შეკვეთილში ზღვას დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო ნარჩენები გამოაქვს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ინფორმაცია ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დაუდასტურეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს" შეკეთილში, კაპროვანის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონემ ნონა საბაძემ განუცხადა, ბოლო ოთხი დღეა, ზღვა თურქული წარწერებისა და ეტიკეტების მქონე პამპერსებს, ნემსებს, ბოთლებსა და სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს რიყავს.
მისივე ინფორმაციით, შექმნილი დისკომფორტის გამო, დამსვენებლები ზღვაში შესვლას ვერ ახერხებენ და შეკვეთილს ტოვებენ.
ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ზღვას თურქული გემიდან შეგნებულად ანაგვიანებენ, რათა ტურისტებმა შეკვეთილის ნაცვლად, თურქეთში დაისვენონ.
„ოთხი დღეა, 16:00 - დან 18:00 საათამდე ზღვიდან „ნაგვის ტალღა" მოდის. ზღვას გამოაქვს პამპერსები, ნემსები, ბოთლები. ოზურგეთის დასუფთავების სამსახურს ყოველ დღე ზღვიდან გამოტანილი ნაგვით სავსე დიდი მანქანა გააქვს. ზღვაში ჭუჭყი, ნაგავი, ქაღალდი ტრიალებდა. ყველაფერს თურქული წარწერები და ეტიკეტები აქვს, რაც საქართველოში არ იყიდება. როგორც ჩანს, თურქეთის ნაგავია", - აღნიშნა ნონა საბაძემ.
მისივე თქმით, დღეს ტერიტორია დაათვალიერეს ფოთიდან სათანადო სამსახურის წარმომადგენლებმა. საკითხში ჩართულია გარემოს დაცვის ოზურგეთის სამსახური და ნატანების მუნიციპალიტეტი.
„ყველა მდინარე შემოწმებულია, 15 დღეა არ უწვიმია და ნაგავი მდინარის მიერ ჩამოტანილი არ არის. შესაძლოა, ტურიზმის ხელშესაშლელად გემიდან ნაგავს სპეციალურად ყრიან. დაცლილია სასტუმროები, კლიენტები შეკვეთილს ტოვებენ. დაბინძურების გამო ვერ ბანაობენ. თბილისიდან და სომხეთიდან დაჯავშნილი ნომრები გააუქმეს. თურქეთი ყველანაირად ცდილობს, რომ საქართველოში ტურიზმს ხელი შეუშალოს და ტურისტები ანტალიაში მიიზიდოს. გამორიცხული არ არის, რომ თურქეთი საქართველოში მყოფ ტურისტებს დისკომფორტს უქმნის, რომ მათ თურქეთში დაისვენონ", - აღნიშნა ნონა საბაძემ.
მისივე ინფორმაციით, შეკვეთილის მსგავსად, ბოლო ორი დღეა, ანალოგიური სიტუაციაა ურეკშიც.
წყარო: „ინტერპრესნიუსი"