reportiori.ge - სოსო პავლიაშვილი: მე საქართველო არ შემირცხვენია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:29
ინტერვიუ
სოსო პავლიაშვილი: მე საქართველო არ შემირცხვენია!
ავტორი:
25 აგვისტო, 2015. 10:22


რუსეთ-საქართველოს გამწვავებულ ურთიერთობაზე თავისი დამოკიდებულება რუსეთში მოღვაწე ცნობილმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა გაგვიზიარა:


- თქვენი გაზეთისთვის დავუშვი გამონაკლისი, თორემ საუბარი აღარ მსურს, რადგან დიდი ხანია, მივეჩვიე გამონათქვამებს, ჭკუას ნუ გვასწავლიო! ის ხალხი, ვინც ამას ამბობდა, მიდის და მოდის, პრობლემა კი რჩება... საქართველოში ქართველებს ერთმანეთის ესმოდათ, უხაროდათ ერთმანეთის სიკეთე საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებსაც. სამწუხაროდ, ბოლო ათი წლის განმავლობაში ისე მოხდა, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველი საქართველოს მტერი და მოღალატეა. არადა, დღემდე ყველაფერს ვაკეთებ, რომ ქართველმა გლეხმა ღვინო რუსეთში შეიტანოს. ყველაზე დიდი არენა ქართველი გლეხისთვის რუსეთის ბაზარია.


- რუსეთი ისევ ემბარგოთი გვემუქრება...


- ეტყობა, პოლიტიკური ვითარება ისევ შეიცვალა. როცა ჩემზე ხარ დამოკიდებული და ამასთან, ხელს მიშლი, ჩემგანაც იმავეს უნდა ელოდე, რადგან ხელს მიშლი დიდ პოლიტიკაში!

რუსეთს თავისი ინტერესები აქვს... საქართველო გამოიყენა სხვა დიდმა ქვეყანამ, რომელიც ჩვენი მეგობარი გვეგონა... ჩვენ, ქართველები, მეგობრები უნდა ვიყოთ და ერთმანეთზე ვიფიქროთ! ამის სანაცვლოდ, ერთმანეთის დედის გინებისა და წყევლა-კრულვის მეტს არაფერს ვაკეთებთ. ერთი ხელისუფლება მოიყვანეს და გააგდეს, მეორე მოიყვანეს, ისიც გააგდეს, ასეა სულ... ჯერ ხელში აყვანილი მოგვყავს, მერე ან იარაღით ვაგდებთ, ან ცოცხით ვგვით. ქვეყანა არ არის ერთიანი...


ერთი რამ ნამდვილად ვიცი: რუსეთი არასოდეს მოგვცემს უფლებას, მის საზღვართან სხვისი­ რაკეტები განთავსდეს. რაც ხდება, ეს ხომ საქართველოს თამაში არ არის? რუსეთ-ამერიკის თამაშია!


ამერიკას უნდა სამყაროს მმართველი გახდეს. შეცდომებს ყველა უშვებს და ამას კარგად ვხედავ. მე რუსეთის ადვოკატი არა ვარ, უბრალოდ, იმას ვამბობ, რაც კარგად ვიცი. სადაც ამერიკა თავისი "დემოკრატიით" შევიდა, იქ მილიონობით ადამიანი გაიჟლიტა... თავად რუსეთიც 1991 წლიდან ამერიკიდან იმართებოდა. ამერიკა ნიშნავდა რუსეთში მინისტრებს, სად რომელი გუბერნატორი უნდა ყოფილიყო...


ამერიკამ გააგიჟა ულამაზესი და აყვავებული ქვეყანა უკრაინა და რა მერე? ხომ ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა. ამერიკას სურს სამყაროს მმართველობა და დღეს ვინც ხელს უშლის, ეს რუსეთია...


მე პირადად არ მინდა, საქართველოში გეიპარადები იმართებოდეს... "ნაციონალებმა" კარგად დაიწყეს, მაგრამ ძალიან ცუდად დაამთავრეს. სძულდათ ხალხი, დემოკრატია არისო და სინამდვილეში ტირანია იყო. ქართველებს რომ ვხვდებოდი საზღვარგარეთ, საუბრისას ტელეფონებს შლიდნენ, იმდენად იყო ხალხი დაშინებული... ახლა ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა. მე რუსეთს კი არ ვიცავ, იმას ვამბობ, რომ საქართველოს ისტორიულად აქვს იმდენი ინტელექტი, რომ თავ­ისი საქმე უფრო კარგად წაიყვანოს. ამისთვის ქართველების გაერთიანებაა საჭირო. ჩვენდა საუბედუროდ, 90-იანმა წლებმა ძალიან ცუდი კვალი დატოვა. სკოლები და ინსტიტუტები მოიშალა და ამან თაობების აღზრდაზე იმოქმედა.


საბედნიეროდ, ახლა აშკარად ჩანს, რომ უკეთესი თაობა მოდის. სულ ვამბობ, რომ წინა ხელისუფლებამ მოიტანა ქვეყანაში შუქი, გაზი... თუმცა, როგორც ვიცი, საქართველოს ენერგეტიკა რუსეთს მიჰყიდეს და რა დამოუკიდებლობაზე იყო საუბარი? როგორც ვიცი, ქვეყნის მიწები მუსლიმანებზეა გაყიდული... დღეს რომ უამრავი თურქია აჭარაში, ამას საშინელი შედეგი მოჰყვება. მუსლიმანებს თავიანთი გეგმები აქვთ... შეხედეთ, რა ხდება აღმოსავლეთში. დააფინანსეს ოპოზიცია და მიუშვეს ასადის წინააღმდეგ. ამას


ვეღარ აჩერებენ, ჯინს რომ ამოუშვებ ბოთლიდან, ზუსტად ისეა, ყველას დაერივნენ. მხოლოდ ქრისტიანებს კი არ სჭრიან თავს, ისეთი მუსლიმანი თუ არ არის, როგორიც მათ სურთ, ძირში კვეთენ თავს. და ეს ხდება  XXI საუკუნეში!..


- როგორია რუსეთში თქვენი ცხოვრება, თქვენი მეუღლისა და შვილების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ?


- შარშან ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო დარბაზში სოლო კონცერტი გავმართე, გადაჭედილი იყო იქაურობა, რამდენჯერმე ადგა ხალხი ფეხზე. თუ რომელიმე ქართულ ტელევიზიას სურვილი გაუჩნდება, დიდი სიამოვნებით ვაჩუქებ კონცერტის ჩანაწერს. თუმცა, რუსეთში თუ რამეს აკეთებ, გსაყვედურობენ, მოღალატე ხარო. მათ ვეტყოდი, რომ ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის. ღმერთმა ყველა ჩემზე ბედნიერად ამყოფოს, ჩემი რომ აღარ შეშურდეთ... ჩემს კონცერტზე მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა სიმღერაზე "სამშობლო". ახლახან მქონდა კონცერტი იალტაში და იქაც ამ სიმღერაზე დარბაზი ფეხზე დადგა. სადაც "სამშობლოს" ვასრულებ, ყველგან ასეა, ყველგან ისმის "ნასტაიაშჩი გრუზინ"... ჩემი მეუღლე და შვილებიც ამაყობენ საქართველოთი. ბავშვებს რომ შეხედავ, აშკარად ქართველები არიან და რომც მოიტყუონ, არა ვართო, არავინ დაუჯერებს. საქართველოა მთავარი ჩვენთვის და არ გვინდა, გაითელოს. ამის ძალიან მეშინია.


- რას გულისხმობთ?


- ამერიკის რაკეტები რომ განთავსდეს, ღმერთმა დაგვიფაროს და, პატარა ომი მოხდეს, პირველი ბომბი სად ჩავარდება? ამაზე ვიფიქროთ! "ლილიპუტინსა" და "სლავა უკრაინას" კი ნუ გავიძახით, "საქართველოს გაუმარჯოს" ვიყვიროთ. არავის არაფერს ვასწავლი, ყველა ქართველი ჩემზე ჭკვიანია, მაგრამ როცა ადამიანს არაფრის მოსმენა არ სურს, პირჯვარს გადავიწერ და ვიტყვი, ღმერთო, კარგად ამყოფე-მეთქი... პოლიტიკოსებს მეტი წინდახედულობა მართებთ. არ შეიძლება ის ტოტი მოჭრა, რომელზეც ზიხარ. გლეხებს ჰკითხონ, რა დღეშიც ჩაცვივდნენ, როცა პირველად ემბარგო დაწესდა და მერე რომ გაიხსნა, როგორ ამოისუნთქეს... ის ჯობდა, ვენახი რომ აჩეხეს და საზამთრო დათესეს? ცხოვრებაში არ მითქვამს და არ ვიტყვი, რუსეთის ჩექმის ქვეშ ვიყოთ-მეთქი. 25 წელზე მეტია აქა ვარ და არავის ქვეშ არ შევმძვრალვარ. უბრალოდ, ერთი რომ მეორის წინააღმდეგ გიყენებს, შენ აუცილებლად წაგებული დარჩები, რადგან პატარა ხარ და უღონო. რა ხდება უკრაინაში? ამდენი ხალხი დაიღუპა და ვინ არის მართალი? არც არავინ!


ყველაზე მეტად მსურს დევნილების დაბრუნება აფხაზეთში. სულ ამას ვყვირი და ვიდრე შემეძლება, ყველგან ვიტყვი. თუმცა საქართველოდან მითვლიან, შენი საქმე არ არის, ნუ ერევი და ჭკუას ნუ გვარიგებო. მე არავის საქმეში არ ვერევი და არც არავის ჩავრევ ჩემს საქმეში! ეს ჩემი მოვალეობაა და როგორც გადავწყვეტ, ისე გავაკეთებ. მე საქართველო არ შემირცხვენია და არც არასდროს შევარცხვენ.


მე ის ვიცი, რომ რუსეთს ომით ვერ აჯობებ და არც უნდა სცადო ასეთი სისულელე! მე საქართველოს პატარა ნაწილაკი ვარ და ვემსახურები ჩემს ქვეყანას. საქართველოდან არაფერი წამიღია ჩემი სახელის, გვარისა და განათლების გარდა. ეს სახელი ათმაგად და ასმაგად დავუბრუნე ჩემს ქვეყანას და კიდევ ბევრს მოვუტან! დიდხანს ვაპირებ ცხოვრებას, რომ რაც შეიძლება მეტად გამოვადგე ჩემს სამშობლოს!


ყველამ ვილოცოთ, რომ ჩვე­ნმა პატრიარქმა დიდხანს იცოცხლოს! მე ყოველდღე ეკლესიაში დავდივარ და ამ ადამიანზე ვლოცულობ. თუ უწმინდესს მოვუსმენთ, ყველაფერი კარგად იქნება! პატრიარქი გვევედრება, არ გადავგვარდეთ, ერთმანეთი გვიყვარდესო... ქართველები უნიკალური ერი ვართ სიკეთეშიც და სიძულვილშიც...


ვისაც აზრს შევეკითხები, ეს საქართველოს პატრიარქია, ჩემი მშობლები და ჩემი ერთი ძმაკაცი. მათ სჯერათ ჩემი, ამით ბედნიერი და ძლიერი ვარ! ვერაფერი გამაჩერებს საქართველოსთვის, საქართველოსთვის და კიდევ ერთხელ საქართველოსთვის!




წყარო: kvirispalitra.ge, მანანა გაბრიჭიძე



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016