მშენებლობის პროცესს ჭანიეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე მოადგილეებთან, არჩილ ყაზაიშვილთან და ბადრი გობრონიძესთან ერთად გაეცნო.
„ ეს იქნება ადაპტირებული, ევროსტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი, რომლის მშენებლობაც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „მთაწმინდა 2007" ასრულებს. მშენებლობის პროცესს ჩვენი სამსახურები მუდმივ მონიტორინგს გაუწევენ. გარდა ჭანიეთისა, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა ბახვისა და ცხემლისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულებშიც დაიწყება", - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მშენებლობაზე ადგილობრივებიც დასაქმდებიან.
ჭანიეთის საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხის ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოების საპროექტო ღირებულება 449 592 ლარს შეადგენს.