reportiori.ge - ინგა ფერაძე: რა გზაც მე გავიარე, 20 ადამიანის სიცოცხლეს უდრის... (ფოტორეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 11:52
სხვადასხვა
ინგა ფერაძე: რა გზაც მე გავიარე, 20 ადამიანის სიცოცხლეს უდრის... (ფოტორეპორტაჟი)
ავტორი:
29 ივლისი, 2015. 22:31




ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია ინგა ფერაძის ნამღერი, მისი ხმის ტემბრი გაუგია და მასთან მცირე ხნით უსაუბრია, დამეთანხმება, რომ ამ ადამიანის სითბო სასწაულად გადამდებია და ხვდები, რომ სამყარო არცთუ ისე სასტიკია.


70-80-იანი წლებში ინგა ფერაძე პოპულარული მომღერალი ქალი იყო, მთელი საქართველო მის ნიჭს ეთაყვანებოდა. დღეს კი ქვეყნიდან შორს, ემიგრაციაში, ბრიუსელში ცხოვრობს.

პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა. მისი ბედი სავსეა დრამატული მოვლენებით.

მე-17 დაბადების დღის აღნიშვნისას მომხდარი ჩხუბის გამო დააპატიმრეს და ადამიანის დაჭრისთვის გაასამართლეს, თუმცა უდანაშაულო იყო. მიუხედავად ამისა, ციხეს ემადლიერება და ამბობს, რომ რეალური ცხოვრება იქ ისწავლა.


მომღერალი მისი ცხოვრების მოგონებებს იხსენებს:


„კაფეში ჩემს დაბადების დღეს აღვნიშნავდი. იმ დღეს, ასევე, ქეიფობდა ამ კაფეს დირექტორის შვილი, რომელსაც კრივში საქართველოს ჩემპიონები ახლდნენ. მათ გალახვას მაბრალებდნენ სიფრიფანა გოგოს. მოვიდნენ და მითხრეს, ვიცეკვოთო. ვუპასუხე, არ ვცეკვავ და თავი დამანებეთ-მეთქი. ჩემმა გოგოებმაც უარი უთხრეს. ამის გამო ჩხუბი ატეხეს, იგინებოდნენ, ყვიროდნენ. შეგინება ასე არ უნდა-მეთქი, ბოთლი ავიღე და გავუქანე. არავის მოხვედრია, კედელს მიეფშვნა. ამის მერე ბიჭებმა ხელჩართული ჩხუბი გამართეს. ჩემი ბრალი კი იყო, ჩხუბი რომ ატყდა, მაგრამ დედის გინებას ვერავის ვაპატიებდი. მერე ჩხუბი გარეთ გაგრძელდა და იქ ვიღაც დაჭრეს. ამ დროს კაფეს ადმინისტრატორი მილიციის დასაძახებლად მიდიოდა. ავდექი და იმას ვაგინე. რა ცუდი სიტყვებიც კი ვიცოდი, ყველაფერი მივახალე, მაგრამ არავინ დამიჭრია. ხულიგნობის მუხლით გამასამართლეს და 4 წელი ციხეში გავატარე.


სანამ ციხეში მოვხვდებოდი, მიამიტი, რომანტიკული გოგო ვიყავი. ფაქტობრივად, ციხეში ვისწავლე ცხოვრება. იქ რომ მეგობრობა იციან და დამოკიდებულებებში სისუფთავე, აქ ისეთი არ არის. დიდი ბიბლიოთეკა იყო და უამრავი წიგნი წავიკითხე. ღვთის სიტყვაც იქ ვისწავლე, ბიბლიას გავეცანი. ციხის მერე, კინოსამსახიობო სასწავლებელშიც ჩავაბარე.

სანამ დამიჭერდნენ, სუხიშვილების ანსამბლის ფილიალში ვცეკვავდი, ვუკრავდი კიდეც, მაგრამ არ ვმღეროდი.

სიმღერაც ციხეში დავიწყე და მას მერე აღარც გავჩერებულვარ.


ოთხი ქმარი მყავდა. ოთხივე არაჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ პირველს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა, მეორე ქორწინებისას მივხვდი, რომ არ მიყვარდა და წამოვედი. მერე უნგრელს გავყევი - მასთან ფიზიკური ურთიერთობა არ მქონია, ფული გადავუხადე და ფიქციური ქორწინება გავაფორმე, რადგან საზღვარგარეთ მინდოდა წასვლა.

უნგრეთში სხვადასხვა კლუბებში ვმღეროდი, მაგრამ უთბილისოდ მიჭირდა, თან მაშინ დედა ცოცხალი მყავდა და პერიოდულად ჩამოვდიოდი. ბოლოს კი ვეღარ გავძელი და დავბრუნდი. ერთი ქმარი განსაკუთრებით მიყვარდა, მაგრამ მან განსაკუთრებით მატკინა გული და იქ დამთავრდა ყველაფერი...


საქართველოდან წასვლა მაშინ მომინდა, როცა ბავშვს წყალწყალა სუპს ვაჭმევდი, კონცერტები აღარ იმართებოდა, მთელ საქართველოს უჭირდა. ყველაფერი გავყიდე და ჩემს გოგონასთან ერთად საცხოვრებლად ბრიუსელში გადავედი. ახლაც აქ ვარ. ჩემს ცხოვრებას თანამედროვე მონაზვნის ცხოვრებას შევადარებდი. ბრიუსელში, ეკლესიაში, საქრისტიანო მუსიკალურ მიმდინარეობას ვმღერი. ეს თანამედროვე გალობაა.

2002 წელს ძალიან გულნატკენი წავედი საქართველოდან. რა გზაც მე გავიარე, ერთის კი არა, 20 ადამიანის სიცოცხლეს უდრის. ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო. ეს არის ჩემი გზა ამ დედამიწაზე, ამიტომ არაფერს ვნანობ.



მიყვარს ჩემი თბილისი. ეს ქალაქი ჩემია და ვეთაყვანები, ყოველი ჩემი ამოსუნთქვა მას ეკუთვნის.

მე საქართველოს მოქალაქე ვარ და სამშობლოს სიყვარულს ვერავინ წამართმევს.


სამშობლოდან შორს ყოფნა ძალიან მიჭირს. ვგრძნობ, რომ ფიზიკურად ვარ უცხოეთში, თორემ გული თბილისში მაქვს დატოვებული. ბრიუსელში მოწესრიგებული ცხოვრებაა, მაგრამ მე ჩემი ქოთქოთა თბილისი მენატრება. მტკივა მისი ტკივილი და მიხარია მისი სიხარული. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მიყვარს ყველა ქართველი. თბილისის მენტალიტეტი სულ სხვაა. მტკვრის ჩურჩული მენატრება. მთელი ჩემი შემოქმედება საქართველოს ეძღვნება. ყველაზე გულიანად აქ მემღერება.










 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016