ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ასარჩევად ყრილობის დანიშვნას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ იგი მზად არის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილოება მიიღოს.
„დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ოფიციალურად გამოაცხადა ყრილობის თარიღი - 3 ოქტომბერი.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო საპრეზიდენტო არჩევნებში და უახლოეს დღეებში ოფიციალურად დავარეგისტრირო საკუთარი კანდიდატურა.
ქართველ გულშემატკივარს ვპირდები, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ ქართული ფეხბურთის წარმატებისთვის.
კანდიდატურის დარეგისტრირების დღიდან აქტიურად დავიწყებ ჩემი ხედვებისა და გეგმების პრეზენტაციას, წარმოვადგენ ჩემს გუნდსაც და შევხვდები ჩვენი ფეხბურთის ბედით და მომავლით დაინტერესებულ ყველა სუბიექტს.
მჯერა, რომ ყველანი ერთად შევძლებთ შევცვალოთ ქართული ფეხბურთი უკეთესობისკენ!"- აღნისნავს კობიაშვილი.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)