„ჩვენ, მზე და ლურჯი ზღვა" - დაბა ურეკში ქართული ესტრადის ახალგაზრდა მომღერლების მონაწილეობით გალა-კონცერტი გაიმართა.
ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისთვის ნინა სუბლატმა, სოფო ბედიამ, მებო ნუცუბიძემ, სოფო გელოვანმა და ნინი ბრეგვაძემ იმღერეს.
„მსგავს აქციას უკვე მეორედ ვატარებთ, ამით გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას და დამოკიდებულებას იმ ტურისტების მიმართ, რომლებიც არჩევანს ურეკზე აკეთებენ. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ძალიან მალე, ურეკი თანამედროვე სტანდარტების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კურორტი გახდეს. ვმუშაობთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, საკურორტო ზონის კეთილმოწყობაზე", - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
ნინა სუბლატი, მომღერალი: „ძალიან კარგია, რომ ურეკში ჩამოსვლის საშუალება მომეცა, აქ პირველად ვარ, მაქვს არაჩვეულებრივი განწყობა. ძალიან აქტიური და კარგი მსმენელი დაგვხვდა".
„ძალიან მაგარი კონცერტი იყო, არ ველოდით. რუსთავიდან ჩამოვედი ოჯახთან ერთად, კარგად ვისვენებთ. ფოიერვერკიც სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა", - აღნიშნა დამსვენებელმა რუსთავიდან.
ღონისძიება, რომელიც მიზნად გურიის ტურისტული კერების პოპულარიზაციას ისახავს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.