წიგნის მაღაზია „დიოგენე" დახურულია. „დიოგენეს" facebook-გვერდმა 22 ივლისს გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ ფინანსური პრობლემებიც გამო იხურებოდნენ და მუშაობას მხოლოდ 10 აგვისტომდე გააგრძელებდნენ:
„მეგობრებო, 4 წლისა და 2 თვის მუშაობის შემდეგ წიგნის მაღაზია „დიოგენე" იხურება. ამის მიზეზი ფინანსური პრობლემებია. მაღაზიის ბოლო სამუშაო დღე 10 აგვისტო იქნება, მანამდე კი, ჩვეულებრივ, გელით ყოველდღე კვირის გარდა, 11-დან 20 საათამდე.
როგორც იცით, ჩვენს მაღაზიაში მოქმედებდა დაგროვების ბარათი. დღეიდან ბარათებზე ქულებს ვეღარ დაგირიცხავთ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დახარჯოთ დაგროვილი თანხა 10 აგვისტოს ჩათვლით.
წიგნის მაღაზია „დიოგენე" ჩვენი ქალაქის კულტურული ცხოვრების ნაწილი იყო. ვამაყობთ, რომ საინტერესო სიახლეები შემოვიტანეთ და სხვას მაგალითი მივეცით. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვიერთგულა, ყოველთვის გვეხსომება თქვენთან ერთად გატარებული არაჩვეულებრივი საღამოები", - აღნიშნული იყო განცხადებაში.
„რეპორტიორი" დაინტერესდა, კონკრეტულად რა მიზეზით დაიხურა მაღაზია და იგეგმება თუ არა სამომავლოდ რაიმე აქტივობა. როგოც პრეს-სამსახურმა „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური პროცესების გამო, ამ ეტაპზე მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლეს.
„ფინანსურმა, პოლიტიკურმა პრობლემამ, რომელიც დღეს ქვეყანაშია, ძალიან მძიმედ იმოქმედა ჩვენს მაღაზიაზე. არ ვიცით რა იქნება მომავალში. ჯერ-ჯერობით არანაირი სიახლე არ გვაქვს ამ მხრივ... ", - განუცხადეს „რეპორტიორს" პრეს-სამსახურში.