ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა, რომ ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განახორციელოს შესაბამისი ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა. მისივე თქმით, ეროვნული პრეზიდენტის ადგილზე უფრო მეტად ისაუბრებდა იმ პრობლემებზე, რომელიც ეროვნულ ბანკშია და იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ის უნდა ახორციელებდეს.
"ეროვნული ბანკის ადგილზე არ დავიწყებდი ხელის გაშვერას სხვაგან, ვინაიდან ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ინსტრუმენტი, თუ როგორ განახორციელოს შესაბამისი ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა.
არავინ ქვეყანაში არ ერევა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაში. საქართველოს ეროვნული ბანკი არის ყველაზე დამოუკიდებელი, რაც კი ოდესმე ყოფილა, მათ შორის იმ პერიოდში როცა ქადაგიძე იყო პრეზიდენტი და როცა მას არასოდეს დაუჩივლია, რომ ის არ იყო დამოუკიდებელი", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გუშინ განაცხადა, რომ ახლა არ არის ბრალდებების დრო, ახლა 24 საათიანი მუშაობის დროა.