reportiori.ge - „აშშ-ის ელჩის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის ვნებანი...“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:57
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„აშშ-ის ელჩის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის ვნებანი...“
22 აგვისტო, 2015. 20:53

 

 

ფსაკის მიმდევრები მომრავლებულან  აშშ-ს  სახელმწიფო დეპარტამენტის (სახდეპის) თანამშრომელთა შორის. ერთი მათგანი საქართველოშია.


ფსაკისტები მოდიან  ფსაკიდან.


სულაც არ ვაპირებ პირველობა ჩამოვართვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვიქტორია ნულანდს, რომელმაც სიტყვის თავისუფლების პრინციპით გზაგაჭრილმა პირველმა დაარღვია დიპლომატიური მეტყველების წესი და რიგი და... შეიგინა.


ფსაკი, მოგეხსენებათ, გვარია აშშ-ის სახდეპის თანამშრომელი ქალბატონის, რომელსაც დავალებული ჰქონდა ჟურნალისტებისთვის ბრიფინგის წარმართვა ამერიკის მიმდინარე  სახელმწიფო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე და ისეთი წარმატებით გაართვა თავი ამ საპატიო მოვალეობას, რომ სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ისტორიაში, როგორც არნახულად უვიცმა და ოდიოზურმა პიროვნებამ.


ჯენ ფსაკი!


ამის მარგალიტებიდან ყველაზე  გამორჩეული სახმელეთო სახელმწიფო ბელარუსის ზღვისპირა ქვეყნად წარმოდგენა იყო, ისე გადააკეთა მსოფლიო რუქა, როგორც თავდაჯერებულ უვიცობას ახასიათებს. რუსებს მუშტი მოუღერა: იმასაც ვნახავთ,  რა დაგემართებათ, როცა ბელორუსიის ნაპირებს აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტის ავიამზიდს მივაყენებთო!


მას შემდეგ ბელარუსი ეძებს ფსაკის, ზღვაზე გასასვლელი გვაჩვენეო და ვერ პოულობს. ეს ქალბატონი დეკრეტულ შვებულებაშია გასული. მისი აღმასვლა კარიერისტულ კიბეზე ჯერჯერობით  შეჩერებულია.


ამასობაში ასპარეზზე გამოდის საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელი ნიკოლას ბერლინგერი და ისე გვმოძღვრავს, ანბანური ჭეშმარიტებებით, თითქოს ცნობები ჩვენი ქვეყნის შესახებ  რეზო გაბრიაძის „მარშალ დე ფანტიეს" პირველი მოქმედებების მეორე სურათში, პარიზის დაიმონდ -კლუბის თავმჯდომარის,  პლესი პიკეს აგენტურული არხებით მიღებული ინფორმაციის საჯაროდ გაკეთებული განცხადებებისთვის მოესმინოს: „ქართველი, ანუ როგორც თავის თავს უწოდებს- „გიჟვრაცუა!"  ბინადრობს კავკასიის მთებში. მსოფლიოში ულამაზესი რასაა. იკვებება მინდვრის ლობიოთი. ფულად ხმარობს მარილს. მეფეები თავის თავს უწოდებენ ერეკლეს. მშობიარობის დროს მამაკაცი ქალის გვერდით წვება და მღერის სამ ხმაში."


აშკარად ეტყობა, რომ მაინც და მაინც ამ წყაროთი უსარგებლია მისტერ ბერლინგერს, რადგან სხვანაირად ვერ ავხსნი იმ პრიმიტივიზმს, რომლის გამჟღავნების უფლება მან თავის თავს მისცა ქართველი ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას. ჟურნალისტები „რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ ქონებრივ დავაზე ეკითხებიან. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კი, რომელიღაც საღელმძღვანელო ინსტრუქციიდან ამოკითხული ციტატით უპასუხებს:


„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მიაჩნია, რომ სიტყვისა და პრესის თავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია."


„ეს არის ანი, ეს არის ბანი, ისწავლეთ გენაცვაო!" ნუცას სკოლის ვარიანტია და აშკარა ფსაკიზმის გამოვლენაა, ანუ სრული უცოდინარობა იმ საზოგადოებრივი აზროვნების დონისა, იმ მრწამსის, იმ განათლებულობის, რითაც საქართველოა გამორჩეული და უმაღლეს საკაცობრიო ფასეულობებს ერთგულებს.


