ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ გახსნეს.
ახალგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრი, ქვემო ნატანებთან ერთად მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებსაც მოემსახურება. ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. შენობაში განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკაც.
„მინდა, მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს და მინისტრ თეა წულუკიანს. ეს არის ადგილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს კომბინირებულად გაეწევა კონსულტაცია. ადგილობრივი თვითმმართველობა თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაში, ვინაიდან მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ისეთი სერვისების ადგილზე, სოფლიდან გაუსვლელად მიღება, რასაც ნატანების საზოგადოებრივი ცენტრი გვთავაზობს", - განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.
საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის. ნატანების საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობას საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა სოფლიდან გაუსვლელად შეეძლება, რაც მათ რაიონულ ცენტრამდე ტრანსპორტირების თანხებისა და დროის დაზოგვის საშუალებას მისცემს. საზოგადოებრივი ცენტრი მომხმარებელს დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება, ქონების რეგისტრაცია და საბანკო მომსახურებას სთავაზობს.
საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას, ასევე სახელმწიფო სერვისების განვითარების თავმჯდომარე შიო ხეცურიანი, გურიის მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.