reportiori.ge - აგვისტოს 5 ფრაზა, ანუ არის თუ არა სააკაშვილი „ორმაგი აგენტი“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:44
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
აგვისტოს 5 ფრაზა, ანუ არის თუ არა სააკაშვილი „ორმაგი აგენტი“
ავტორი:
06 აგვისტო, 2015. 13:42


7 წელიწადია, ნებისმიერი ნორმალური ქართველისთვის 8 აგვისტო ავადსახსენებელი დღეა. როგორც ამბობენ, ჩვენს იმჟამინდელ "სახელოვან" მთავარსარდალს, რომელსაც თარიღების დამთხვევის მანია, დიდი ხანია, აწუხებს, სურდა, საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვების თარიღისთვის დაემთხვია ცხინვალის რეგიონის დედასამშობლოსთვის დაბრუნება და ამით ცოცხალი პარალელი გაევლო საკუთარ თავსა და დიდგორის მომგებ უდიდეს მეფეს შორის.


ვიცი, ახლა ბევრი იტყვის, _ რას ამბობ, კაცო, სააკაშვილს სულაც არ სურდა ცხინვალის დაბრუნება, ის, უბრალოდ, ავანტიურაზე წავიდა, რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი, რადგანაც ორმაგი აგენტია _ ამერიკის დავალებებსაც ასრულებს და რუსეთისასაცო. დღევანდელი სტატიაც სწორედ ამ საორჭოფო თემას შეეხება, ანუ იმას, მიხეილ სააკაშვილი ორმაგი აგენტია თუ ორმაგი სულელი...


ორმაგი აგენტი მაშინ არის ადამიანი, როდესაც ორივე მხარეს მეტ-ნაკლებად ატყუებს და პირადი ინტერესისთვის იყენებს.


როცა პირიქით ხდება, ანუ მაშინ, როდესაც ორივე მხარე ამ ადამიანს იყენებს და საბოლოოდ ყველაფერი მისი "გაფარჩაკებით" მთავრდება, ასეთ შემთხვევაში ეს ადამიანი, "აგენტი" კი არა, სულელია!


მაგალითად, წოდება "აგენტი" შეიძლება გავიმეტოთ ედუარდ შევარდნაძისთვის, მიხეილ სააკაშვილი კი არის ელემენტარული ტუტუცი, რომლითაც თავის დროზე ჩაანაცვლეს მართლაც "აგენტი" შევარდნაძე.


ყურადღება მიაქციეთ _ ორივე შემთხვეაში ლაპარაკიც კი არ არის "სამშობლოს სიყვარულზე" ან რაიმე მსგავს ამაღლებულ ცნებაზე. აქ საუბარია, უბრალოდ, პიროვნებაზე, მის ღირსებასა და თავმოყვარეობაზე!


ადამიანი, რომელსაც შეიძლება, მაინცდამაინც არ უყვარდეს სამშობლო, მაგრამ უყვარდეს საკუთარი თავი, არ დაუშვებს, პიროვნულად "გაბანძდეს" და თავმოყვარეობა შეელახოს. ასეთად შეგვიძლია ამ შემთხვევაში ედუარდ შევარდნაძე მივიჩნიოთ.


აი, სააკაშვილი კი ისეთი ადამიანების გატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც არც სამშობლო უყვარს, არც საკუთარი თავი, არც ღირსება აქვთ, არც თავმოყვარეობა და გარკვეული ამპარტავნული გათვლით, თუკი სახელს, დიდებასა და ფულს შეჰპირდებით, შესაძლოა, ისე დაბრმავდეს, ისე ახუნტრუცდეს და ისეთი იდიოტური ნაბიჯები გადადგას, რომ არა მხოლოდ სამშობლოს დაუშავოს რამე, არამედ საკუთარი პიროვნების "გაფარჩაკებამდეც" მივიდეს.


და როდესაც ვიხსენებ 2008 წლის აგვისტოს იმ ავადსახსნებელი 5 დღის პერიპეტიებს, მანამდე ცოტა ხნით ადრე თუ შემდეგ მალევე განვითარებულ მოვლენებს, უფრო და უფრო ვრწმუნდები _ სააკაშვილმა "ორმაგი აგენტის" ფუნქცია კი არ შეასრულა, არამედ, უბრალოდ, ის ორმაგად "დააგოიმეს" და მისი "ყვარყვარული" ბუნება შესანიშნავად გამოიყენეს.


ამას ყველაზე ნათლად ადასტურებს ის 5 ფრაზა, რომლებიც რუსეთ-საქართველოს აგვისტოს კონფლიქტს, ანუ ამ ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი დაძაბულობის ერთ-ერთ საომარ ეპიზოდს ეხება.


