სუპერთასის დღევანდელი მატჩის დაწყებამდე, "დინამო არენაზე" საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.
გახსნის ცერემონიის პირველ ნაწილში წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური ცეკვა. ამის შემდეგ ორივე გუნდი გამოვიდა მინდორზე და შესრულდა უეფა-ს სუპერ თასის ჰიმნი. ცერემონიის მთავარ დატვირთვას ატარებდა 1000 ბავშვის, ასევე, სხვა პირების, ფეხბუთელის და მსაჯის მიერ შეკრული ცოცხალი ჯაჭვი, როგორც მშვიდობის და ერთიანობის სიმბოლო.
საზოგადოების წინაშე წარდგა ცეკვის ანსამბლი "ერისიონი". წარმოდგენაში დაახლოებით 200 მოცეკვავე მონაწილეობდა: 80 პროფესიონალი მოცეკვავე, 70-90 მოზარდი, 10-20 მედოლე ბავშვი.
მოზარდებმა მოედანზე შემოიტანეს უზარმაზარ დროშები უეფა-ს ევროპა ლიგისა და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასების და უეფა-ს სუპერ თასის ლოგოს გამოსახულებით, ასევე სამგანზომილებიანი ფორმატის ასოებით დაწერილი გუნდების სახელები და დევიზი "ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს".
ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო ცოცხალი ჯაჭვი. პირველად, გახსნის ცერემონიაში წარმოდგენილი იყო 1000 ბავშვის და მათი თანმხლები პირის, ასევე ფეხბურთელებისა და მსაჯებისაგან შექმნილი ცოცხალი ჯაჭვი, მშვიდობისა და ერთიანობის მხარდასაჭერად.
ღონისძიებაზე დათო ფორჩხიძის სტუდიის ბავშვებმა ჯონ ლენონის სიმღერა "იმაგინე" შეასრულეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფა-ს ბავშვთა ფონდის ამ ინიციატივის მიზანია, გაავრცელოს ძლიერი გზავნილი: "ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს."
პროექტში ჩართული თითოეული ცხრა ეროვნული ასოციაცია დაუკავშირდა თავის ქვეყანაში დაუცველი ბავშვების მხარდამჭერ აღიარებულ უწყებას, რათა ამ პროექტისთვის შეერჩიათ მონაწილეები. ბავშვები უნდა ყოფილიყვნენ 10-12 წლის, ადგილობრივი მასობრივი საფეხბურთო ტურნირების გამარჯვებულები, ბავშვთა სახლების ბინადრები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილები და სამხედრო ოპერაციებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები.
ცოცხალ ჯაჭვში მონაწილეობდნენ: 20 ბავშვი და 3 უფროსი სომხეთიდან, 20 ბავშვი და 2 უფროსი აზერბაიჯანიდან, 15 ბავშვი და 2 უფროსი ბელორუსიდან, 720 ბავშვი და 130 უფროსი საქართველოდან, 10 ბავშვი და 2 უფროსი ყაზახეთიდან, 19 ბავშვი და 4 უფროსი მოლდოვიდან, 9 ბავშვი და 3 უფროსი რუსეთიდან, 15 ბავშვი და 3 უფროსი თურქეთიდან და 20 ბავშვი და 3 უფროსი უკრაინიდან.
უეფა-ს სუპერთასის მატჩში ერთმანეთს "ბარსელონა" და "სევილია" უპირისპირდებიან. შეხვედრა "დინამო არენაზე" მიმდინარეობს.