reportiori.ge - ბათიაშვილების ოჯახური ისტორიები OK!-ის ობიექტივში...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 09:54
სხვადასხვა
ბათიაშვილების ოჯახური ისტორიები OK!-ის ობიექტივში...
ავტორი:
22 აგვისტო, 2015. 16:00


როცა ოჯახზე საუბრობს, თვალები განსაკუთრებულად უბრწყინავს. ერთი შეხედვითაც მიხვდებით, რომ მისთვის ეს თემა ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ბაბუაზე, დიმიტრი ბათიაშვილზე მოგონებები ერთი მეორეს ენაცვლება და, ირინასთან ერთად, ჩვენც სხვადასხვა ისტორიაში ვმოგზაურობთ, ვხვდებით ფარაჯანოვს, მასტროიანის, დილბოსა და იმ ადამიანებს, რომლებიც, თითქოს, მათ სახლში ჩამოკიდული ნახატებიდან გადმოდიან და გვესალმებიან. აციმციმებული თვალებითა და აღელვებული ხმით გვიყვება მამაზეც, ირაკლი ბათიაშვილზე.


როგორც მიხვდით, OK! ირინა ბათიაშვილს ესტუმრა და მისგან მოისმინა ოჯახური ისტორიები და ბოლოდროინდელი სიახლეები. ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, თავად იგრძნობთ, როგორ გახდებით მათი ოჯახის დაუსწრებელი წევრი და დიდი გულშემატკივარი. თანაც, ირინა რამდენიმე ექსკლუზიურ ამბავსაც გაგვანდობს...


ირინა, რას ნიშნავს შენთვის ოჯახი?

ვინც ახლოს მიცნობს, ყველამ იცის, როგორი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ოჯახის მიმართ. ეს ჩემთვის დიდი სიწმინდეა და ისე მეამაყება, ხმამაღლა მინდება ხოლმე ვთქვა, რომ ირაკლი ბათიაშვილის შვილი და დიმიტრი ბათიაშვილის შვილიშვილი ვარ! ჩემთვის, ირაკლი საყრდენი კედელია! ის მამობის, მეგობრობის, ქმრობის, ბაბუობის, ყველაფრის მაგალითია ჩემთვისაც და, საბედნიეროდ, ჩემი შვილისთვისაც.


მამა რომ ასე განსაკუთრებულად გიყვარს, წლების წინ მთელმა საქართველომ დაინახა...

ირაკლი რომ დაიჭირეს, 16 წლის ვიყავი. ბაბუა ამ ამბავს გადაჰყვა. მე, რომელიც მანამდე ოცნებებში დავფრინავდი, ისეთ ძლიერ ადამიანად ვიქეცი, მამაც კი გაკვირვებული იყო! მაშინ მთელი საქართველო გვერდით დამიდგა! არ მახსენდება ამაზე ამაღლებული და საოცარი შეგრძნება!


როგორ გახსენდება მამისა და ბაბუის ურთიერთობა?

მათთან თანაცხოვრება ბედნიერება იყო! ერთ სახალისო ამბავს გავიხსენებ. იმედია, არ გამიბრაზდებიან, ამას რომ ვყვები! არავის არასოდეს გვისარგებლია მამაჩემის თანამდებობით. თუმცა, ერთხელ ისე მოხდა, რომ დიმამ მთელი უშიშროება ფეხზე დააყენა! საქმე იმაშია, რომ, თურმე ერთ-ერთი დაწესებულების დაცვის თანამშრომელთან მეგობრობდა. ის კაცი სამსახურიდან გაუშვეს. დიმამ კი, ისე, რომ ირაკლისთვისაც არ უთქვამს, უშიშროების სამინისტროში დარეკა და მოითხოვა, ეს კაცი სასწრაფოდ უკან დააბრუნეთო! მთელი სამინისტრო ფეხზე დადგა, გადარეკეს, გადმორეკეს და დაცვის თანამშრომელი სამსახურში აღადგინეს. ბაბუა ამბობდა, იმ კაცს ხუთი შვილი გარეთ რჩებოდა, სხვანაირად ვერ მოვიქცეოდიო. სხვა შემთხვევაში თავის სტატუსს არასოდეს გამოიყენებდა...


ცნობილია, რომ ბატონ დიმიტრის განსაკუთრებული სამეგობრო ჰყავდა...

