საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე 44 სოფელში 1500-მდე ადგილობრივ ფერმერს, რომლებსაც მარცვლეული კულტურა არაუმეტეს 5 ჰექტარ მიწის ფართობზე აქვთ დათესილი, შპს „მექანიზატორი" მოსავლის აღებაში უსასყიდლოდ ემსახურება. მოსავლის აღების ხარჯების სუბსიდირებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.
შპს „მექანიზატორის" გენერალური დირექტორი ზვიად ჩხაიძე და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ამირან შავშიშვილი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში მოსავლის აღების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. სოფელ ხურვალეთში 242 ჰა მიწის ფართობზე შპს „მექანიზატორმა" მოსავლის აღება უკვე დაიწყო. ხორბალი, ქერი და შვრია ხურვალეთში 145 ფერმერს აქვს დათესილი.
„საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსავლის აღებას აგროვადებში, შეუფერხებლად ვახორციელებთ. ადგილზე მობილიზებულია 55 ერთეული სასოფლო-სამეურნეო კომბაინი. საერთო ჯამში მოსავალს 1300 ჰექტარზე ავიღებთ", - აღნიშნა შპს „მექანიზატორის" გენერალურმა დირექტორმა ზვიად ჩხაიძემ.
შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის ამირან შავშიშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად კოორდინირებული მუშაობა მიმდინარეობს.
მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც მოსავალი საკუთარი სახსრებით აიღო და შპს „მექანიზატორის" მომსახურებით ისარგებლა, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება. გადახდილი თანხის უკან დაბრუნების პროცესი მომავალი კვირიდან დაიწყება.