევროპის საუკეთესო შვილები ყველანაირად ეხმარებოდნენ ოსმალეთის ომპერიის ერთ-ერთ ურჩ პროვინციას, საბერძნეთს, რათა მას როგორმე და რაც შეიძლება მალე დაეღწია თავი ჩამორჩენილი აზიური დესპოტიისგან. იმხანად ევროპელი „ფილელინები" მხარში ედგნენ მებრძოლ ბერძნებს, სიცოცხლესაც არ იშურებდნენ მათთვის და ეწირებოდნენ კიდეც საბერძნეთის თავისუფლებას - ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ამისა ინგლისის უდიდესი პოეტისა და ლორდის, ჯორჯ გორდონ ბაირონის ბედიცაა. დღეს კი... წარმომიდგენია, თუ როგორ „ლამაზად" შეამკობდა გაცოცხლებული ლორდი ბაირონი - მიუხედავად თავისი საარაკო რომანტიზმისა - ფრაუ მერკელსა და ევროკავშირის სხვა „მევახშე" ლიდერებს. ფაქტია, რომ მას მერე ძალიან, ძალიან შეიცვალა „ბებერი" ევროპა!
დღეს საბერძნეთის მოქმედი მთავრობა რთულ მდგომარეობაშია. ერთი მხრივ, მან მიაღწია დეკლარირებულ წარმატებას - მართალია, მძიმე პირობებში, მაგრამ საბერძნეთი მაინც „შეჩვეულ ჭირში", ნაცნობ ევროპულ გარემოში რჩება. ცხოვრება თანდათან ჩადგება ნორმალურ კალაპოტში, ბანკები და სასტუმროები გაიხსნება, ტრანსპორტი იმუშავებს, ტურისტები ჩამოვლენ და ა.შ. მეორე მხრივ, ისიც ცხადია, რომ ციპრასი აუცილებლად გახდება სამიზნე იმ „მოძმე" ძალებისთვის, რომელთა საერთო სურვილად ევროკავშირის დატოვება და - უფრო შორით - ევროკავშირის საერთოდ დაშლა რჩება (უკიდურესად მემარჯვენეები და კომუნისტები). ამას - ეს მოსალოდნელია - მალე დაერთვება მასობრივი ელექტორატის „საბიუჯეტო" ნაწილის უკმაყოფილებაც. მართლაც, ციპრასის მიერ მიღწეული კომპრომისის შედეგად მდიდრებთან და წარჩინებულებთან ერთად შედარებით ღარიბებსაც მოუწევთ ქამრების შემოჭერა, პერსპექტივაში იმატებს საპენსიო ასაკი, იზრდება გადასახადები და ა.შ. ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ მხოლოდ პოპულიზმით ფონს ვერ გახვალ. სისტემურ კრიზისში შესვლაა ადვილი, თორემ კრიზისიდან გამოსვლა - ნებისმიერი მთავრობის დროს - ძალზე რთულია. თანაც ასეთი „უანგარო" ძმა-მოკავშირეები რომ გეყოლება გვერდით, როგორც თანამედროვე ევროკავშირშია...
ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, საბერძნეთს ცხარე და ცხელი დღეები, თვეები და წლები მოელის. მე კი დიდოსტატ ციპრასს თუნდაც იმას დავუფასებდი, რომ მან - სურდა მას ეს თუ არა - ევროპულ „ჰუმანურობასა" და „სოლიდარობას" ნიღაბი ჩამოხსნა.
სასხვათაშორისოდ კი ისიც ვთქვათ, რომ ბერძენი ხალხი აძლევს კარგ მაგალითს ქართველ ხალხს, თუ რანაირად, რა მექანიზმებითა და რანაირი შემართებით უნდა შეებრძოლო ლევიათანს - მიუხედავად იმისა, თუ რა სახელმწიფო სახელი დაერქმევა მას რაღაც კონკრეტულ ვითარებაში!
მწერალი, პუბლიცისტი
გიორგი ლორთქიფანიძე