reportiori.ge - ლაშა ტუღუში: რუსეთის სახელმწიფო ტელეარხები საქართველოს მოსახლეობას წამლავენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:26
ინტერვიუ
ლაშა ტუღუში: რუსეთის სახელმწიფო ტელეარხები საქართველოს მოსახლეობას წამლავენ
ავტორი:
20 ივლისი, 2015. 16:16


გაზეთ „რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში ქვეყანაში რუსეთის სახელმწიფო არხების პროპაგანდასა და მისგან წამოსულ საფრთხეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ „რუსეთის სახელმწიფო არხები საქართველოს მოსახლეობას წამლავენ". ამ და რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ სხვა პრობლემებზე ლაშა ტუღუში „რეპორტიორს" ესაუბრა.

 

- საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართა. როგორ ფიქრობთ, რა გზებს უნდა მიმართოს ხელისუფლებამ სიტუაციის გასაუმჯობესებლად?


- მხოლოდ სიტყვიერი თუ პოლიტიკური განცხადებების, მათ შორის დიპლომატიური არხებით განცხადებების კეთების გარდა, რაღაცები უნდა გავაკეთოთ დამატებით. საზღვრის მიმდებარე სოფლებში მიწის რეგისტრაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. პროცესი დაწყებულია, გარკვეული პროცენტი ამ მიწების დარეგისტრირებულია, მაგრამ დაჩქარებაა აუცილებელი, რადგან დაზარალებული ადამიანების ნაწილი ჰაერშია გამოკიდებული. ეს მნიშვნელოვანი ბერკეტია, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათ სამართლებრივი ბერკეტით, საერთაშორისო სასამართლოებში იპოვონ სამართალი. ეს არის ერთ-ერთი ეფექტური გზა. ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა დააჩქაროს პროცესი.


- იმ პირების მიმართ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომლებსაც საკუთარი საცხოვრებლების დატოვება იძულებით უკვე მოუხდათ?


- უნდა დარეგისტრირდეს იმ ადამიანების მიწები, რომლებიც არიან იძულებით გადაადგილებულები, მოუწიათ თავიანთი სოფლების, მიწა-წყლის დატოვება. რაც შეიძლება მალე უნდა მოიძებნოს გზა, რომ მეტად ეფექტური გახდეს სარჩელების და საჩივრების სქემები.


ასევე, საჭიროა გაირკვეს, თუ სად შეიძლება კიდევ შეიქმნას ანალოგიური პრობლემა. ოკუპანტის ლოგიკა გაუგებარია და ისინი სად მოდიან, რა ლოგიკით მოდიან, ვერავინ იგებს. ამიტომ, აქაც მეტი ინფორმაციის ქონაა საჭირო. ძალიან რთულია, მთავრობამ გაიგოს ოკუპანტის ლოგიკა, მაგრამ მაინც, მეტი მუშაობა გვჭირდება მთლიანად საზოგადოებას.


- ბაქო-სუფსის მილსადენის გარკვეული ნაწილი საოკუპაციო ზოლში მოექცა. როგორ ფიქრობთ, დამატებით რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას ამან საქართველოს?


- პირველ რიგში, არ ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევითი ნაბიჯი იყო. აქაც მეტი ძალისხმევა გვჭირდება, განსაკუთრებით დიპლომატიური არხებით. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრობლემა არ ეხება მხოლოდ საქართველოს. ის სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც საქართველოს მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე აქვს, სერიოზული საფრთხის ქვეშ დგება. ეს არ დაარტყამს მხოლოდ საქართველოს. ეს დაარტყამს დასავლეთის ინტერესებსაც. ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავანახოთ დასავლეთს ეს ყველაფერი კარგად. რადგან დღეს მსოფლიოში ბევრი პრობლემაა და მათი ყურადღება ჩვენმა აქტიურობამ უნდა მიიპყროს. ეს თემა მეტად არის ასაწევი და უფრო მეტი ხმაურია საჭირო, რადგან ხვალ შესაძლოა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტოს რუსეთმა.

 

- რაც შეეხება რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო არხებს. როგორ ფიქრობთ, იმ ვითარებაში, როგორშიც საქართველო იმყოფება, უნდა ხდებოდეს თუ არა რეგიონებში რუსული სახელმწიფო არხების ტრანსლირება?


- ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რადგან არ გვაქვს განსაზღვრული, თუ რას ვუშვრებით იმ რუსულ არხებს, რომლებიც წამლავენ ჩვენს მოსახლეობას. საკაბელო არხები აკეთებენ ამაში ფულს. ჩვენ ამას ვუყურებთ ძალიან მარტივად და ვხედავთ, საწამლავის შედეგად როგორ იზრდება პრორუსული განწყობები საქართველოში. სიცრუის მანქანა, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს, გავლენას ახდენს საზოგადოების ცნობიერებაზე და დამოკიდებულებებზე, თუნდაც ამ კონფლიქტთან დაკავშირებით. ასეთ ფაქტებს პრობლემურად აღიქვამენ განვითარებული ქვეყნები, რომლებიც ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ საპირისპირო მიმართულებით. ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს რუსეთთან ამ მიმართულებით დასაპირისპირებლად. ან სამართლებრივი გზით უნდა შევზღუდოთ ეს არხები, რადგან რუსული არხები ეწევიან ომის პროპაგანდას და თესავენ სიძულვილს, ან პირდაპირ უნდა ვთქვათ უარი ამ არხებზე. საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ ტელევიზიასთან, ჩვენ ვართ ომის მდგომარეობაში ამ ქვეყანასთან. შევხედოთ ლიტვას, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით ჩახსნა ეს არხები თავისი საინფორმაციო სივრციდან. უკრაინაშიც შეიზღუდა ეს არხები.


- რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აპირებთ ამ მიმართულებით?

 

- ვაპირებ, მივმართო მთავრობას. ასევე, კარგი იქნება, თუ შევხვდებით საკაბელო არხების ხელმძღვანელებს და ვისაუბრებთ ამ საკითხზე. თუ ისინი უარს იტყვიან ამ საწამლავზე, არ მგონია ეს მათ ბიზნესზე აისახოს. მათი მხრიდან ეს იქნება ძალიან სერიოზული მორალური ნაბიჯი.


ზოგადად არაქართულენოვანი არხების გავრცელების პრობლემა საქართველოში მწვავედ დგას. მაგალითად, ჯავახეთში მოსახლეობის 60%-მდე უყურებს სომხურ არხებს. 40%-მდე კი უყურებს რუსულ არხებს. „საზოგადოებრივ მაუწყებელს" უყურებს 4%-მდე. ქვემო ქართლშიც დაახლოებით მსგავსი ვითარებაა. იქ დომინირებს აზერბაიჯანული და თურქული არხები. ნაკლებია რუსული არხები, მაგრამ ქართული არხები ბევრად ნაკლებ პროცენტს იკავებენ.


ამიტომ განსხვავებულად უნდა მივუდგეთ საკითხს ამ ტიპის რეგიონებში და განსხვავებულად უნდა მივუდგეთ საკითხს დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში. არ შეიძლება მივენდოთ ვითარებას და არაფერი ვიღონოთ რაიმეს შესაცვლელად. თვალსა და ხელს შუა იცვლება განწყობები და დასაფიქრებელია, რომ ეს განწყობები არ იცვლება საქართველოს განვითარების ლოგიკიდან გამომდინარე. ამიტომ სწორედ ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016