„ამაზე ლაპარაკი იყო ბიძინა ივანიშვილთან, მაგრამ ეს არ მოხდა და მას უნდა ჰკითხოთ რატომ. ბატონმა ბიძინამ შემომთავაზა, თბილისის მერობაზე მეყარა კენჭი. ვიფიქრე, მაგრამ პრეზიდენტის ამპლუაში უფრო წარმომიდგენია თავი, ვიცი, რა არის გასაკეთებელი და რა უნდა მოვუტანო ქვეყანას. ბიძინა ივანიშვილმა ასეთი რამ შემომთავაზა და ამ დროს ამბობენ, სალომე ზურაბიშვილი ნაწყენიაო. რატომ უნდა ვიყო ნაწყენი? ჩვენ მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს და თუ პრეზიდენტად ამირჩევენ, ძალიან კარგად ვითანამშრომლებ მასთან", - აცხადებს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.
მისი აზრით, პარტიას რომ წარედგინა პრეზიდენტობის კანდიდატად, პროცედურულად გაცილებით ადვილი იქნებოდა დარეგისტრირება, მაგრამ ისეთი პრეზიდენტი, როგორიც ახალი კონსტიტუციით არის წარმოდგენილი, არ შეიძლება რომელიმე პარტიის წარდგენილი, ან ერთი პარტიის პრეზიდენტი იყოს. ზურაბიშვილის თქმით, საქართველო პოლიტიკური განვითარების იმ ეტაპზე მივიდა, რომ პრეზიდენტად დამოუკიდებელი ფიგურაა საჭირო, რომელსაც ვითარების დაბალანსება და ადამიანის უფლებების გარანტირებულად დაცვა დაევალება და არ შეიძლება ასეთი პრეზიდენტი რომელიმე პარტიის მიმართ მიკერძოებული იყოს.
„ჩვენ ვნახეთ, რა შედეგი მოჰყვა, როდესაც სააკაშვილმა ვერ გააცნობიერა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი იყო და არა „ნაციონალური მოძრაობის",-აცხადებს ზურაბიშვილი.