NDI-ს კვლევის თანახმად, ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციონერ ლიდერად დავით ბაქრაძე დასახელდა. პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რეიტინგში მეხუთე ადგილზეა 3%-ით.ზურაბიშვილის თქმით, მას რეიტინგების არ სჯერა.
„ბაქრაძე ჯერ არ არის დასახელებული "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატად და როგორ აქვს უკვე 45%? ასევე წარმოუდგენელია, რომ დღეს საქართველოში გიორგი თარგამაძეს მიეღო რაიმე პროცენტი. თვითონ გიორგი საინტერესო პოლიტიკოსია, მაგრამ იმ ორმოდან, სადაც მისი პარტია ჩავარდა, ხელის გაუნძრევლად ვერ ამოძვრებოდა. თუ დემოკრატიას ვაშენებთ, როგორ უნდა იყოს პრეზიდენტი ვინმეს დანიშნული? კი, „ოცნებას" შეუძლია ამ არჩევნებშიც გაიმარჯვოს, მაგრამ სჯობს გაჩერდეს, რომ ყველა სფეროზე არ გაავრცელოს თავისი გავლენა. არ შეიძლება გამარჯვებული პოლიტიკური ძალის პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობდეს, მე გავიმარჯვებ იმიტომ, რომ გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ და ძალიან გავლენიანმა პოლიტიკოსმა დამნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატადო. 9 წლის განმავლობაში არჩევნების ნდობა დაეცა და შარშან, ოქტომბერში ძლივს აღდგა. ამაზე ვოცნებობდით და როცა არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა რეალობად იქცა, გამარჯვებიდან 3 თვეში მეუბნები, რადგან გავიმარჯვე, პრეზიდენტი ჩემი იქნებაო, არ არის სწორი. ამომრჩეველს, რომელიც შენთან ერთად ოცნებობდა, უნდა, არჩევნებით გააგრძელოს ხელისუფლების ცვლილება. არჩევნების ნდობა თუ კვლავ დაიკარგება, ძალიან დიდი შეცდომა და დანაშაული იქნება",-აცხადებს ის „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.
ზურაბიშვილის თქმით, არჩევნებს ყველა რაიონში ოფისების გახსნით ბურჯანაძე ვერ მოიგებს და მისი დაპირებაც უცნაური ეჩვენება, გაპრეზიდენტებისთანავე სააკაშვილს დავიჭერო. მისი თქმით, ბურჯანაზეს არ ესმის, პრეზიდენტს არავის დაჭერის უფლება რომ არა აქვს და ასევე არა აქვს ამის თქმის უფლება, რადგან სასამართლოს კომპეტენციაში იჭრება.