ასე ელაპარაკებიან რომელიღაც სამთვიან კურსებზე მივლინებულ ახალწვეულებს!

 

მისტერ ნიკოლას, ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელო, რომელიც ამჯერად აშშ-ს სახეს წარმოადგენთ საქართველოში, თქვენ რა თქმა უნდა, განსწავლული  დიპლომატი ბრძანდებით, მაგრამ ვითომ დარწმუნებული სახით და მართლა გჯერათ, რომ ჭეშმარიტი დემოკრატიის პრინციპები ამერიკამ შემოიტანა საქართველოში და მანამდე იყო ბნელი და უკუნი? ანუ აზროვნებთ ისე, როგორც თქვენი ყოფილი პრეზიდენტის (უმცროსი ბუშის) მიერ ნალოლიავები ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი მიშა?


შ- ს რა ალიტერაციაა, ა!

 

სააკაშვილი ყოველ  მოსახვევში დგამდა თავის „საველე" ტრიბუნას და ალაყბდებოდა, რომ საქართველოს ისტორია იწყება მისით,  ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლით, რაც თქვენი მხარდაჭერით მოხდა.

 

ეგებ, მართლა დაიჯერეს ამერიკელებმა ფსაკისტებმა და მათ შორის თქვენც ღრმად პატივცემულო ბერლინერო, რომ საქართველო არის გარკვეულ (ნაკლულ) ტერიტორიაზე დასახლებული ადამიანების კოლექტიური სააკაშვილის განსახიერება?! და მისი მართვა შეიძლება ისე, როგორც „მექანიკური ფორთოხალის", ან მისტერ ობამას მიერ სასეირნოდ გამოყვანილი, კარგად გაწვრთნილი ფინია მიშასი, რომელიც ვერ გადაჩვეულა ჰალტუხის ღეჭვას. ყოველ შემთხვევაში, ასეა გამოსახული ამ დღეებში ოდესაში გავრცელებულ კარიკატურაზე, რომელსაც თუ გსურთ „მეგობრული შარჟი" დაარქვით.

 

მთელი ოდესა რამდენიმე დღეა ამ კარიკატურაზე იცინის.

 

ოდესა- დედა!


მისტერ ბერლინერ, გაგვაგებინეთ, როგორ უნდა გავიგოთ თქვენი პოზიცია, როცა ერთი მხრივ,  აცხადებთ, რომ „ჩვენ და საერთაშორისო თანამეგობრობა ვაფასებთ საქართველოს ღია მედიაგარემოს, რომელიც რეგიონში სამაგალითოა"  და იქვე საეჭვოს ხდით თქვენსავე ნათქვამს: „იმდენად, წუხილს იწვევს მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც მედიის თავისუფლებას საფრთხის ქვეშ დაყენების ან მედიაპლურალიზმით დარღვევის შთაბეჭდილებას ტოვებს."


ყველამ თავის შთაბეჭდილებას მოვუაროთ! თქვენი შთაბეჭდილების ქვეტექსტი კი, თუ სწორად გავიგეთ, სასამართლოზე პირდაპირი ზემოქმედების შთაბეჭდილებას ტოვებს. ხომ შესანიშნავად იცით, რომ სარჩელი, რომელიც სასამართლოშია შეტანილი, „რუსთავი 2"-ის ყოფილ და ახლანდელ მესაკუთრეთა დავას შეეხება და არაფერი აქვს საერთო საქართველოს იმ „ღია მედიაგარემოსთან", პრესისა და სიტყვის იმ თავისუფლებასთან, რომელიც თქვენ (აშშ-ს) და, მაშასადამე, „საერთაშორისო თანამეგობრობას" (აბა, ისე როგორ!) რეგიონში სამაგალითოდ  მიგაჩნიათ.

 

იცით!

 

და მაინც აცხადებთ, რომ ყურადღებით აკვირდებით სასამართლო პროცესს!

 

რატომ?

