სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალდანიშნულმა მინისტრმა კახა კახიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მის გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. კახიშვილმა განაცხადა, რომ იგი 24 საათის განმავლობაში იმუშავებს, რათა შეინარჩუნოს სისტემაში არსებული წესრიგი და უზრუნველყოს თითოეული ადამიანის უფლების რეალიზება პენიტენციარულ სისტემაში.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, იმ გუნდს, რომელმაც ასეთი ნდობა გამომიცხადა. ძალიან კარგად მესმის, რომ ეს არის ძალიან დიდი ავანსადგაცემული ნდობა ჩემს მიმართ, მაგრამ ამავდროულად მე საზოგადოების წინაშე ვაცხადებ, რომ 24 საათის განმავლობაში ვიმუშავებ მხოლოდ იმისთვის, რომ ერთი მხრივ შევინარჩუნოთ ამ ძალიან რთულ სისტემაში წესრიგი, მაგრამ მეორე მხრივ, აუცილებელია, უზრუნველვყოთ თითოეული ადამიანის უფლების რეალიზება პენიტენციარულ დაწესებულებებში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარ გიორგი მღებრიშვილს, რომელმაც ჩაიბარა ძალიან მნიშვნელოვანი პოსტი ქვეყნის სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისთვის. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას", - განაცხადა კახა კახიშვილმა.