„როცა ხელისუფლებაში ყოფნისას ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გიწევს - ამის გამოცდას არავის ვუსურვებ" - უმრავლესობის წევრის თქმით მორალურად მძიმე განცდაა, როდესაც სახელმწიფოს თავისი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენება უწევს.
ბაქრაძემ 26 მაისს განვითარებული მოვლენების თავიდან აცილების დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა როგორც მაშინდელ ხელისუფლებას, ასევე მის ოპოზიციას ეკისრება. მისი თქმით, ამ ფაქტის თავიდან აცილება მარტივად შეიძლებოდა, მომიტინგეები უნდა დარჩენილიყვნენ ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე.
„ყველას გვახსოვს ჯაჭვი რომელმაც მიგვიყვანა 26 მაისამდე. 25 მაისის საღამოს დემონსტრანტებმა ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთაველზე, პარლამენტთან გადმოინაცვლეს, მეორე დღეს კი იმართებოდა აღლუმი. სამწუხარო იყო, რომ არცერთი მხრიდან არ გადაიდგა ნაბიჯები, რომელიც 26 მაისს აგვაცილებდა." - განაცხადა ბაქრაძემ. გადაცემა „პოლიტმეტრში" სტუმრობისას.
უმცირესობის წარმომადგენელი პრეზიდენტის ის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხევითაც „ამერიკული FBI-ს ჯგუფი შსს-ში იჯდა და მიტინგის დაშლის ყველა ეტაპს თვალყურს ადევნებდა."
ბაქრაძის თქმით, 26 მაისს ამერიკელი ექსპერტების გარკვეული ჯგუფი ნამდვილად იმყოფებოდა საქართველოში და ისინი პოლიციის თანამშრომლებს საზოგადოებასთან ურთიერთობის ტრენინგს უტარებდნენ. პოლიტიკური პროცესების განვითარების შემდეგ კი მათ კვლევა ჩაატარეს. კვლევის თანახმად, პოლიციის მოქმედება სტრატეგიულად გამართლებული იყო, თუმცა ძალის გადამეტების ფაქტს ჰქონდა ადგილი.