19 ივლისს, ჩოხატაურში ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის გიორგი კეკელიძისა და მედიასახლ „გურია ნიუსის" ინიციატივით 13 ივნისს, სტიქიის დროს, დაღუპული ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ბიბლიოთეკას სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული 50 წიგნი უკვე გადასცა და მომავლშიც გეგმავს თანამშრომლობის გაგრძელებას.
ჩოხატაურში, მედიასახლ „გურია ნიუსის" ოფისში, ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკისთვის ფართი გამოიყო, რომელიც მოხალისეების ძალისხმევით გარემონტდა და კომპიუტერებითა და სხვა ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკისთვის წიგნები შეიძინეს. ბიბლიოთეკას წიგნები გადასცეს, ასევე, გამომცემლობებმა და კერძო პირებმა. პირველ ეტაპზე ბიბლიოთეკა ათასზე მეტი წიგნით დაკომპლექტდება.
ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკაში მკითხველებს უახლესი ლიტერატურის გაცნობის, ინტერნეტის შეუზღუდავი წვდომისა და სხვადასხვა სახის შეხვედრების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ.