reportiori.ge - ვინ აგებს პასუხს დარღვევით განხორციელებულ შეწყალებაზე?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 14:27
მთავარი თემა
ვინ აგებს პასუხს დარღვევით განხორციელებულ შეწყალებაზე?
ავტორი:
28 ივლისი, 2015. 02:11



საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხონის ყოფილი გამგებლისა და „ნაციონალური მოძრაობის" ხონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ლევან ბობოხიძის შეწყალებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ბობოხიძეს დანაშაული დაუმტკიცდა, სასამართლომ მას 3,6 წლით თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯა, მაგრამ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, ციხეში მხოლოდ 8 თვე გაატარა.


ლევან ბობოხიძემ, მისი ახლობლის, ნიკოლოზ კირთაძისთვის მატერიალური სარგებლის მისაღებად, დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და ყალბი დოკუმენტებით სამასალე და საშეშე მერქნის გაფლანგვას.


კერძოდ, 2010 წელს ლევან ბობოხიძის მიერ ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ ჯიბუხაიამ და გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძემ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამასალე და საშეშე მერქანი, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის დადგენილების თანახმად, სოციალურად დაუცველი მოსახლებისთვის უნდა გადაეცათ, უსასყიდლოდ გადასცეს ნიკოლოზ კირთაძეს. ამ უკანასკნელმა კი მიღებული მერქანი ცალკეული მოქალაქეების სახელზე შედგენილი ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ჩააბარა ხის გადამამუშავებელ საამქროებს, რომელთა ხელმძღვანელებმა ლევან ბობოხიძის დავალებით, მიღებული მერქნის საბაზრო ღირებულების თანხა ნიკოლოზ კირთაძეს გადასცეს.


აღნიშნული ქმედებით გაიფლანგა ხონის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული 20 240,69 ლარის ქონება, - სწორედ ამ ეპიზოდში გამტყუნდა ბობოხიძე, თორემ ის, რომ 2006-დან 2012 წლამდე, გამგეობის თანამშრომლებისგან ყოველთვიურად ხელფასის 10%-ს კრეფდა და იჯიბავდა, არ დაუმტკიცდა. არადა, ამაზე მთელი ხონი საუბრობს.


ყველაფერ ამაში საინტერესო კი თავად პრეზიდენტის მიდგომაა, რომელმაც თავის მიერვე მიღებულ კანონს გადააბიჯა...


გიორგი მარგველაშვილმა 2014 წლის 27 მარტს გამოსცა ბრძანებულება № 120, რომლითაც ახლებურად დაარეგულირა შეწყალების გამოყენების წესი.


ამ ბრძანებულების მეორე მუხლის მეორე ნაწილის „დ" ქვეპუნქტის თანახმად, დადგენილია, რომ შეწყალება არ გამოიყენება იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია არაუმეტეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი აქვს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ერთი მესამედი. შეგახსენებთ, რომ გათავისუფლების მომენტში ლევან ბობოხიძეს მისჯილი 3 წელი და 6 თვიდან მოხდილი ჰქონდა მხოლოდ 8 თვე, ანუ ეს მუხლი დარღვეულია.


ამავე ნორმის „კ" ქვეპუნქტის თანახად, შეწყალება ასევე არ გამოიყენება იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომლის საქმის განხილვა არ არის დასრულებული საქართველოს სამივე ინსტანციის საერთო სასამართლოში. ეს მუხლიც დარღვეულია, რადგან ლევან ბობოხიძის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის განაჩენი ბრალდების მხარის მიერ საუარესოდ შებრუნების მოთხოვნით 2015 წლის 19 მაისს გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.


დებულების მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დადგენილია, რომ შეწყალების გამოყენების დროს მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებანი: აღიარებს თუ არა და ინანიებს თუ არა მსჯავრდებული ჩადენილ დანაშაულს, ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიში ხასიათი და მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე ინფორმაცია.


ბობოხიძემ არათუ მოინანია, არამედ არასდროს, არც კი უღიარებია ჩადენილი დანაშაული, სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანიდან - 20 420 ლარი, ერთი თეთრიც კი არ არის ანაზღაურებული და ბოლოს, მას მსჯავრი დაედო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის. შესაბამისად, ეს მუხლიც დარღვეულია.


შეწყალების აქტში არის გარკვეული შეუსაბამობები. როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მიერ განაჩენი გასაჩივრებულია უზენაეს სასამართლოში. ლევან ბობოხიძე გამართლდა ბრალდების ერთ ეპიზოდში, კერძოდ, საჯარო მოხელეებისაგან თანხების აკრეფის ნაწილში (სსკ-ს 180-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თ/ა 7-დან 10 წლამდე ვადით სასჯელს). არსებობს შანსი, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, იგი კვლავ აყვანილი იქნას სასამართლო დარბაზიდან და საინტერესოა, ამ შემთხვევაში რას იზამს პრეზიდენტი?!


ფაქტი ერთია: პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ არღვევს კანონს და საინტერესოა, წინა პრეზიდენტის მიერ დამკვიდრებული ტრადიცია, პრეზიდენტი ყოველთვის მართალია და პასუხს არაფერზე აგებს, ახლაც უნდა გაგრძელდეს? ვინ აგებს პასუხს დარღვევით განხორციელებულ შეწყალებაზე? რა ვიცი, მარგველაშვილი არ გვპირდებოდა კანონის უზენაესობას? იმ კანონისას, ახლა რომ დიდოელი ლეკის ნაბადივით გათელა...

 

გიორგი იაშვილი

გაზეთი „ვერსია"




 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016