ამ ფრაზებიდან ზოგი ამ 5-დღიან ომამდე ცოტა ხნით ადრეა ნათქვამი, ზოგი _ უშუალოდ ომის დროს და ზოგიც _ ცოტა მოგვიანებით, მაგრამ ხუთივე ზუსტად და თანმიმდევრულად ასახავს, რა უბედურებაში ვიყავით საქართველოს მოსახელობა და როგორი "ბრძენი" მესაჭეები ჰყავდა ჩვენს ქვეყანას.


მაშ, ასე:


1. "ლავროვის ხისტი და მუქარის შემცველი განცხადება ევროკავშირის მისამართით, მიანიშნებს რომ პუტინი ძალიან შეშინებულია" (გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი);


2. "გადავხედე რუსულ ინტერნეტსაიტებს და ფაქტია, რომ რუსები ვერ გაბედავენ და არც აპირებენ ჩვენზე სამხედრო დარტყმას" (ლადო გურგენიძე, საქართველოს პერემიერმინისტრი);


3. "ტელეფონით დავუკავშირდი კულახმეტოვს, მან მითხრა, რომ ოსები მას არ უჯერებენ, არ უსმენენ და ამიტომ მას აღარ აინტერესებს ცხინვალი საერთოდ, ახლა ვჯდები მანქანაში და შევდივართ ცხინვალში" (თემურ იაკობაშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში);


4. "ხალხო! იცით, თურმე რამდენი ყოფილან ეს რუსები? რა რაოდენობის სამხედრო ტექნიკა ჰქონიათ? კუდი რომ ჯერ კიდევ როკის გვირაბთან იყო, თავი უკვე გორს უახლოვდებოდა (გიგი უგულავა, თბილისის მერი);


5. "არ გვეგონა, რომ რუსეთი სამხედრო ავიაციას გამოიყენებდა! მაგათ რომ თვითმფრინავებით არ დავებომბეთ, ჩვენ მოვიგებდით!" (დავით კეზერაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი).


საკმარისია?


თუ ამას დავამატებთ იმ პერიოდისთვის საყოველთაოდ გავრცელებულ მოსაზრებას "რუსული ჟანგიანი ტანკებისა" და "ამერიკელების მიერ გაწვრთნილი ულტრათანამედროვე ქართული ჯარის" შესახებ, საკმარისიც არის და, სამწუხაროდ, გაცილებით მეტიც!


სხვათა შორის, აი, ეს ბოლო მოსაზრება ისე იყო გავრცელებული, რომ შეუძლებელია, ვინმეს მასზე "საავტორო უფლება" მიანიჭო. ამ სრულ სისულელეს არა მხოლოდ მიშა და მისი მთავრობა, არამედ იმჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენლებიც სრული სერიოზულობით ამბობდნენ ხოლმე ერთ-ორ "კინკილა" ოპოზიციურ ტელევიზიაში სტუმრობისას...


ეს უკვე მერე, უმძიმესი შედეგების გამო დაივიწყა ყველამ, რომ თვითონაც აქეზებდნენ ჩვენს საზოგადოებას შეიარაღებული კონფლიქტისკენ და სერიოზულად ამტკიცებდნენ, რომ საქართველო შეძლებდა რუსეთისთვის ომის მოგებას. ადგნენ და ყველაფერი უტიფრად მხოლოდ სააკაშვილს გადააბრალეს. სინამდვილეში კი, არც იმჟამინდელ "წამყვან ოპოზიციურ ძალას", რომელიც დღეს ხელისუფლების ორივე შტოშია მოკალათებული და მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი დღეს თავდაცვის მინისტრია, ნამდვილად არ მიუძღვის ნაკლები წვლილი საზოგადოებაში იმ აზრის დანერგვაში, რომ "რუსეთის არმია დემორალიზებულია, მისი ტანკები დაჟანგულია და ნატოს უახლესი სტანდარტებით გაწვრთნილი ქართული ჯარი სულ კუდით ქვას ასროლინებს მტერს!"


დიახ, ეს ასეა და, ვისაც არ სჯერა, კარგად გადახედოს ხსენებული ტელევიზიების 2008 წლის ივნის-ივლის-აგვისტოს "თოქ-ოუების" არქივს!


რაც შეეხება სააკაშვილსა და მის მთავრობას, მათ, რა თქმა უნდა, თავისი უტვინობაც ეყოფათ, რისი დასტურიც, აი, თუნდაც ზემოთ მოყვანილი ის ხუთი ფრაზაა...


