კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვარძიის კომპლექსის მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, ადგილზე საერთაშორისო ექსპერტები იმყოფებიან -კედლის მხატვრობის მიმართულებით პროფესორი დევიდ პარკი და კლდის კვლევისა და კონსერვაციის საკითხებში, ვარძიის პროგრამის ხელმძღვანელი კლაუდიო მარგოტინი.
ვარძიაში კლდეში ნაკვეთი კომპექსის გადარჩენის მიზნით, სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. კერძოდ, მიმდინარეობს: კლდის კვლევა, კლდის გამაგრება-კონსერვაცია, ძეგლის არქეოლოგიური შესწავლა, კედლის მხატვრობის დიაგნოსტიკა და ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე და ვარძიის კედლის მხატვრობის კვლევითი პროექტის თანადამფინანსებლები, დიდ ბრიტანეთში ჯექსონის ფონდის ხელმძღვანელები: პიტ ბრაუნი და ამანდა ტეილორი მოინახულებენ.
"ვარძიის გადარჩენის პროგრამის ფარგლებში ვარძიის კლდის ყველაზე დაზიანებული უბნების გამაგრება და კონსერვაცია უკვე დაწყებულია. დასკვნით ეტაპზეა ვარძიის უძველესი კედლის მხატვრობის დიაგნოსტიკური სამუშაოები, რომელიც დასრულების შედეგად, მიმდინარე წლის ბოლოს, სახელმწიფოს ექნება ვარძიის უძველესი მხატვრობის მდგომარეობის ანალიზი, სრული კვლევითი დოკუმენტაცია და კონსერვაციის ზუსტი მეთოდები.
საცხოვრებელ და სამეურნეო დანიშნულების დარბაზებში უძველესი თონის, სათავსოების და ქვევრების ნაშთები იკვეთება, სადაც ერთი ათეული საუკუნის წინ ღვინოს და მარცვლეულ კულტურას ინახავდნენ. ვარძიის ახლადგამოვლენილ უბანზე ასევე აღმოჩენილია მოჭიქული და მოუჭიქავი კერამიკის ჭურჭელი - ფიალა, ქოთანი, სარქველები, რკინის შუბის პირი და გოძალი, რომელსაც არქეოლოგები XIII-XIV საუკუნით ათარიღებენ", - აცხადებენ სააგენტოში.