ფარაჯანოვი, დიმა და დილბო (ალბერტ დილბარიანი) უახლოესი მეგობრები იყვნენ. ერთხელ ფარაჯანოვი და ბაბუ დილბოსთან უნდა მისულიყვნენ და ექეიფათ. სერგო დანიშნულების ადგილზე ტონინო გუერასთან ერთად მივიდა! ტონინო დილბოს ერთ-ერთ ნახატზე გადაირია და ეხვეწებოდა, 50 000 დოლარად მომყიდეო. იმან სასტიკად იუარა, დიმას დავპირდი ამ ნახატსო. ბაბუ ეუბნებოდა, მიჰყიდე და ვიქეიფოთო! გათენდა მეორე დღე და დილბარიანმა ჩვენს კარზე დააკაკუნა. ცალ ხელში ნახატი ეჭირა, ცალში - ჩაქუჩი და ლურსმანი. შემოვიდა, ჩამოკიდა სურათი და წავიდა. ფაქტობრივად, 50 000 დოლარი ჩაგვიჭედა კედელში!


რაიმე ისეთიც ხომ არ გახსენდება, რასაც OK!-ის ექსკლუზიურად მოუყვები?

სიამოვნებით მოგიყვებით ერთ ისტორიას, რომელშიც სერიოზული პერსონაჟები მონაწილეობენ. მოკლედ, ფარაჯანოვს ჰყავდა ასაკოვანი მეზობელი ქალბატონი, რომელიც წლების განმავლობაში გიჟდებოდა და ოცნებობდა მარჩელო მასტროიანზე. ერთ მშვენიერ დღეს, სერგოსთან დილბო და მარჩელო ერთად მივიდნენ. გამარჯობაც კი არ უთქვამს, ისე გააქანა მეზობლის სახლისაკენ. იმ ქალბატონმა კი, კარი რომ გახსნა და მასტროიანი დაინახა, ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, გული წაუვიდა და კარგა ხანს ვერ მოსულიერდა. სასწრაფო დახმარებაც კი გამოიძახეს! დიმა ეუბნებოდა ფარაჯანოვს, რა დაგიშავა ამ საწყალმა ქალმა, ასე რომ მოექეციო?!


როგორი გრძნობაა ის, რომ შენი ბაბუა მთელ საქართველოს უყვარს?

ბაბუასაც უყვარდა მთელი საქართველო! ამბობდა ხოლმე, მე რომ თბილისი დავტოვო, დიმა ბათიაშვილი აღარ ვიქნები, ეს ქალაქი ჩემი შთაგონების წყაროაო. მისი მთელი შემოქმედება სამშობლოს სიყვარულითაა სავსე! სულ აღნიშნავდა, ყველაზე ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემს ქვეყანას ვემახსოვრებიო. სწორედ ამიტომ, ცრემლები მომდის ხოლმე, როცა „არასერიოზულ კაცზე" დღესაც აღფრთოვანებით საუბრობენ...


დიმიტრი ბათიაშვილის შვილიშვილს რეჟისორობაზე არასოდეს გიფიქრია?

დიმა რომ არ გარდაცვლილიყო, მე რეჟისორი გავხდებოდი! ორი სცენარი დამიტოვა. სჯეროდა, რომ გადავიღებდი. მოვა დრო და ამ სურვილს აუცილებლად შევუსრულებ! ერთი დოკუმენტური ფილმი უკვე დასრულებულია. მეორე დანატოვარი კი ისეთ რეჟისორს ელის, რომელიც ბაბუაჩემის განსხვავებულ ხედვას დაიჭერს და გაიზიარებს და მისი თვალებით შეხედავს სამყაროს.


სარეჟისორო არა, მაგრამ შენი სამსახიობო დებიუტი უკვე შედგა ბექა სიხარულიძის ფილმშიბაბუს მევალე"...

დიახ, ფილმში ბექას პერსონაჟის მეუღლეს განვასახიერებ. ყველაზე მეტად ის მეამაყება, რომ სურათმა შვიდ კინოფესტივალზე გაიმარჯვა! მალე „სანდენსზეც" წარსდგება. გივი სიხარულიძე მეუბნება ხოლმე, მგონი, ოსკარსაც უნდა ველოდოთო. ბექასთვის ეს სარეჟისორო დებიუტი იყო, ჩემთვის კი - სამსახიობო... ზოგადად, უცნაური წელი მქონდა - გავხდი იურისტი მაგისტრის დიპლომით, ფილმშიც ვითამაშე და მოდაშიც მოვსინჯე ბედი! ძალიან მომეწონა Mercedes-Benz Fashion Week-ი და გამიხარდა, როცა საშუალება მომეცა, დათუნა სულიკაშვილის, გოლასა და ნინო ბაბუხადიას ჩვენებებზე გამოვსულიყავი. ალბათ, ამ საქმიანობას ხანდახან მაინც დავუბრუნდები ხოლმე. ვნახოთ...


OK! ირინას დიდ წარმატებებსა და პოზიტიურ სიახლეებს უსურვებს!


ფოტო: ლევან ლეკო ჭყონია

ავტორი: ელენე მარგალიტაშვილი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016