20 აგვისტოს, ყვარელში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის შემდეგ აღწერილია 550-მდე ოჯახი, რომელსაც სეტყვამ ინფრასტრუქტურული ზიანი მიაყენა. ამ მიმართულებით, თანხის საერთო მოცულობამ 891 ათასი ლარი შეადგინა.
სტიქიამ ძირითადად საფერავის ჯიშის 1300 ჰექტარი, ხოლო რქაწითელის ჯიშის 1000 ჰექტარი ყურძენი გაანადგურა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სპეციალურ ღონისძიებებს გაატარებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია სეტყვის შედეგად დაზიანებული ვენახებისა და მრავალწლოვანი ნარგავების გადარჩენა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 25 აგვისტოდან მოსახლეობას, ვისაც მფლობელობაში 5 ჰა-მდე ფართობის ვენახი/მრავალწლოვანი ნარგაობა აქვს, რაიონებში არსებულ აგრომაღაზიებში 1 ჰა ფართობზე 65 ლარის ღირებულების პრეპარატების მიღება შეეძლებათ.
მაღაზიების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 247 01 01. დაზარალებულ მოსახლეობაზე სპილენძის შემცველი პრეპარატების გაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ შედგენილი სპეციალური სიებით მოხდება.
მოსახლეობის ხელშეწყობისა და ზარალის რისკების შემცირების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სექტემბრის თვიდან აგროდაზღვევის პროექტში ცვლილებებს განახორციელებს. გაიზრდება სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსება და ნაცვლად 60%-ისა, სახელმწიფო სადაზღვევო პრემიის 70% დააფინანსებს.