reportiori.ge - ფრთხილად, მარგველაშვილო, სააკაშვილთან გასაგზავნი ბარათი იმ ფელდეგერმა ბიძინა ივანიშვილთან არ მიიტანოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:47
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ფრთხილად, მარგველაშვილო, სააკაშვილთან გასაგზავნი ბარათი იმ ფელდეგერმა ბიძინა ივანიშვილთან არ მიიტანოს!
ავტორი:
03 აგვისტო, 2015. 14:26

 

წინამდებარე სათაური ერთი ქართული ხალხური ზღაპრიდან ვისესხე, რომელშიც ორი კაცის - „ამისთანასა" და „ამის უარესის" ამბავია მოთხრობილი. ცხადია, ჩვენი ძვირფასი გაზეთის ფურცლებზე ზღაპრის მოყოლას არ ვაპირებ, მაგრამ აქედანვე გეტყვით, რომ „ამისთანა" ჩემს წერილში სააკაშვილის პროტოტიპად მყავს წარმოდგენილი, ხოლო „ამის უარესი" გიორგი მარგველაშვილია - ბიძინა ივანიშვილისა და ქართველი ხალხის საბედისწერო შემცდომა!


როცა ჩვენ სააკაშვილს ვებრძოდით და სააკაშვილიც, თავის მხრივ, მხუთავი აირებით, ზონდერებით, გვამებით მოვაჭრე მერაბიშვილით, კოდუებით, ახლაიებით, აგვისტოს ომითა და ვეტოებით გვებრძოდა, ვიცოდით, რომ საქმე გვქონდა მაოხრებელ გზირთან, ანუ „ამისთანასთან", რომლის უარესსაც ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტის სისხლიანი სკამი, რომელიც თავისი ნებით ჯერ არავის დაუტოვებია, როგორც ჩანს, მხოლოდ „ამისთანებისა" და „ამის უარესებისთვის" ყოფილა შექმნილი და მარგველაშვილმაც არ დაახანა!


ჩვენ გვეგონა, რომ მარგველაშვილი ბინძურ პოლიტიკურ თამაშს განერიდებოდა, იპრეზიდენტებდა და, როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, იქნებოდა არა ქვეგამხედვარობისა და კლასიკური ქართული ღალატის განმასახიერებელი, არამედ შემრიგებელი, მომრიგებელი და დამრიგებელი!


დღეს ვითარება ასეთია - რაც უნდა გააკეთოს ღარიბაშვილმა, მარგველაშვილი აუცილებლად ჩაიდენს იმის საპირისპიროს!


ასე მაგალითად, ეროვნულ ბანკს, რომლის პრეზიდენტიც დასაჭერია, უფლებები შეუკვეცეს თუ არა, მარგველაშვილმა ამ გადაწყვეტილებას ვეტო ისე დაადო, გიორგი ქადაგიძის „საბოტაჟნიკობის" შესახებ კრინტი არ დასცდენია!


სააკაშვილის ავლაბრის რეზიდენცია ახალმა ხელისუფლებამ ბოროტების ბუნაგად და სიმბოლოდ შერაცხა, სადაც თავმოყვარე კაცი მოსაშარდავადაც არ შეუხვევდა, მაგრამ მარგველაშვილმა მაინცდამაინც იქ დურთა თავი თავის ნაზირ-ვეზირებიანად!


გამოდი მაქედან-თქო, შევძახეთ და გამოვიდეს კი არა, ვინც კი ამ ხელისუფლებას მკვდარსა და ცოცხალს აგინებს, სუყველა რეზიდენციაში ჰყავს შემოგულგულებული. მის მხლებელთაგან ზოგს ხახვის თავი აქვს, ზოგს - კეჟერა ფხალისა და ზოგსაც - კოჟორიძის!


სადაც ღარიბაშვილი სიტყვით უნდა გამოვიდეს, იქ მარგველაშვილი ცოცხალი თავით არ მიდის; სამაგიეროდ, ჩვენი პრეზიდენტი მეორე ან მესამეხარისხოვანი საერთაშორისო კონფერენციების ხშირი სტუმარია, სადაც ძირითადად წყალქვეშა მევენახეობის განვითარებისა და მთვარეზე კოოპერატივის გახსნის პერსპექტივაზე მსჯელობენ.


როგორც საქართველოა ამოვარდნილი საერთაშორისო პოლიტიკისა თუ გეოპოლიტიკის კონტექსტიდან და კაციშვილმა ვერ დაადგინა, საით მიდის ეს ქვეყანა, ისეა ამოვარდნილი მარგველაშვილი ქართული პოლიტიკის რიტმიდან და პრეზიდენტი ოდენ ვეტოებითა და ნაციონალებთან გაჩაღებული თვალების პაჭუნით გვახსენებს თავს!


მარგველაშვილი რომ მართალი იყოს, პირადად მე, ერთი კაცი, აუცილებლად სიმართლეს აღვუვლენდი ხოტბას, მაგრამ პრეზიდენტი ჩაჭრილია და რაც ყველაზე უფრო სამწუხაროა, ჩაჭილია „კაცურში"!


ახლა ცოტა სხვა დროა, თორემ ოცი წლის წინანდელ საქართველოში რომ ვცხოვრობდეთ, შესაძლოა, მარგველაშვილს თავის ძველი მეგობრის ნიკა რურუას ზონდერებთან ერთად რომელიმე პუტჩისტის ჟანგიანი ტანკი დაექოქა და ქვა ქვაზე დაედუღებინა.


კაცმა არ იცის, მართალი იყო თუ არა, რაც კობა სუბელიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა - მარგველაშვილი თავის საპრეზიდენტო შვებულებიდან ერთ კვირას ოდესაში გატარებსო!


მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და ნუ ვიტყვით, რომ პრეზიდენტი ნაპრეზიდენტალ სააკაშვილთან ერთად მართლა ოდესაში დაისვენებს. მაგრამ ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ დღეს მარგველაშვილი საქართველოში სააკაშვილის საქმეს აკეთებს!


ყოველგვარი პათეტიკისა და ჰიპერბოლიზაციის გარეშე შეიძლება დავწეროთ, რომ, ალბათ, დროა, ბიძინა ივანიშვილმა მარგველაშვილის მისამართით ელდარ შენგელაიას უკვდავი კინოგმირის - პიპინია ერისთავის სიტყვები ამოიგმინოს - „გველი გამიზრდია უბეში, გველი!"


აშკარაა, რომ მარგველაშვილი ნაციონალებსა და რესპუბლიკელებს შორის დახუჭობანას თამშობს და როგორც ამბობენ, „ქართულ ოცნებაში" ჩანერგილი ზოგიერთი პროფესიონალი მოღალატის მსგავსად, სააკაშვილთან დამაკავშირებელი ფელდეგერიც დიდი ხანია, შერჩეული ჰყავს...


ფრთხილად, მარგველაშვილო, სააკაშვილთან გასაგზავნი ბარათი იმ ფელდეგერმა ბიძინა ივანიშვილთან არ მიიტანოს!

 

 

 

 

დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016