„ასეთ პატარა ქვეყანაში არ შეიძლება, ამდენი მუსიკალური კონკურსი ტარდებოდეს. ეს ხომ ამერიკა არ არის? სადაც უამრავი ქალაქია."- ქართველი კომპოზიტორი ნიკა ნიკვაშვილი „რეპორტიორთან" საქართველოში არსებულ მუსიკალურ შესარჩევ კონკურსებს აფასებს. მისი თქმით, ასეთ პატარა ქვეყანაში, სადაც განვითარების ძალინ მწირი შესაძლებლობებია, ასეთი რაოდენობის მუსიკალური პროქტების არსებობა დიდი შედეგის მომტანი არ არის.
„ტარდება დაუსრულებელი მუსიკალური კონკურსები, სხვადასხვა ტიპის. კი, არიან ნიჭიერი ბავშვები. მაგრამ, რა ხდება, იცით? მოდიან და მიდიან... როგორია, გაიმარჯვა მუსიკალურ კონკურსში და ყველაფერი ამით დასრულდა. ფიქრობს, რატომ არ არის წარმატებული? რატომ არ აქვს სამსახური? რატომ არ იწვევენ კონცერტებზე? რატომ არ აქვს კარიერა?.. არ არის განვითარების საშუალება, საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახერხებენ. რჩება მხოლოდ ამბიცია. ამას გარდა, მაღალ ხმაზე სიმღერა ბევრს შეუძლია, მაგრამ ამას სიმღერა არ ჰქვია."- აღნიშნავს ნიკვაშვილი და ახალი ტენდენციის შესახებაც საუბრობს. ახალგაზრდა კომპოზიტორი მიიჩნევს, რომ ქართული ფოლკლორის ფასი ჩვენს ქვეყანას არაფერი აქვს, თუმცა, მისთვის გაუგებარია რატომ არსებობს ტენდენცია იმის შესახებ, რომ მომღერალთა უმრავლესობა დასავლურ და უცხოენოვან რეპერტუარებს ამჯობინებს.
„მიშა ცაგარელი მეუბნებოდა, როდესაც მასთან ვიყავი, შენს ქვეყანას ვერ მოშორდები. თუკი მოშორდები, მაინც ქართულ საქმეს გააკეთებო. ასეა, ნებისმიერ ქვეყანაში მივდივარ საქართველოს სახელით და ვასრულებ ყოველთვის ქართულ ნაწარმოებებს. უცხოურ ნაწარმოებებს მე ნაკლებად ვასრულებ. მე ასე მესმის. დღეს ტენდენციაა დასავლური მუსიკალური ნაწარმოებების შესრულების, მღერიან არაქართულ სიმღერებს... ეს დიდ ინტერესს არ იწვევს. მათთანაც არაჩვეულებრივად მღერიან. მათ შენი აინტერესებთ... შენი გაცნობა უნდათ. ქართულ ფოლკლორზე მსოფლიოში გიჟდებიან. ეს ფენომენალური მოვლენაა. შენი თვითმყოფადობა ყველგან უნდა გამოავლინო. მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი და ამ შემთხვევაში ჩემი ვალი.
სადაც მივდივარ, ვცხოვრობ, საქართველოსთან ყოველდღიური კავშირი მაქვს, ახალ ამბებს ვიგებ. ვერ ვშორდები აქაურობას. სულ ვფიქრობ, რა შეიძლება გავაკეთო ისეთი, რომ სარგებელი ჰქონდეს ქვეყანას. ძალიან ბევრი იდეა მაქვს, როგორ შეიცვალოს არსებული მუსიკალური ჩავარდნა. მაგრამ, თუ დავჭირდები, შემეკითხებიან, გავაკეთებ... მე საზღვარგარეთ ვიღებ განათლებას, რათა ჩემს ქვეყანას მოვახმარო. ეს არის ჩემი მიზანი."- განაცხადა ნიკვაშვილმა.
http://reportiori.ge/?menuid=74&id=73293&lang=1