საქართველოს კულტურის პალატა წარმოგიდგენთ ქართული ეროვნული ბალეტ - "სუხიშვილები"-ს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით გრანდიოზულ დასკვნითი კონცერტებს ბათუმში, რომელიც 14,15 და 16 აგვისტოს ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში გაიმართება. ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი და საქართველში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.
კულტურის პაკლატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის განცხადებით, ეს იქნება დაუვიწყარი საღამო. მაყურებელი კიდევ ერთხელ იხილავს იმ განვლილ გზას, რაც სუხიშვილებმა 70 წლის განმავლობაში შექმნეს.
ქორეოგრაფიული ანსამბლი, დაარსდა 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილისხელმძღვანელობით. ანსამბლის მიერ ქართულ ცეკვაში განხორციელებული რეფორმა ახლოა ე.წ. „მოდერნ-ბალეტის" პრინციპებთან, თუმცა მისი არსით და პოეტიკით იგი ქართული ეროვნული ქორეოგრაფიაა და ანსამბლის დადგმული ცეკვები ქართულ ფოლკლორს ეფუძნება. 1945 წლის 11 ივნისს - გაიმართა პირველი კონცერტი ,1948 წელს - პირველად გასცდა საბჭოთა კავშირის საზღვრებს. 1970 წელს - მიენიჭა „აკადემიურის" სტატუსი. ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო ანსამბლს განხორციელებული აქვს ორასზე მეტი ტურნე. მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში გამართული აქვს 19200-ზე მეტი წარმოდგენა. ანსამბლის ქორეოგრაფიულ ხელოვნებას 60 მილიონზე მეტი მაყურებელი ეზიარა.
1967 წელს ანსამბლმა კონცერტი ლა-სკალაში გამართა და პირველი და დღემდე ერთადერთი ფოლკლორული დასი გახდა, რომელიც ამ თეატრის სცენაზე გამოვიდა.1985 წლიდან ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო თენგიზ სუხიშვილი. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი - ნინო სუხიშვილი. 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ანსამბლი მართავს ტურნეს საქართველოსა და მსოფლიოს მაშტაბით.თბილისში 13 ივნისს დატრიალებული მოვლენების გამო აღნიშნული კონცერტები იქნება საქველმოქმედო. მსურველებს ბილეთების შეძენა www. biletebi.ge- ს საიტზე შეუძლიათ.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)