აჭარაში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს კომპანია „მეტრო ატლას ჯორჯიას" 100 მილიონ დოლარიანი პროექტი - სასტუმრო-კომპლექს „მეტრო სითის" მშენებლობა დაათვალიერა, სადაც 2000-მდე ადამიანი დასაქმდება.
ირაკლი ღარიბაშვილმა მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი წარმატებული ინვესტიციები ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და აჭარის რეგიონს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის უცხოელი ვიზიტორებისთვის.
„ბატონმა გალიპმა საქართველოში დაიწყო ძალიან დიდი პროექტის განხორციელება, რომელიც 100 მილიონი დოლარი ჯდება. მან უკვე დაასაქმა 800 ადამიანი. ეს მშენებლობა დაიწყო თებერვლის თვეში წელს და თქვენ ნახეთ, რომ პრაქტიკულად დასრულებულია შავი სამუშაოები და გაისად გაიხსნება ეს კომპლექსი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ინვესტორს -გალიპ ოზთურქს „სოლიდარობის ფონდში" გადარიცხული ნახევარი მილიონი ლარისთვის.
12 სართულიანი სასტუმრო „მეტრო სითი" მინიმუმ 203 ნომრიანი იქნება. კომპლექსის ტერიტორიაზე 3 შენობაში სულ 594 აპარტამენტი განთავსდება. ამ ეტაპზე უკვე აშენებულია სასტუმროს 6 სართული და აპარტამენტების 9 სართული. კომპანია აღნიშნული პროექტით რეგიონში 100 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. სასტუმრო „მეტრო სითიში" 1500 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, სავაჭრო ცენტრი,VIP რეზიდენცია, სამორინე და სხვა ობიექტები განთავსდება. სასტუმროს მშენებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დასრულდება.