საქართველოში ევროკავშირის კულტურის კვირეული 4 ნოემბრიდან იწყება. კვირეულის პირველი ღონისძიება 4 ნოემბერს 12 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშია დაგეგმილი. ღონისძიება „ვისაუბროთ წიგნებზე" ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან და კულტურის ინსტიტუტებთან ერთად იმართება.
„ვისაუბროთ წიგნებზე" თბილისში, გორში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, ბოლნისსა და ბათუმში ერთდროულად გაიმართება. თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში წიგნების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. მკითხველს შესაძლებლობა ექნება, ფასდაკლებით შეიძინოს ევროპელი ავტორების ნაწარმოებები.
კვირეულის ფარგლებში საჯარო სკოლებში შეიქმნა „ახალგაზრდა მკითხველთა კლუბები", სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაეცნონ კლასიკურ და თანამედროვე ევროპელ მწერლებს.
მოსწავლეები ევროპულ ლიტერატურასთან დაკავშირებული თხზულების კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები ევროპელი ავტორების ქართულად ნათარგმნი ნაწარმოებებით დაჯილდოვდებიან.
კვირეულის ფარგლებში ჩატარდება დისკუსიები უნივერსიტეტებში, სკოლებსა და წიგნის მაღაზიებში, რომლებიც საშუალებას მისცემს მონაწილეებს, გაიღრმავონ ცოდნა კლასიკურ და თანამედროვე ევროპულ ლიტერატურაზე და შეხვდნენ ქართველ მწერლებს, ლიტერატურის კრიტიკოსებს, ჟურნალისტებს, მთარგმნელებს, გამომცემლებს, მათ შორის: რისმაგ გორდეზიანს, ლაშა ბაქრაძეს, დათო ტურაშვილს, ლაშა ბუღაძეს, პაატა შამუგიას, ნანა ტონიას, დათო პაიჭაძეს, სანდრო ასათიანს, ირმა ტაველიძესა და სხვებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ შეხვედრებსა და დისკუსიებში მოდერატორის ან მოწვეული სტუმრის რანგში.
ევროკავშირის კულტურის კვირეული 14 ნოემბრამდე გაგრძელდება. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგნელობაა.