reportiori.ge - საითკენ მიდის ქართულ საბანკო სექტორი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:16
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
საითკენ მიდის ქართულ საბანკო სექტორი
ავტორი:
26 აგვისტო, 2015. 10:03


ქართული ლარის დევალვაციის ფონზე ბუნებრივად ჩნდება კითხვა - რამდენად მდგარადია ქართული საბანკო სისტემა, ხომ არ დაემართებათ მათ რაიმე, ხომ არ დაკარგავენ ადამიანები თავიანთ დანაზოგებს, რომლებიც განთავსებული აქვთ ბანკებში? ეროვნული ბანკის მონაცემების გაცნობის შემდეგ ეს კითხვა კიდევ უფრო  მეტ აქტუალობას იჩენს. სურათი არც თუ ისე დამაიმედებელია და თუ ხელისუფლება დროულად არ მიიღებს გადამწყვეტ ზომებს, საქართველო მართლაც შეიძლება დადგეს სერიოზული ფინანსური და საბანკო კრიზისის წინაშე.


პრეისტორია

 

 

ქართულ საბანკო სისტემას სერიოზული პრობლემები შეექმნა 2008 წლისთვის, რაც რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული. მათ შორის, უმთავრესი გახლდათ იმდროინდელი ხელისუფლების პოლიტიკა, რომ ფინანსურად ჰყოლოდათ კონტროლის ქვეშ რაც შეიძლება მეტი ადამიანი. ამ მიზნის მისაღწევად იმდროინდელი ხელისუფლება „წარმატებით" იყენებდა მსხვილ საბანკო დაწესებულებებს, რომლებსაც მიეცათ სრული კარტ-ბლანში, რომ  განეხორციელებინათ ე.წ. „ხელმისაწვდომი კრედიტის" პოლიტიკა და მაქსიმალური რაოდენობით გაეცათ როგორც სამომხმარებლო, ასევე იპოთეკით დატვირთული სესხები. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არასოდეს უცხოვრია საბაზრო ეკონომიკის პირობებში და შესაბამისად, არ ჰქონდათ ამ საქმიანობის გამოცდილება; მათ, ასევე არავინ აუხსნა კრედიტის აღბით გამოწვეული რისკები. შედეგად მივიღეთ ათასობით ადამიანი, რომელსაც გააჩნია დავალიანება საბანკო სექტორისადმი. ეს არ იქნებოდა პრობლემა, ამ ადამიანებს რომ ჰქონდეთ ამ დავალიანების დაფარვის შესაძლებლობა; მაგრამ სამწუხაროდ, ამ ადამიანთა უდიდეს ნაწილს არ გააჩნია შესაბამისი ქონება, რომ ეს ვალი დაფაროს.


ამ ე.წ. „ხელმისაწვდომი კრედიტის" პოლიტიკის შედეგად შეკრულია მოჯადოებული წრე: ერთის მხრივ, ბანკებმა მოკლევადიან პერიოდში მიიღეს მაქსიმალური სარგებელი ამ სესხების გაცემით - მათი ქაღალდზე არსებული ფინანსური ანგარიშები მიმზიდველი გახდა სხვადასხვა ინვესტორებისთვის, მათ შორის, პოტენციური აქციონერებისთვის, უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის. მეორეს მხრივ, ამ პოლიტიკის განხორციელებით, გრძელვადიან პერსპექტივაში კომერციულმა ბანკებმა თავად შეუქმნეს საკუთარ თავს პრობლემა - შეიქმნა პირამიდა, როდესაც ბანკები ახლად მოზიდულ სახსრებს იყენებენ არა იმდენად მომგებიან პროექტებში დასაბანდებლად, რამდენადაც, თავიანთი ძველი ვალდებულებების დასაფარავად.


როგორც უკვე აღვნიშნე, ამ მიზეზების გამო 2008 წლისთვის ქართული საბანკო სისტემა სერიოზული კრიზისის წინაშე იმყოფებოდა. ერთადერთი მიზეზი, რატომაც გადარჩა მაშინ ქართული საბანკო სისტემა, გახლავთ საქართველოსა და რუსეთს შორის ომი ცხინვალის რეგიონში. სწორედ, რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ მიიღო საერთაშორისო თანამეგობრობამ გადაწყვეტილება ფინანსურად დახმარებოდნენ საქართველოს. მათ 4 მილიარდი აშშ დოლარი გამოყვეს ამ მიზნით, საიდანაც საქართველოს იმჟამინდელი მთავრობის დაჟინებული მოთხოვნით 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი წარიმართა ქართული საბანკო სექტორის კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დაკარგვით, ყველაზე მეტი „სარგებელი" ქართულმა საბანკო სექტორმა მიიღო.  


საბანკო სექტორისადმი ასეთი „გულუხვი" დახმარებით მაშინდელმა ხელისუფლებამ უფრო მეტად განამტკიცა კონტროლი მათზე. გონიერი ადამიანები ამ სიტუაციას გამოიყენებდნენ და საბანკო სექტორში ჩაატარებდნენ რესტრუქტურიზაციას,  გააჯანსაღებდნენ მათ ფინანსურ მდგომარეობას და ხელს შეუწყობდნენ სტაბილური და მდგრადი საბანკო სისტემის ჩამოყალიბებას.  სამწუხაროდ, ეს არ მოხდა - ხელისუფლების 1 მილიარდ დოლარიანი დახმარების შედეგად კოლაფს გადარჩენილმა საბანკო სისტემამ ნებსით თუ იმდროინდელი ხელისფულების მოთხოვნით გააგრძელა „ხელმისაწვდომი კრედიტის" პოლიტიკა. საბანკო სექტორში ნამდვილად არიან გონიერი და კომპეტენტური პირები, მაგრამ როგორც ჩანს, მათ არ ჰქონდათ იმის შესაძლებლობა რომ რაიმე შეეცვალათ. 


სამწუხაროდ, ამ სფეროში ბევრი არაფერი შეცვლილა ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც; ერთის მხრივ, თავად ხელისუფლების პასიურობის გამო და, მეორე მხრივ, საბანკო სექტორი იმდენად ღრმად არის შესული ამ სპირალში, რომ დამოუკიდებლად იქედან გამოსვლა არ შეუძლია.


მდგომარეობა დამძიმდა გასული წლის შემოდგომის შემდეგ - იმისათვის, რომ საბანკო სექტორს შეუფერხებლად გაეგრძელებინა ფუნქციონირება, მათ აუცილებლად სჭირდებოდათ დამატებითი ფინანსური რესურსი. ცხადია, საერთაშორისო ორგანიზაციები საბანკო სექტორს ფინანსურად არ დაეხმარებიან, რადგან ეს არ არის მათი მანდატი. ის, რაც მოხდა 2008 წელს, ეს გახლავთ გამონაკლისი, რაც უკავშირდებოდა რუსეთ-საქართველოს ომს; რომ არა, იმდროინდელი ხელისუფლების დაჟინებული მოთხოვნა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, საბანკო სექტორი ამ დახმარებიდან ვერაფერს მიიღებდა. ასევე, საბანკო სექტორს პრაქტიკულად მაქსიმალური რესურსი აქვთ მოზიდული სხვა უცხოელი ინვესტორებისა და კრედიტორებისგან; აქედან გამომდინარე, არც ისინი დააბანდებენ ახალ თანხებს იმ მოცულობით, რომ შესაძლებელი გახდეს საბანკო სექტორის შეუფერხებელი ფუნქციონირება. ასევე, არც მთავრობას გააჩნია ფინანსური რესურსი, რომლითაც შეძლებდა საბანკო სექტორის დახმარებას. რჩებოდა ერთადერთი ორგანო, რომელსაც აქვს ეს რესურსი - ეს გახლავთ ეროვნული ბანკი.


ერთადერთი ფორმა, რითაც ეროვნულ ბანკს შეეძლო კომერციული ბანკებისთვის დროებით მიეცა ფინანსური რესურსი გახლავთ რეფინანსირების სესხები და საკრედიტო აუქციონები. რეფინანსირების სესხები ადრეც გამოიყენებოდა, თუმცა მცირე მასშტაბით.


მოკლედ განვიხილოთ რა არის რეფინანსირების სესხები და საკრედიტო აუქციონები და ვნახოთ რასთან გვაქვს საქმე.



მოკლედ რეფინანსირების სესხებისა და საკრედიტო აუქციონების შესახებ

 

ზოგადად, რეფინანსირება გახლავთ ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც ცენტრალური ბანკი გასცემს სესხებს კომერციულ ბანკებზე, რომლებიც აკრედიტებენ ეკონომიკას. ბუნებრივია, რეფინანსირების გამოყენებით მიმოქცევაში იზრდება ფულის მასა, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე. თუ, ცენტრალური ბანკი ამ ინსტრუმენტს გონივრულად გამოიყენებს, იგი ეკონომიკის სტიმულირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება გახდეს. სწორედ, ეკონომიკის სტიმულირების ნეოკეინსიანისტური მეთოდები გამოიყენა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ, რომელთა მეშვეობით საკმაოდ მოკლე დროში დაძლია აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ეკონომიკური კრიზისი.


მაგრამ, ის რაც ხდება საქართველოში შორს არის ამ დადებითი მაგალითისგან. საქართველოში რეფინანსირების სესხები კომერციული ბანკების მიერ ძირითადად გამოიყენებოდა სამომხმარებლო კრედიტის გასაცემად, რაც ნაკლებად არის კავშირში ეკონომიკის სტიმულირებასთან. ადამიანები ამ ფინანსური რესურსით ძირითადად იძენდნენ იმპორტულ პროდუქციას (სამომხმარებლო ნივთები, ავტომანქანა და ა.შ.). საბოლოოდ, ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე გაცემული ამ ფინანსური რესურსის დიდი ნაწილი კონვერტირდებოდა უცხოურ ვალუტაზე და გაედინებოდა ქვეყნიდან. ეს კი, საბოლოოდ უარყოფითად მოქმედებდა ლარის გაცვლით კურსზე. ანუ, პრაქტიკულად, რეფინანსირების სესხების მეშვეობით ეროვნული ბანკი სტიმულირებას უკეთებდა იმპორტს და აქედან გამომდინარე, სტიმულირებას უკეთებდა უცხო ქვეყნების ეკონომიკას, რაც საბოლოო ჯამში, აფერხებდა ადგილობრივი წარმოების განვითარებას.    


საინტერესოა ვნახოთ როგორი იყო რეფინანსირების სესხების დინამიკა ბოლო წლების განმავლობაში. 2012 წლის პირველ კვარტალში მისი მოცულობა 14 მილიონ ლარს არ აღემატებოდა; თუმცა, მომდევნო პერიოდში მისი მოცულობა თავბრუდამხვევი ტემპით იზრდებოდა და 2014 წლის დასაწყისისთვის მან 300 მილიონ ლარს მიაღწია, ანუ, 20-ჯერ და მეტად გაიზარდა. დღევანდელი მდგომარეობით აუქციონით გაცემული რეფინანსირების სესხების მოცულობა კიდევ უფრო გაზრდილია და 700 მილიონ ლარს მიაღწია. ამას ასევე, უნდა დავუმატოთ მუდმივმოქმედი რეფინანსირების სესხები, რომელთა მოცულობა 320 მილიონ ლარს შეადგენს. ანუ, ჯამში დღევანდელი მონაცემებით ეროვნულ ბანკს საბანკო სექტორზე გაცემული აქვს 1 მილიარდ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი სესხად.


საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის ეს საკმაოდ დიდი თანხაა. იგი მართლაც გონივრულად და ქართული ეკონომიკის სტიმულირებისთვის რომ გამოყენებულიყო, შედეგი ნამდვილად იქნებოდა. ამ დროს კი, რა ხდება? მცირდება ეკონომიკური ზრდის ტემპი და ხელისუფლება იძულებული გახდა მიმდინარე წლისთვის დაგეგმილი ეკონომიკის ზრდის 5%-იანი ტემპი შეემცირებინა 2%-მდე. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის არასწორმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკამ, კომერციულო ბანკების მიერ დღევანდელ მაქსიმალურ მოგებაზე ორიენტირებულმა ქმედებებმა, სუსტმა საბანკო ზედამხედველობამ,  სხვა ფაქტორებთან ერთად უარყოფითი გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე.


ახლა ვნახოთ რისთვის გამოიყენება რეფინანსირების სესხები. როგორც ეროვნული ბანკის მონაცემები, ასევე, საბანკო სფეროს წარმომადგენლები ადასტურებენ უკვე რამდენიმე თვეა რეფინანსირების სესხების ძირითად ნაწილი გამოიყენება ქართული საბანკო სისტემის ლიკვიდობის უზრუნველსაყოფად. შეგიძლიათ იხილოთ ტელეკომპანია მაესტროს 2015 წლის 26 მარტის გადაცემა ბიზნესკონტაქტი - რეფინანსირების სესხების ლაბირინთებში. კერძოდ, როგორც საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ გვასალია აცხადებს, „ყველას ჰქონია რატომღაც, რომ, თუ გაიცა 700 მილიონი, 800, 900 მილიონი ეს აუცილებლად უნდა გავარდეს და ბაზარზე უნდა მოხვდეს, რომელიც შემდგომში ლარის კურსს დააწვება. ეს ასე არ არის; აი, მაგალითად, იმ წინა შემთხვევაში, როდესაც მოხდა, ეს იყო 900 მილიონიანი, რომელიც 700 მილიონი ეროვნული ბანკიდან არც გამოსულა, ვინაიდან ეს მოხმარდა წინა სესხის დაფარვას ... ის 200 მილიონი იყო ბანკების ლიკვიდობისათვის" (სატელევიზიო სიუჟეტის 4:36-დან 4:59-მდე).


კარგად გავიაზროთ რას ამბობს ბატონი ზ. გვასალია - იგი აღნიშნავს, რომ კომერციულმა ბანკებმა ეროვნული ბანკისგან ადრე მიიღეს 700 მილიონი ლარი, რომელიც გამოიყენეს, მაგრამ ეროვნულ ბანკს უკან ვეღარ დააბრუნეს, რადგან პრობლემები ჰქონდათ ლიკვიდობაში. ამიტომაც, მათ ეროვნულ ბანკს თხოვეს მიეცა მათთვის ახალი სესხი 700 მილიონი ლარის ოდენობით, რომლითაც ეროვნული ბანკის ძველ ვალებს დაფარავდნენ. გარდა ამისა, ამ პერიოდში საბანკო სექტორს კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნათ ლიკვიდობაში და ამ 700 მილიონის გარდა, დამატებით კიდევ 200 მილიონი ლარი მოთხოვეს ეროვნულ ბანკს, რაც  მიიღეს კიდეც.     


 ბატონი ზურაბ გვასალია არ არის ერთადერთი ვინც ამ პრობლემაზე საუბრობს. იგივეს ადასტურებს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილიც; კერძოდ,  „ანუ, პირველ რიგში ეს [რეფინანსირების სესხები] არის მოკლევადიანი ლიკვიდობის მართვის ოპერაცია, შესაბამისად ეს ფული სავალუტო ბაზარზე ვერ მოხვდება". (სატელევიზიო სიუჟეტის 5:34-დან 5:41-მდე). აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ა. მესტვირიშვილი რეფინანსირების სესხებზე საუბრობს, როგორც მოკლევადიანი ლიკვიდობის ოპერაციაზე. დიახ, თეორიულად ნამდვილად ასეც გახლავთ - რეფინანსირების სესხებს კომერციული ბანკები უნდა იყენებდნენ მოკლევადიანი ლიკვიდობის შესავსებად და შემდეგ სესხს უნდა უბრუნებდნენ ეროვნულ ბანკს. მაგრამ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ეს „მოკლევადიანი" სესხი პრაქტიკულად გადაიქცა პერმანენტულ სესხად. უფრო მეტიც, კომერციული ბანკები არა თუ ვერ ახერხებენ ამ სესხების დაბრუნებას, არამედ, დამატებით სესხს თხოვენ ეროვნულ ბანკს უფრო გაზრდილი ლიკვიდობის შესავსებად.    


იგივეს იმეორებს ლიბერტი ბანკი გენერალური დირექტორი გიორგი არველაძეც:  „ეს [რეფინანსირების სესხები] არის ჩვეულებრივად ლიკვიდობის სამართავი ინსტრუმენტი და არანაირად არ მონაწილეობს სავალუტო ბაზარზე. (სატელევიზიო სიუჟეტის 5:02-დან 5:09-მდე)


როგორც ვხედავთ, საბანკო სექტორის სამი მაღალი რანგის წარმომადგენელი: ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, საბანკო ასოციაციიას ხელმძღვანელი და წამყვანი კომერციული ბანკის გენერალური დირექტორი ადასტურებენ, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების სესხები გაიცემა კომერციულ ბანკებში არსებული ლიკვიდობის პრობლემების გამო.


ახლა ვნახოთ, რას ნიშნავს ლიკვიდობა და რა იმალება ამ, ერთი შეხედვით „უწყინარი" ტერმინის უკან.


 

რას ნიშნავს ლიკვიდობა   

 

ციტატის სახით მოვიყვან ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის განმარტებას, თუ რას ნიშნავს ლიკვიდობა.


"Liquidity is a measure of the ability and ease with which assets can be converted to cash. Liquid assets are those that can be converted to cash quickly if needed to meet financial obligations; examples of liquid assets generally include cash, central bank reserves, and government debt. To remain viable, a financial institution must have enough liquid assets to meet its near-term obligations, such as withdrawals by depositors.... Capital acts as a financial cushion to absorb unexpected losses and is the difference between all of a firm's assets and its liabilities. To remain solvent, the value of a firm's assets must exceed its liabilities."


მოკლედ, საბანკო ლიკვიდობა გახლავთ მაჩვენებელი, რომლითაც განისაზღვრება ბანკების უნარი მოახდინონ მათ განკარგულებაში არსებული აქტივების ტრანსფორმირება ნაღდ ფულად. იმისათვის, რომ საფინანსო დაწესებულება იყოს ფინანსურად მდგრადი, მას უნდა გააჩნდეს საკმარისი ლიკვიდური აქტივები (მაგ. ნაღდი ფული), რომ შეძლოს მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება. უფრო მეტიც, იმისათვის, რომ საბანკო დაწესებულებები იყვნენ ფინანსურად მდგრადები და გადახდისუნარიანები, მათი აქტივები უნდა აღემატებოდეს მათ ვალდებულებებს.


იმისათვის, რომ არაეკონომისტებისთვის უფრო გასაგებად ავხსნა, მოვიყვან ოჯახის მაგალითს. ოჯახისთვის ლიკვიდური აქტივები ნიშნავს მათ განკარგულებაში არსებულ ნაღდ ფულს და მათ საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხებს. ეს, ის რესურსია, რომელიც ოჯახს შეუძლია დახარჯოს ნებისმიერ დროს - გადაიხადოს მათი არსებობისთვის აუცილებელი (მაგ. კვების, ცხოვრების) ხარჯები, დაფარონ მათი ვალდებულები (მაგ. კომუნალური ხარჯები, სამომხმარებლო სესხის მომსახურება). ანუ, ოჯახის განკარგულებაში არსებული ნაღდი ფული და ბანკში მათ ანგარიშზე არსებული თანხა განსაზღვრავს ამ ოჯახის ლიკვიდობას. თუ ოჯახს საკმარისი ფინანსური რესურსი გააჩნია, იგი პრობლემის გარეშე ფარავს ოჯახის ყველა ხარჯს და აქედან გამომდინარე, ეს ოჯახი გახლავთ ფინანსურად მდგრადი. მაგრამ თუ, ოჯახის მიმდინარე ვალდებულებები, ანუ, რაც მათ გადასახდელი აქვთ, აღემატება მათ განკარგულებაში არსებულ ფინანსურ რესურებს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ამ ოჯახის ფინანსური მდგრადობა და შესაბამისად, ჩნდება ლიკვიდობის პრობლემა. მოკლედ, მარტივად რომ ვთქვათ, ოჯახისთვის ლიკვიდობის პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც ამ ოჯახს არა აქვს საკმარისი ფული მიმდინარე ხარჯების დასაფარად. ზუსტად ასე გახლავთ ბანკებთან მიმართებაშიც.


როგორ შეიძლება ოჯახმა შეძლოს ლიკვიდობის შევსება, ანუ , მის განკარგულებაში არსებული ფულად რესურსებსა და მის ვალდებულებებს შორის სხვაობის დაფარვა? ამის შესაძლო გზებია: 1. ოჯახის კიდევ ერთი წევრი დასაქმდეს სამსახურში, 2. ოჯახის მომუშავე წევრებს გაეზარდოთ ხელფასი ან გადავიდნენ უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურში, 3. შეამცირონ ხარჯი, ანუ მოიხმარონ უფრო ნაკლები პროდუქტი ან იყიდონ უფრო ნაკლები მომსახურება, 4. გაყიდონ მათ საკუთრებაში არსებული აქტივების ნაწილი, მაგ. ავტომანქანა, 5. აიღონ ახალი სესხი. პირველი ორი გულისხმობს დამატებითი შემოსავლის მიღებას, რაც შესაძლებლობას მისცემს ოჯახს გააგრძელოს ცხოვრება მათთვის ჩვეული წესით. მესამე და მეოთხე გულისხობს, რომ ოჯახმა რეალისტურად უნდა შეაფასოს ფინანსური მდგომარეობა, შეცვალოს ცხოვრების წესი და შეამციროს ხარჯები; ანუ, ჩაატაროს რესტრუქტურიზაცია, რაც საშუალებას მისცემს მათ შეინარჩუნონ ფინანსური მდგრადობა.  


რაც შეეხება ახალი სესხის აღებას, ეს გამართლებული იქნება, თუ ოჯახი დარწმუნებულია, რომ უახლოეს პერიოდში მას გაუჩნდება დამატებითი, სტაბილური შემოსავალი. ამ შემთხვევაში მართლაც შესაძლებელია რომ ოჯახმა აიღოს სესხი და ამ გზით მოაგვაროს დროებითი პრობლემა. მაგრამ, თუ ამ ოჯახს არ ექნება სტაბილური შემოსავალი, რომლითაც შეძლებს ამ ახლად წარმოშობილი დავალიანების დაფარვას, მოგვიანებით მისი ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. ამას კი, შესაძლოა მოყვეს გამოუსწორებელი შედეგი. კერძოდ, ბანკი, ფინანსური დაწესებულება, კერძო პირი, ვისგანაც ეს ოჯახი ისესხებს თანხას, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვს მის დაფარვას. თუ, ოჯახი დროულად ვერ დაფარავს ამ დავალიანებას, კრედიტორს შეუძლია უჩივლოს სასამართლოში, რომელიც დააყადაღებს ამ ოჯახის ქონებას და გაყიდის მას მევალის წინაშე არსებული დავალიანების დასაფარად.


ასე, რომ ფინანსური პრობლემების წინაშე მდგომი ოჯახისთვის ახალი, დამატებით სესხის აღება, ნამდვილად არ არის კარგი იდეა, თუ მას ამ სესხის დაფარვის მყარი გარანტია არა აქვს.   


შევხედოთ, რა ხდება ჩვენს საბანკო სისტემაში. ქართულმა ბანკებმა მათ განკარგულებაში არსებული ფინანსური რესურსები (მათ შორის ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტები; მოზიდული სახსრები, მათ შორის უცხოური ბანკებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან აღებული სესხები და ა.შ.) დააბანდეს სხვადასხვა ბიზნესებში, მათ შორის, ნაკლებად მომგებიან ან მაღალ რისკიან ბიზნესებშიც, შეიძინეს ნაკლებად ლიკვიდური ან სულაც არალიკვიდური აქტივები, რის გამოც მათ შეექმნათ ლიკვიდობის პრობლემა. ზუსტად ასევე „ეფექტიანად" გამოიყენა საბანკო სექტორმა 2008 წელს მიღებული დახმარებაც - იმის ნაცვლად რომ გამოეყენებინათ ეს შანსი, ჩაეტარებინათ რესტრუტურიზაცია და საბანკო სისტემა უფრო მდგრადი გაეხადათ.


მოკლედ, კომერციულ ბანკებს ქაღალდზე, ბუღალტრულად „გააჩნიათ" აქტივები, მაგრამ რეალურად ეს აქტივები არის ნაკლებად ლიკვიდური ან სულაც, არალიკვიდურია, რომელთა გაყიდვას დიდი დრო დასჭირდება, ან, შეიძლება სულაც ვერ გაიყიდოს, ან, გაიყიდოს ბევრად ნაკლებ ფასად, ვიდრე ეს ბუღალტრულად არის გატარებული. აქედან გამომდინარე, ქართულ ბანკებს გაუჩნდათ ლიკვიდობის პრობლემა, ანუ, მათ არ გააჩნიათ საკმარისი ნაღდი ფული, რომ დაფარონ თავიანთი მიმდინარე ვალდებულებები, მათ შორის მოემსახურონ უცხოელი კრედიტორების დავალიანებას. სწორედ ამიტომ კომერციული ბანკები მიადგნენ ეროვნულ ბანკს და ითხოვენ მისგან „რეფინანსირების სესხებს".


ეროვნული ბანკი მათ ეხმარება, მაგრამ ეს დახმარება ნიშნავს მიმოქცევაში ფულის დამატებითი მასის გაშვებას, რაც უარყოფითად მოქმედებს ლარის გაცვლით კურსზე. მოკლედ, ყველაფერს რომ თავისი სახელი დავარქვათ, პრაქტიკულად საქართველოს მოსახლეობა საკუთარი ჯიბიდან იხდის საბანკო სისტემის, კომერციულო ბანკების ტოპ-მენეჯერების მიერ დაშვებული შეცდომების საფასურს. მაგრამ, დამტებით პრობლემა იმაშია, ამ საფასურის გადახდით, საბანკო სისტემა კი არ ჯანსაღდება, არამედ, ხდება მათი პრობლემების მხოლოდ და მხოლოდ გადავადება და ადრე თუ გვიან, ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავე ფორმით დადგება.


მოკლედ საბანკო სექტორის საგარეო ვალების შესახებ

 

საბანკო სისტემის პრობლემას კიდევ უფრო ართულებს ის რომ, პროცესში შემოსულია უცხოური კრედიტორები: მსხვილი უცხოური ბანკები, საინვესტიციო ორგანიზაციები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები. ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით ქართული ბანკებს თავიანთი უცხოელი კრედიტორებისთვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეხადათ 835 მილიონი დოლარი. ცნობისთვის, დაუყოვნებლივ გადასახდელი მოიცავს ვადაგადაცილებულ დავალიანებასა და ყველა ტიპის სადეპოზიტო ვალდებულებას არარეზიდენტების მიმართ, მიუხედავად დეპოზიტების ვადიანობისა.


მთლიანობაში 2015 წლის განმავლობაში ქართულმა ბანკებმა თავიანთ უცხოელ კრედიტორებს უნდა გადაუხადონ დაახლოებით 1.4 მილიარდი ამერიკული დოლარი; მომდევნო, 2016 წლის განმავლობაში - 506.7 მილიონი; ხოლო, 2017 წლისთვის გადასახდელი თანხა ოთხჯერ იზრდება და 2 მილიარდ დოლარს აღწევს. ჯამში ქართულ საბანკო სისტემას უახლოეს წლებში უცხოელი კრედიტორებისთვის გადასახდელი აქვს 4.4 მილიარდი აშშ დოლარი, რაც აღემატება საქართველოს სახელმწიფო ვალს, რომელიც 4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 


რა თქმა უნდა, ბანკთაშორისი კრედიტი, საერთაშორისო ორგანიზაციების და უცხოური ბანკების მიერ საკრედიტო ხაზების გახსნა ჩვეულებრივი საბანკო ოპერაციებია, მაგრამ, ეროვნული ბანკის მონაცემებით ქართული საბანკო სისტემის ვალი უცხოელი კრედიტორების მიმართ 2.7 მილიარდი დოლარია, ხოლო მათ უკან დასაბრუნებელი აქვს 4.4 მილიარდი. ეს კი, 1.4 მილიარდი აშშ დოლარით მეტია ძირითად თანხაზე. როგორც ვხედავთ, ქართული საბანკო სექტორის მიერ უცხოეთიდან აღებული ვალის მომსახურების ხარჯი აღემატება 50%-ს. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, როგორ შეიძლებოდა ქართული საბანკო სექტორს წარმოშობოდა ვალის მომსახურების ასეთი მაღალი ხარჯი?


ამ კითხვაზე სამი შესაძლო პასუხი არსებობს: 1. ქართული ბანკები წარმოუდგენლად მაღალი საპროცენტო განაკვეთით იღებენ სესხებს თავიანთი პარტნიორი უცხოური კომერციული ბანკებიდან და საერთაშორისო ორგანიციებიდან; 2. კორუფცია; 3. ქართული საბანკო სექტორი ვერ ემსახურება ამ ვალებს შეთანხმებული გრაფიკით, ანუ, ვერ იხდის დროულად გადასახდელ თანხას, რის გამოც მათ  უგროვდებათ ვადაგადაცილებული დავალიანებები, რაც მკვეთრად ზრდის საპროცენტო განაკვეთს და შესაბამისად, ვალის მომსახურების ხარჯს.


პირველი შესაძლო პასუხი შორს არის რეალობისგან - ასეთი „საპროცენტო განაკვეთები" არც უცხოურ ბანკებს აქვთ და მით უმეტეს, არა აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. კორუფციის თემას არ შევეხები, რადგან ეს სცდება ჩვენი კვლევის საგანს. ამიტომაც, რჩება მესამე, რომ ქართული ბანკები ვერ ახერხებენ დროულად მოემსახურონ თავიანთ საგარეო ვალდებულებებს.



შეჯამება

 

ქართულმა საბანკო სისტემამ ე.წ. „ხელმისაწვდომი კრედიტის" პოლიტიკის გატარებით, „გაბერეს" თავიანთი საქმიანობა, ისე, როგორც ბუშტი იბერება. ქაღალდზე, ბუღალტრულად მათ „გააჩნიათ" აქტივები, თუმცა, რამდენად ლიკვიდურია ეს აქტივები, ეს სხვა საკითხი გახლავთ. ასევე, „გააჩნიათ" მათ ნაღდი ფულიც, რომელსაც რეფინანსირების სახით ღებულობენ ეროვნული ბანკიდან. ანუ, ქაღალდზე, ფინანსური ანგარიშები მეტ-ნაკლებად ნორმალურად გამოიყურება. მაგრამ დგება დრო, როდესაც საბანკო სექტორმა ამ „გაბერილი" (inflated)  საქმიანობის საფასური უნდა გადაიხადოს. სამწუხაროდ, ამ „საფასურს" იხდის მოსახლეობა ლარის დევალვაციით.   


კომერციულ ბანკებს ორჯერ ჰქონდათ საშუალება მოეხდინათ რესტრუქტურიზაცია და რეალურად გაეუმჯობესებინათ თავიანთი ფინანსური მდგომარეობა. 2008 წელს მათ ეს შანსი არ/ვერ გამოიყენეს. სამწუხაროდ, საბანკო სისტემა არც დღეს იყენებს ეროვნული ბანკის მიერ მიცემულ შანს (რამდენად სწორი და კანონიერია ეროვნული ბანკის ეს ქმედება, სხვა საკითხია). ისინი კვლავ აგრძელებენ არსებული რეჟიმით ცხოვრებას - როგორც ნარკომანია მიჯაჭვული ნარკოტიკებზე, რადგან მის გარეშე არ შეუძლია ცხოვრება, რადგან ეწყება  „ლომკები", ასევეა ქართული საბანკო სისტემაც - რომელიც ამ ნარკომანის მსგავსად, მიჯაჭვულია ეროვნული ბანკის „რეფინანსირების სესხებზე", რადგან მის გარეშე არც მათ შეუძლიათ არსებობა და ფუნქციონირება. ეს პროცესი კარგა ხანია მიმდინარეობს და ფაქტია, რომ ეროვნულ ბანკს და მის ზედამხედველობის სამსახურს არც თუ მცირე წვლილი მიუძღვის ამ პრობლემის შექმნაში.


როგორც ყველა საქმეს, რეფინანსირების სესხების ამ ფორმით არსებობასაც აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული. სიტუაცია ისეთია, რომ იგი მიდის დასასრულისკენ. თუ როგორ დასრულდება იგი, დამოკიდებულია არა მხოლოდ კომერციულ ბანკებსა და ეროვნულ ბანკზე, არამედ ხელისუფლებაზეც. ხელისუფლებამ დროულად უნდა ჩაიხედოს საბანკო სფეროში, გადაწყვეტოს საბანკო ზედამხედველობის საქმე, რომელმაც კომერციულ ბანკებზე უნდა დააწესოს ადექვატური კონტროლი. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია პრობლემების მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ მოგვარება. თუ, ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, პროცესები მიიღებს უმართავ ფორმას, რაც თავად ხელისუფლებას შეუქმნის სერიოზულ პრობლემებს.



ეკონომიკის ექსპერტი

თემურ ბასილია



ბიზნესკონტაქტი (26.03.15) რეფინანსირების სესხების ლაბირინთებში

https://www.youtube.com/watch?v=EJmQtXqvtnY

What is the difference between a bank's liquidity and its capital?, The Federal Reserve System http://www.federalreserve.gov/faqs/cat_21427.htm


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016