 

თურმე იმიტომ, რომ მედიასაშუალებების მონაწილეობით წარმართული ნებისმიერი სასამართლო პროცესი სამართლებრივი პროცედურების უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად უნდა წარიმართოს".

 

სხვა შემთხვევაში არა?! ეს ერთი. მეორე. თუ ის ციტატა, რომელიც ეს- ესაა წავიკითხეთ, ინგლისურიდან უვარგისი თარგმანი არ არის, მაშინ ბატონო დიპლომატო, სერიოზული შეცდომა მოგსვლიათ, როცა აპელირებთ „მედიასაშუალების მონაწილეობით წარმართულ ნებისმიერ სასამართლო პროცესზე." როდიდანაა, რომ სასამართლო პროცესში სასამართლოს შემადგენლობის გარდა სხვა რომელიმე საზოგადოებრივი გაერთიანება მონაწილეობს, თუნდაც, „მეოთხე ხელისუფლების" სახით?

 

ან, ეგებ, ეს არის ფროიდისტული წამოცდენა, რომელიც თქვენს მიერ მხარდაჭერილი ჩვენს ყოფილ ხელისუფლებას ახასიათებდა? ანუ რომელიც მოქმედ სასამართლო სისტემას აიძულებდა პროკურატურის ყურმოჭრილი სანოტარო  კანტორის როლი შეესრულებინა?!

 

რაა, იცით გასაკვირი?

 

გასაკვირია და გაუგებარი, როცა საქართველოში საქმე ისე გვაქვს დაყენებული, რომ აშშ-ის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელიც კი თავს უფლებას აძლევს, ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში, თანაც ისეთი „სხვა რაკურსით", რომელსაც დემოკრატიასთან და სუვერენიტეტთან არანაირი კავშირი არ აქვს.


მისტერ ნიკოლას ბერლინერის კომენტარს „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით პრესის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

შემდეგ გაიკვირვებენ: რატომ ძლიერდებაო საქართველოში ანტიამერიკული განწყობილება.



გასაკვირი ის არის, რომ არცერთ ელჩს (არცერთს!) არასოდეს არ განუცხადებია პრესისთვის, რომ ის პრობლემა, რომელზეც მეკითხებით, საქართველოს საშინაო საქმეა და კომენტირება ჩემს კომპეტენციას აღემატებაო.


ყოველთვის პირიქით იყო.

 

ყოველთვის ნაცების სასარგებლოდ.

 

აშშ-ის საელჩოს ყველაზე მკვეთრი განცხადება, რომელიც ჩვენს საზოგადოებას დაახსომდა, სააკაშვილის ზონდერების მიერ მიტინგების უმოწყალოდ  (მსხვერპლითაც კი) დარბევების გამო -„ძალის გადაჭარბებით გამოყენება" იყო.


ჰოდა, უკვირთ, როცა ელჩებს როგორც წესი საქართველოს გუბერნატორებად  მოიხსენიებენ. დროებითი შემსრულებლის კომენტარმა,  როგორც ჩანს, აავსო მოთმინების ფიალა.

 

ქართველმა ინტელიგენციამ ხმა ამოიღო. პოლიტელიტა დუმს.

 

„როცა პოეტებს არ უსმენენ, მაშასადამე, დიქატატორებს უგდებენ ყურსო" - თქვა პოეტმა დავით მაღრაძემ ამასთან დაკავშირებით.


დიქტატორები და დემოკრატია ურთიერთშეუთავსებელი სიდიდეებია. ხოლო დიქტატორის ისეთი კარიკატურა, როგორიც მიხეილ სააკაშვილი იყო, მით უფრო! მისი ნაბოდვარი, რომლისაც აქამდე სჯერათ საქართველოს აშშ-ის საელჩოში დემოკრატიის ისეთი გამონაშუქია, როგორც ცალკე აღებული მაშხალა, ჯოჯოხეთს რომ აკლდა და შეამატეს.


ხალხმა „რუსთავი 2"-ს „ცრუსთავი 2" შეარქვა, ანუ „სიცრუის მანქანა" (იხ. „საქართველოს რესპუბლიკა" N 33 და სხვა.).

 

„ცრუსთავი 2"-ის ცრუდემოკრატიას იცავს აშშ-ის ელჩის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი საქართველოში?



 




 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016