ჟურნალისტი, გადაცემა „რეაქციის" წამყვანი, ინგა გრიგოლია ტელეკომპანია „იმედის" მიერ გავრცელებულ განცხადებას, პოლიტიკური გადაცემების დახურვის შესახებ სოციალურ ქსელში ეხმიანება და ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
"ძალიან მოკლედ მინდა მოგახსენოთ ჩემი პოზიცია გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით - დავიწყებ იმით, რომ "იმედი" არის კერძო ტელევიზიასა და არხს აქვს სრული უფლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი გადაცემა სჭირდება და რომელი - არა. ამიტომ, როგორც ჩვენში იტყვიან "გაგებით ვეკიდები" მათ გადაწყვეტილებას, რომელიც ვითომ მათ მიიღეს და ვითომ სულაც არ იყო პოლიტიკური. მე მაქვს სრული უფლება ვიფიქრო, რომ ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება და აი, რატომ - არც ერთი კერძო ტელევიზია არ ხურავს გადაცემას, რომელსაც დიდი სარეკლამო შემოსავალი და ძალიან მაღალი ყურებადობა აქვს. მით უფრო, არ ხურავს ორ გადაცემას ერთდროულად, რომელსაც ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს. ეს ტელევიზიის წესია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მე არ ვყოფილიყავი ეკრანზე არჩევნების წინ. ვერ დავიჯერებ, რომ ეს გადაწყვეტილება თავში ტელევიზიის მენეჯმენტს მოუვიდა, რომლებიც ყოველი გადაცემის მერე აღფრთოვანებულები იყვნენ გადაცემის ყურებადობით. მე ვფიქრობ, რომ "იმედმა" შეასრულა პოლიტიკური დავალება და თან შეასრულა ძალიან ცუდი ფორმით - ერთ დღეს დახურა ორი თოქ-შოუ, რომელიც მე მიმყავდა... რომ გითხრათ დიდად მეწყინა-თქო, მოგატყუებთ, რადგან გადაცემების დახურვას შეჩვეული ვარ... ვნერვიულობ იმ გუნდზე და ადამიანებზე, ვინც იმის გამო, რომ ინგა გრიგოლია მოაშორონ ეკრანს, შესაძლოა, უმუშევრები დარჩნენ და ამიტომ მე პირადად ვესაუბრე ტელევიზიის დირექტორს ამ თემაზე, რომ თუ სხვა გადაცემებს გააკეთებენ ძველის ნაცვლად, ეს ჩემი არაჩვეულებრივი თანამშრომლები იქ დატოვონ თავის პროდიუსერებიან-ჟურნალისტებიან, ოპერატორებიანად, რადგან ყველაზე მაგარი პროფესიონალები არიან და ამ ჩემს მეგობართა გუნდსაც გულით ვთხოვე, დარჩნენ და აკეთონ თავისი საქმე. კიდევ ერთი - გასაოცარი ისაა, რომ წინასწარ არც ერთი ფრაზით, არც ერთი შეტყობინებით არავის უთქვამს, რომ გადაცემებს მიხურავდნენ, რამაც გამოიწვია ჩემი გაოგნება. ჩამოვფრინდი ამერიკიდან 28-ში, სადაც დიდი შემართებით ვსაუბრობდი ჩემი გადაცემების უკიდეგანო თავისუფლებაზე და 29-ში ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დამიხურეს გადაცემები. რა თქმა უნდა, ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება... რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს ჩემს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლისგან და რა თქმა უნდა, მე მჯერა, რომ დაავალეს ჩემი დახურვა და "იმედმაც" მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება... ასეთი ამბები ხდებოდა ყველა ხელისუფლების დროს ჩემს თავს და ასე მოხდა დღესაც... ესეც გაივლის, წარმატებებს გისურვებთ ყველას... რამდენი მინახავს მოსული და წასული ხელისუფალი, რომელიც მედია პროექტებს ხურავდა... კიდევ რამდენს ვნახავ.
პ.ს. - ბოლოს ერთი სენტიმენტალური ჩანართი... ამ ამბავმა დამანახა ნამდვილი მეგობრები, ნამდვილი მტრები და შეფარული მტრები, რომლებიც აქამდე მეგობრები მეგონენ. მადლობა ყველას თქვენი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის... გამხნევებისთვის... თქვენმა თანადგომამ ძალიან გამაძლიერა", - წერს ინგა გრიგოლია.