რამდენიმე პროდუქტი, რომლებიც ბავშვთა კვებაშიც საკმაოდ მიღებულია, შესაძლოა პატარა ორგანიზმისთვის მავნებელი აღმოჩნდეს. დიეტოლოგები გირჩევენ, სიფრთხილით მოეკიდოთ ზოგიერთ პროდუქტს, რომლებიც სასარგებლოდ არის მიჩნეული.
ყველა დედამ იცის, რომ ჩიპსები, გაზიანი სასმელები და კარტოფილი ფრი სასარგებლო არ არის, მაგრამ იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლების მიცემაც 3 წლამდე ბავშვებისთვის ასევე არ არის სასურველი, გაცილებით ვრცელია.
ხორცისა და თევზის ნახარში
ხარშვისას ბულიონში ბევრი ექსტრააქტიური ნივთიერება გადადის, რომლებიც ბავშვის კუჭ-ნაწლავისთვის გამაღიზიანებელია. ამიტომ ჯობია, პატარას ბოსტნეულის ნახარშზე დამზადებული წვნიანი მისცეთ, რომელშიც ბულიონიდან ამოღებული ხორცი იქნება გარეული.
ძეხვი
ძნელად მოიძებნება დედა, რომელიც პატარა ბავშვს შებოლილ ძეხვს აჭმევს, სამაგიეროდ, ჰგონიათ, რომ მოხარშული (საექიმო) ძეხვი ან რძიანი სოსისი უფრო უვნებელია. სულ ტყუილად - მათში მდენი ცხიმი, მარილი და საკვები დანამატებია, რომ ბავშვისთვის გასინჯვაც არ ღირს.
ხიზილალა
ვიცით, რომ ეს დელიკატესი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს და ბავშვებს ვაძალებთ კიდეც. საბედნიეროდ, პატარების უმრავლესობა პირს არ აკარებს მას და ეს ძალიან კარგია. 3 წლის ბავშვის კუჭ-ნაწლავი ნამდვილად არ არის მზად ასეთი რთული ნივთიერებების გადასამუშავებლად. ნაწლავებს გააღიზიანებს, სასარგებლოს კი ორგანიზმი ვერაფერს შეითვისებს.
ზღვის პროდუქტები
ბავშვმა, რომელსაც კარგი მადა აქვს, შეიძლება კრევეტებსა და კალმარებზე უარი არ თქვას. იცოდეთ, რომ ეს პროდუქტები გამორიცხულია ბავშვთა კვებიდან.
მწნილები
კომბოსტოს, კიტრის მარინადები, ასევე ზეთისხილი 3 წლამდე ასაკში სასურველი არ არის. როგორც წესი, მათ არც იზიდავთ ეს საკვები. ეს პროდუქტი მარილის და სანელებლების გამო არის ბავშვთა კვებიდან ამოღებული. ცუდად მოქმედებს თირკმელებზე.
სოკო
არავითარი ტყის თუ სათბურის სოკო სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის არ შეიძლება (ზოგიერთი პედიატრისა და დიეტოლოგის აზრით - 12 წლამდეც კი). ეს პროდუქტი ძალიან მძიმედ შეითვისება და შეიძლება კუჭ-ნაწლავის მოქმედება დაარღვიოს.
მოჭიქული ყველეული
ე.წ. "სიროკის" შემადგენლობაში შაქარი, ცხიმი, არომატიზატორები, ემულგატირები, სტაბილიზატორები შედის. ხაჭო იმდენად მინიმალური რაოდენობითაა, რომ ამ პროდუქტის შემცვლელად ნამდვილად ვერ გამოდგება.
ნაყინი
წაიკითხეთ მისი შემადგენლობა და ყოყმანი, მისცეთ თუ არა, უცებ გაგიქრებათ. ემულგატორები, სტაბილიზატორები, არომატიზატორები, მცენარეული ცხიმები - ეს ნაყინში შემავალი ყველა კომპონენტი არაა, რომელიც პოტენცურად საფრთხის შემცველია ბავშვისთვის.
ფუნთუშები
ვაფლი, ტორტი, ნამცხვარი, ფუნთუშები ბავშვის ჯერ ჩამოუყალიბებელი კუჭქვეშა ჯირკვლისთვის დიდი დატვირთვაა.
მით უმეტეს, თუ ეს ნაწარმი ქარხნულია, ქიმიური დანამატებიც ექნება. საბოლოოდ ეს არა მარტო კალორიების ნაკრები, ალერგენების ბუდეცაა.
შოკოლადი
3 წლამდე ბავშვისთვის არ შეიძლება, რადგან კაკაო საკმაოდ ალერგიულია. მით უმეტეს, რომ შოკოლადის კანფეტები სხვა ხელოვნური დანამატებით არის გამდიდრებული. ამით ალერგიის რისკი მატულობს.
გაითვალისწინეთ, 3 წლამდე ბავშვის ორგანიზმი ვერ მოინელებს ყველაფერს, რაც სამზარეულოს მაგიდაზე გამოჩნდება. თუ ზედმეტი პრობლემების გაჩენა არ გსურთ, მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოთ დიეტოლოგების რჩევებს.
წყარო: mshoblebi.ge