საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ევროპის ბევრ, განვითარებული ეკონომიკის ქვეყანაში ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოები დღესაც წარმატებულად ფუნქციონირებენ.
როგორც ცუცქირიძემ „კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მიღებული კანონის ძალაში დროულად შესვლა ეკონომიკურ აქტივობას დადებითად წაადგება და სწორედ ეს უნდა იყოს დღეს მთავარი ამოცანა და არა ამ პროცესის ხელოვნურად შეჩერება.
„ჩემთვის ცოტა გაუგებარია, თუნდაც წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, სხვა რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს ან რა ზედმეტი ისეთი ფუნქცია აქვს, რომელიც სებ-ის დამოუკიდებლობას ასე აკნინებს? საბანკო ზედამხედველობის სამსახურების ცალკე სტრუქტურულ ერთეულად გამოყოფა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ძირითადად 1993--2006 წლებში მოხდა. ერთადერთი შემთხვევა უკან დაბრუნებისა არის ბრიტანეთის მაგალითი, სხვა მსგავსი მაგალითი არც მახსენდება. ზოგადად კი, 2008 წლამდე ცალსახად მიიჩნეოდა, რომ მონეტარული და საზედამხედველო ფუნქციების ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევა შეიცავდა კონფლიქტს მონეტარულ სტაბილურობას და ფინანსურ სტაბილურობას შორის. თუ ობიექტურები ვიქნებით, ეს ასეც არის, რადგან გლობალიზაცია და საფინანსო ბაზრების ინტეგრაცია ქმნის ახალ კონგლომერატებს, რომლებსაც ხშირად ცალკე მდგომი ზედამხედველი უკეთესად არეგულირებს, თუმცა, 2007-2008 წლების გლობალური კრიზისის შემდგომ, გაჩნდა ახალი თვალსაზრისი კრიზისებისას ერთი ქოლგის ქვეშ ზედამხედველობის პრიორიტეტზე, რაც გულისხმობს ფინანსური ინფორმაციის გაცვლის, დამუშავების და გადაწყვეტილების მიღების უკეთეს ალტერნატივას. მაგრამ ეს არ არის ერთიანი იმპერატიული დოგმა. ევროპის ბევრ და ამასთანავე, განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, სადაც მოქმედებს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოები, მათ შორის, მეგარეგულატორის მოდელით, დღესაც წარმატებულად ფუნქციონირებენ", - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
მისივე განმარტებით, თუ უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ არჩევანი შეაჩერა ამ მოდელზე, რომელზეც მუშაობა 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს გვაქვს თვისობრივად ახალი კანონი, ახლა უკან დაბრუნებაზე მსჯელობა არასწორია.
„ჩვენ უნდა შეგვეძლოს მიღებული გადაწყვეტილებების ბოლომდე მიყვანა და მისი გაუმჯობესება, თუ გვინდა, სახელმწიფო გვერქვას. აქ ვგულისხმობ თუნდაც მომავალში საფინანსო ზედამხედველობის ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას, და საფინანსო სექტორის სხვა ზედამხედველების, მათ შორის, სადაზღვევო და საპენსიო ფონდების ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევას. სწორედ ეს არის ევროპული გამოცდილება, მით უმეტეს, მორგებულია ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისათვის", - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
წყარო: „კომერსანტი"