სანდრო გირგვლიანის მეგობარი კრიმინალური პოლიციის ყოფილ თანამშრომელ გელა მებონიას სანდრო გირგვლიანის ღირსების შელახვისთვის პასუხს სთხოვს.
„საიდან მოიგონე ამდენი ტყუილი? რის მიღწევას ცდილობ? აქამდე შენს ბოდვებზე რეაგირებას არ ვახდენდი, რადგან არასერიოზულად მივიჩნევდი შენს განცხადებებს, მაგრამ ყოველგვარ ზღვარს გადახვედი და ოფიციალურ პასუხს მოგთხოვ - პატივისა და ღირსების შელახვისთვის!!!! რაც მთავარია, სანდროს სულის შეურაცხყოფისთვის!"- მიმართავს ლევან ბუხაიძე მებონიას.
გირგვლიანის მეგობარი გაზეთ "ასავალ-დასავალში"დაბეჭდილ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც გელა მებონიამ აღნიშნა, რომ სანდრო გირგვლიანი მკვლელობამდე გააუპატიურეს. ბუხაიძე მებონიას ცილისწამებლურ და პროვოკაციულ განცხადებებში გაზეთ „ასავალ-დასავალს" კი პროვოკატორების გაპიარებაში ადანაშაულებს.
„გაოგნებული ვარ, ადამიანებს სადამდე შუძლიათ დაცემა. ინტერვიუ ძალიან ჰგავს დაგეგმილ პროვოკაციას. ვერ ვხვდები, რაში სჭირდება გაზეთს ასეთი შეურაცხმყოფელი ჭორაობა, ყველას მოგმართავთ, განსაკუთრებით ჟურნალისტებს - იმ ავბედით დანაშაულსა და სანდროს ტრაგიკულ სიკვდილზე ნურავინ აპიარებთ მებონიასნაირ პროვოკატორებს და ამით საკუთარი გამოცემის რეიტინგის გაზრდას ნუ ცდილობთ! "- განაცხადა ლევან ბუხაიძემ.