საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სარჩელის არსებითად განხილვა დაიწყო. დავის საგანს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რიგი ნორმები წარმოადგენს, რომელიც ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების წესებს არეგულირებს.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმები შესაძლებლობას იძლევა, პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ განმეორებით გამოყენებულ იქნას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტს. აღნიშნული პუნქტის თანახმად, ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ სადავო ნორმები ქმნიან რისკს, რომ ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნა გაგრძელდეს უვადოდ ისე, რომ ამ უკანასკნელის მიმართ არ იყოს გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. მოსარჩელე მხარე, ასევე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობით ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი სახის - პატიმრობის შეფარდება ხდება არასაკმარისი მტკიცებულებებით, რაც მისი არაერთი კონსტიტუციური უფლების, მათ შორის თავისუფლების უფლების დარღვევას იწვევს.