ოლიმპიური ცეცხლი თბილისშია, - ცეცხლი საზეიმო ვითარებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აანთო.
მთავრობის მეთაურმა ოლიმპიური ცეცხლის დედაქალაქში შემოსვლა სრულიად საქართველოს მიულოცა.
ოლიმპიურმა ჩირაღდანმა 700 მეჩირაღდნესთან ერთად საქართველოს 67 მუნიციპალიტეტი მოიარა და დღეიდან, ოლიმპიური ფესტივალის დასრულებამდე, თბილისში დარჩება.
„დღეს არის საოცარი დღე. ზუსტად ორი თვის წინ, ჩვენთვის ყველასთვის საამაყო და სიმბოლურ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოლიმპიურ დედაქალაქ ათენში აინთო ცეცხლი, რომელიც ჩვენი დედაქალაქისთვის იყო განკუთვნილი. ზუსტად 9 დღეში ჩვენი დედაქალაქი უმასპინძლებს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ოლიმპიურ ფესტივალს და ეს თამაშები განსაკუთრებულია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი სპორტსმენებისთვის. თბილისი მზად არის, ღირსეულად უმასპინძლოს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. მინდა, ჩვენს საამაყო სპორტსმენებს ვუსურვო წარმატებები. მჯერა, ჩვენ ძალიან ბევრ ოქროს მედალს მოვიპოვებთ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელს ლერი ხაბელოვს, თბილისის მერს დავით ნარმანიას და „თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს ალექსი ახვლედიანს. მთავრობის მეთაური ასევე განსაკუთრებით მიესალმა მოხალისეებს, რომელთა თანხლებით ოლიმპიურმა ცეცხლმა მთელი საქართველო შემოიარა.
ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლასთან დაკავშირებულ საზეიმო კონცერტზე ირაკლი ღარიბაშვილი შვილებთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე ოლიმპიური ჩირაღდანი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მიიტანა.
ოლიმპიური ცეცხლი დედაქალაქში დღეს შემოვიდა. საზეიმო ესტაფეტა ევროპის მოედნიდან დაიწყო, სადაც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა ოლიმპიური ცეცხლი თბილისის მერს დავით ნარმანიას გადასცა.
ოლიმპური ცეცხლი ათენიდან 26 მაისს ბათუმში ჩამოვიდა. 52 დღის განმავლობაში ოლიმპიურმა ცეცხლმა საქართველოს მასშტაბით 67 მუნიციპალიტეტის ქალაქი და დასახლებულ პუნქტი მოიარა. ესტაფეტაში 700-მდე მეჩირაღდნემ მიიღო მონაწილეობა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)