„მე უკვე ვიცი, რა ელის დონბასს ომის კონსერვაციისა და კონფლიქტის გაწელვის შემთხვევაში და ეს ვნახე ცნობილი რუსული „სასაფლაოს", არაღიარებული აფხაზეთის მაგალითზე", - ამის შესახებ გორლოვკელი ჟურნალისტი წერს, რომელიც სოხუმში ჩავიდა და ნანახით გაოგნებული დარჩა. მან თავისი გაკვირვება მკითხველებს გაუზიარა:
„აფხაზეთში თავდაპირველად რუსები აგზავნიდნენ იარაღს და კრასნოდარის მხარის კაზაკებს, ხელმძღვანელობდნენ სამხედრო ოპერაციებს, ხოლო შემდეგ გაძარცვეს საწარმოები, კურორტები, სანატორიუმები, ჩასახლდნენ ქართველებისგან მიტოვებულ სახლებში, მაროდიორობას მიჰყვეს ხელი, მერე გადაკეტეს საზღვარი და პუტინის ხელახლა მოსვლის შემდეგ აქ სამხედრო პოლიგონი მოაწყვეს, განათავსეს რა რამდენიმე ბაზა", - წერს ალექსანდრე ბილინსკი.
„ეს სწორედ ის აფხაზეთია, რომელმაც ომის დასრულებიდან 23 წლის თავზეც კი ვერ შეძლო ქალაქის ცენტრში მთავარი სარკინიგზო სადგურის შენობის შეკეთება, ეს ის აფხაზეთია, სადაც პრესტიჟული სანატორიუმების კედლებზე ამ დრომდე ნაპრალებია, სადაც ნაგვის მთებია ქუჩებში და სადაც სოხუმის ცენტრში მთავრობის სახლი ამ დრომდე დგას, როგორც ჩონჩხი...", - წერს ჟურნალისტი.