რა თქმა უნდა, დრო, სიტუაცია და მასშტაბები სულ სხვაა, მაგრამ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მიმდინარეობს მეორე მსოფლიო ომი და:


1. უინსტონ ჩერჩილი აცხადებს: "რიბენტროპის მუქარა ევროპის მისამართით მიანიშნებს, რომ ჰიტლერი ძალიან შეშინებულია";


2. ფრანკლინ რუზველტი აცხადებს: "მე გადავხედე გერმანულ პრესას, მოვუსმინე გერმანულ რადიოს და ისინი არ აპირებენ ომის დაწყებას ჩვენ წინააღმდეგ";


3. გენერალი ეიზენჰაუერი ამბობს: "მე დავუკავშირდი ფელდმარშალ კაიტელს და ის ამბობს, რომ პოლონელები მას არ უსმენენ და ამიტომ სულ არ აინტერესებს ვარშავა. ახლა ვჯდები მანქანში და მივდივარ ვარშავაში";


4. სტალინი მიმართავს ხალხს რადიოთი: "ხალხო! იცით, რამდენი სამხედრო ტექნიკა ჰყოლიათ გერმანელებს? აი, ბოლო რომ ჯერ კიდევ ბრესტთან იყო, თავი უკვე მოსკოვს უახლოვდებოდა";


5. გენერალი შარლ დე გოლი უმტკიცებს ფრანგ ხალხს: "ჩვენ არ გვეგონა, თუ გერმანია სამხედრო ავიაციას გამოიყენებდა! მაგათ რომ თვითმფრინავებით არ დავებომბეთ, ჩვენ მოვიგებდით".


წარმოიდგინეთ, აი, ასეთი "კომბოსტოსთავიანი" მმართველები რომ ჰყოლოდა მსოფლიოს მაშინდელ მოწინავე ქვეყნებს, რას უზამდა და როგორ გადაუვლიდა ადოლფ ჰიტლერი და მთელი მისი ფაშისტური ხროვა მსოფლიოს!


მაგრამ იმხანად მსოფლიო გადარჩა...


საქართველო 2008-ში კი _ ვერა!


რაღა თქმა უნდა, სრული აბსურდი და მორიგი სიჩლუნგეა იმის მტკიცება, თითქოს პუტინს თბილისში შემოსვლა და სააკაშვილის გადაგდება უნდოდა და ვერ შემოვიდა...


ჩვენი ქვეყანა ვერც მომავალში გადარჩება, სამწუხაროდ, თუ სააკაშვილისა და მისი გუნდისნაირ ჩლუნგებს "ორმაგი აგენტები" ვუძახეთ და არა სრულიად უტვინო ყვარყვარეები!


მაშ, რატომ ტოვებს ორმაგი ინტერესის აშკარა კვალს სააკაშვილის ნაბიჯები? რატომ იკვეთება მის საქციელში როგორც ამერიკის, ასევე რუსეთისთვის სასარგებლო შტრიხები?


პასუხი მარტივია: ეს იმის გამო ხდება, რომ ამერიკისა და რუსეთის ინტერესები კავკასიაში და კონკრეტულად საქართველოში თანხვედრილია!


განა საქართველოს ისტორიაში ყოველთვის ასე არ იყო?!


ძალიან შორსაც რომ არ წავიდეთ, განა რუსეთ-ირანის დაპირისპირება თავის დროზე სწორედ ასეთ ხასიათს არ ატარებდა?!


ორივე მხარე ცდილობდა, რაც შეიძლება დასუსტებულიყო საქართველო, დაყოფილიყო სამთავროებად, დაჩაჩანაკებულიყო და დამოუკიდებლად მოქმედების თავი აღარ ჰქონოდა!


თუმცა, მეორე მსოფლიო ომისდროინდელი მსოფლიოსი არ იყოს, მაშინაც გადარჩა საქართველო; გადარჩა მართლაც ბრძენი მამულიშვილების გაბედული, გააზრებული და ფრთხილი ნაბიჯების წყალობით. გადარჩა ჩვენი ერი ფიზიკურად...


დღეს? _ მართალია, აღარ გვყავს ყვარყვარე, რომელსაც ამერიკელები "სახელის, დიდებისა და ფულის მოხვეჭის" დაპირებით ნებისმიერ სულელურ ნაბიჯს გადაადგმევინებენ, მაგრამ, სამაგიეროდ, ვერც დღევანდელი ხელისუფლება დაიკვეხნის მკაცრად და გადაჭრით ჩამოყალიბებული რაიმე დოქტრინით.


ჯერაც ზენიტშია პოპულიზმი და მთავრობა ცდილობს, ანდრო ბარნოვისა და მისნაირების მოსაწონად იმოქმედოს და ილაპარაკოს და არა ისე, როგორც ეს რეალურად სჭირდება ქვეყანასა და ხალხს!


მართლაც ძნელი სათქმელია, სად მიგვიყვანს "ავტოპილოტის" რეჟიმით ქვეყნის მართვა...


სამაგიეროდ, შეგვიძლია, ზუსტად ვთქვათ, რომ 12 აგვისტო ახლოვდება; დღე, რომელიც ქართველთა ისტორიაში, ყველაზე დიდი სამხედრო გამარჯვების ნაცვლად, ყველაზე უტვინო სამხედრო ავანტურის სამარცხვინო დასასრულის დღედ გვიქციეს...




წყარო: geworld.ge, ბაკურ სვანიძე


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016