ქართველი ლიტერატურათმცოდნე, პოეტი, კრიტიკოსი, ფოლკლორისტი, ირანისტი, მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახუშტი კოტეტიშვილი 1935 წლის 4 აგვისტოს, ქალაქ თბილისში დაიბადა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1959 წელს. 1965-1977 წლებში იყო თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დოცენტი, ფოლკლორის კომპლექსური კვლევის მეცნიერ-ხელმძღვანელი 1994 წლიდან. პირველი ლექსი 1954 წელს გამოაქვეყნა, პირველი თარგმანები - 1958 წელს.
სამეცნიერო ნაშრომები ძირითადად სპარსულ პოეზიაზე აქვს გამოქვეყნებული, თუმცა ეკუთვნის მრავალი მონოგრაფია ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრში. სპარსულ პოეზიასვე ეხება მისი პოპულარული თარგმანები: ომარ ხაიამის „რობაიათი", ჯამის „ლირიკა", ჰაფეზის „ლირიკა" და სხვა. გარდა ამისა, გადმოქართულებული აქვს გერმანული, რუსული და ესპანურენოვანი ლიტერატურა. ქართულ საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა მის მიერ მოწყობილი ხალხური პოეზიის საღამოები, რომლებიც XX საუკუნის 80-იან წლებში ტარდებოდა.
იუნესკოს ფოლკლორული ასოციაციის საქართველოს განყოფილების პრეზიდენტი; საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; საქართველოს ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრის თავმჯდომარე; საქართველო-აზერბაიჯანის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი; ფოლკლორისტული კლუბი „ჯავარი"-ს პრეზიდენტი.
ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა".
იყო აგრეთვე საფრანგეთისა და ავსტრიის ლიტერატურული პრემიების ლაურეატი. 2007 წელს ირანის სამთავრობო კომისიამ იგი ირანულიდან, ექვს საუკეთესო მთარგმნელთა შორის დაასახელა და სამთავრობო სიგელით დააჯილდოვა.
ვახუშტი კოტეტიშვილი 2008 წლის 7 აგვისტოს გარდაიცვალა.
* * *
მოდი, სადა ხარ, სიკვდილო,
ამხსენ სიცოცხლის ბაწარი,
გადამავიწყე ვარამი
ამქვეყნიური რაც არი.
საწუთროს ამაოების
არ მაქექინო ნაცარი
და თავზე არ დამაქციო
ცოდვით ნაგები ტაძარი.
როდემდე უნდა ღვიოდეს
სულში ამქვეყნის ღადარი?!
ან რაღად მინდა სიცოცხლე
დედის სიკვდილად დამჯდარი?!