საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების პირობებში მიმდინარე სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ, გამომძიებელმა გიორგი ლომთაძემ განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულმა კობა ხარშილაძემ და მიხეილ ძაძამიამ 2005 წლიდან დღემდე გამოძიებას არასრული ჩვენება მისცეს, გამოძიების მასალებით კი სხვა რამ დასტურდება
საქმის პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით, მოწმემ ისაუბრა იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულებმა დაცვის გარეშე დატოვეს პრემიერ-მინისტრი. გარდა ამისა, მან ისაუბრა იმ საეჭვო ვითარებაზეც, რა მდგომარეობაშიც იპოვეს ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი გარდაცვლილები.
„მოწმემ აღნიშნა, რომ ძაძამია და ხარშილაძე დღესაც აგრძელებენ ცრუ ჩვენების მიცემას, კერძოდ, ის შეეხება იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულები ამბობენ, თითქოსდა ფანჯრიდან მათ ეცათ გაზის სუნი, ასევე ისმოდა გაზის ხმა, მაშინ როცა დაკითხულმა მოწმეებმა განაცხადეს, რომ CO-ს სუნი არ აქვს და იმ დროს, როცა ხარშილაძე და ძაძამია ბინაში მივიდნენ, გაზი საერთოდ არ იყო. შესაბამისად, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ხარშილაძე და ძაძამია თავიდანვე, 2005 წლიდან ცდილობენ გამოძიების შეცდომაში შეყვანას და არასწორ ჩვენებებს იძლევიან", - განაცხადა პროკურორმა.
კობა ხარშილაძის ადვოკატის ტარიელ კიკნაძის განცხადებით, მოწმემ აღიარა, რომ ხარშილაძეს და ძაძამიას ჩვენებები არ შეუცვლიათ.
„მოწმე შეეხო ხარშილაძისა და ძაძამიას ჩვენებებს და განაცხადა, რომ მათ მიერ მიცემული ჩვენებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია. როდესაც ვთხოვეთ, მიეთითებინათ, თუ რაზე იყო საუბარი, მოითხოვა დაკითხვის ოქმი და ვერ აღმოაჩინა მასში ვერაფერი, შემდეგ მოითხოვა მეორე დაკითხვის ოქმი, ვერც მასში აღმოაჩინა ვერაფერი, ამის შემდეგ კი თქვა, რომ ეს ინფორმაცია საიდანღაც გაიგო, რაც წინააღმდეგობაშია მის ნათქვამთან", - განაცხადა ტარიელ კიკნაძემ.
ადვოკატის განცხადებით, ხარშილაძეს მიცემული აქვს ორი ჩვენება - 2005 წლის 3 თებერვალს და 2014 წლის 21 მარტს და აღნიშნულ ჩვენებებს შორის არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს.
სასამართლო სხდომა გრძელდება, მხარეები წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე არიან, რის შემდეგაც შესაძლოა, დღეს მოხდეს ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზის დროს გადაღებული ვიდეომასალის ჩვენება. აღნიშნული მასალა, როგორც ცნობილია, 4-საათიანია.